სიახლეები

გიორგი ჭანტურია: ყველაზე რეალური სტიაუაა

გაუზიარე

ბუქარესტის სტიაუას რომ გიორგი ჭანტურია აინტერესებს, ამის შესახებ ერთი თვის წინაც გვეწერა. კლუბის პრეზიდენტმა, ცნობილმა ჯიჯი ბეკალიმ წინასწარი კონტრაქტის გაფორმება სცადა კლუჟის 22 წლის ქართველ გარემარბთან, რომელიც კლუჟში კარგ სეზონს ატარებს. მართალია, ჭანტურია შეუცვლელად არ თამაშობს ხოლმე, მაგრამ რა დროსაც ატარებს მოედანზე, საკმაოდ ეფექტურად გამოიყურება. კარგი პრესაც აქვს რუმინეთში.  

ჭანტურიას რუმინეთში დავუკავშირდით და შესაძლო ტრანსფერზე ვკითხეთ: 

“სტიაუადან ოფიციალური მოწვევა მომივიდა და თანხმობაღა სჭირდება. ჯერ მაინც ვფიქრობ, ეგებ, აჩქარება არ იყოს საჭირო. სხვა გუნდებიდანაც არის დაინტერესება. შესაძლოა ვერონაშიც გადავიდე და კიდევ, ესპანურ ხეტაფეზეცაა საუბარი”. 

ცნობისთვის, სტიაუა ახლა მეორე ადგილზეა რუმინეთის ჩემპიონატში და მოულოდნელ ლიდერ ტირგუ მურეშს ერთი ქულით ჩამორჩება. წინ კიდევ სამი ტურია. რაც შეეხება ხეტაფეს, მადრიდის გარეუბნის კლუბი პრიმერა დივიზიონში მეთხუთმეტე პოზიციაზეა. 

ილია ნანობაშვილი