სიახლეები

გიორგი ჩიტაური: ლოკომოტივი ესპანურ კვადრატებს ჯერ კიდევ 2006 წელს ათამაშებდა

გაუზიარე

ახალგაზრდა მწვრთნელებს შორის ბევრი როდი გვყავს ისეთი, რომლებსაც ა ლიცენზია აქვთ. ერთ-ერთი მათგანი გიორგი ჩიტაურია, რომელიც დაახლოებით ათი წელია, რაც თბილისის ლოკომოტივში მუშაობს. ნიკა ჭანტურია, გიორგი გოროზია, დავით დარციმელია, დავით ჯიქია, მათე ცინცაძე, ლუკა კიკაბიძე, ალეკო მზევაშვილი, გიორგი გაბაძე – ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ლოკომოტივში ბავშვობიდანვე იზრდებოდნენ, მერე კი დიდი როლი შეასრულეს საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების წარმატებაში, როცა ვასილ მაისურაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა. 

ჩიტაური ერთ-ერთი იმ მწვრთნელთაგანია, რომლებიც ამ ფეხბურთელებს ბავშვობიდანვე მოჰყვებოდნენ. ლოკომოტივის მაშინდელი ასაკობრივი გუნდები საბურთალოზე, ველოტრეკის ტერიტორიასთან ვარჯიშობდნენ და თამაშობდნენ. 

“გემახსოვრებათ, მაშინდელ ლოკომოტივთა ბავშვთა გუნდებს ესპანელი იაგო აგილარი კურირებდა. აგილარმა ესპანეთიდან ჩამოიტანა სპეციალური ვარჯიშების სისტემა, რომელიც ბარსელონაში იყო აპრობირებული იოჰან კრუიფის მწვრთნელობის პერიოდში. სწორედ ეს “ტიკი-ტაკა”, რომელიც შემდგომში ასე პოპულარული გახდა, ლოკომოტივში დააფუძნა აგილარმა. ჩვენი ბავშვთა გუნდები მშვენივრად ათამაშებდნენ ესპანურ კვადრატებს. აგილარმა 2006-2009 წლებში იმუშავა ლოკომოტივში, შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და ესპანური ხიმნასტიკის სპორტული დირექტორი იყო. აგილარის დიდი დამსახურება იყო, რომ ჭანტურია, ცინცაძე, დარციმელია და სხვები ასე გამოადგნენ საქართველოს ასაკობრივ ნაკრებებს” - გვითხრა ჩიტაურმა.

სხვათა შორის, პირადად ვარ მომსწრე, რამდენი ადამიანი ესწრებოდა ხოლმე აგილარის ვარჯიშებს. ეს უცხო ხილი იყო ქართულ ფეხბურთში და ბევრს აინტერესებდა, ჩიტაური გვიყვება, რომ 1995 წელს დაბადებულებზე არანაკლებ ნიჭიერი თაობა იყო 1994-იანებისა, რომლებსაც ასევე აგილარი თავკაცობდა, ხოლო მწვრთნელი აწ გარდაცვლილი თემურ თვალჭრელიძე გახლდათ. 

“რატომღაც 1994 წელს დაბადებულებმა ის ფეხბურთი ვერ ითამაშეს, რასაც ველოდით. საერთოდ, იმ პერიოდში ლოკომოტივს ყველა ასაკობრივში რჩეული ბავშვები და ჭაბუკები ჰყავდა. ფაქტობრივად, 1995-იანების ბავშვებს, რომლებიც დღეს ცნობილნი არიან, რვა წლის განმავლობაში ვწვრთნიდით. ერთადერთი, დავით ჯიქია ცოტა გვიან მოვიდა, სამი-ოთხი წელი იყო ჩვენთან. ეს გუნდი ლოკომოტივის პრეზიდენტმა ლექსო თოფურიამ ორჯერ გაუშვა ბარსელონაში, სადაც საერთაშორისო ტურნირები ტარდებოდა. ორივეჯერ ნახევარფინალში წავაგეთ”. 

ჩიტაური ამჟამად ლოკომოტივის 1997-1998 წლებში დაბადებულ გუნდს წვრთნის, ამ ასაკის ლოკომოტივი უმცროსი მიხეილ მესხის თასის გათამაშების (მესამე ლიგა) უპირობო ლიდერია. შარშანაც ჩემპიონი გახდა. 

“ახლა 1999 წელს დაბადებული რამდენიმე ბავშვიც ავიყვანეთ. ჩვენი მიზანი ლოკომოტივის ძირითადი გუნდისთვის ფეხბურთელების მიწოდებაა. შარშან და წლეულს ერთად აღებული, ჩვენგან 9 ფეხბურთელი გადავიდა ძირითად გუნდში, რომელსაც ვასილ მაისურაძე და გიორგი დევდარიანი წვრთნიან. მათ შორის, არაბიძე, კიკნაძე, ღვინაშვილი, ლეჟავა, ართმელიძე... სამი ჭაბუკი ჩიხურაში გადავიდა და აქედან ერთი ძირითად გუნდშია, ორნი კი ჯერ დუბლებში გამოდიან” - გვითხრა ჩიტაურმა, რომელმაც ა ლიცენზია 2009 წელს მიიღო და ემადლიერება ფედერაციის მწვრთნელთა განათლების პროგრამის ხელმძღვანელ გაიოზ დარსაძეს. 

ჩიტაური ლოკომოტივს ერთ ოჯახად ხედავს და ამბობს, რომ მწვრთნელები, მიუხედავად იმისა ძირითად გუნდს წვრთნიან თუ არა, ერთად განიხილავენ სხვადასხვა საკითხებს. გიორგი ლექსო თოფურიას დამსახურებას უსვამს ხაზს: 

“თავადაც იცით, როგორი პირობებია საგურამოში. ორი ბალახის მოედანია და ერთი ხელოვნურსაფარია. უმაღლეს ლიგაში არ აქვთ ასეთი პირობები, როგორიც ჩვენ. ლექსო თოფურია არაფერს იშურებს გუნდისთვის. ჯერ თუნდაც ის რად ღირს, რომ რაც თავი მახსოვს, ლოკომოტივში არასოდეს ყოფილა გადასახადი ბავშვებისთვის. თოფურია ფეხბურთელებთან მეგობრობს კიდეც და აუცილებლად ეხმარება, თუ რომელიმე მათგანს ცხოვრებისეული პრობლემა აქვს. საქმითაც, კარგად ჩანს, შარშან ლოკომოტივმა რამდენი ფეხბურთელი გაყიდა ევროპაში: ლუკა ზარანდია გენკში. კიკაბიძე ბასტიაში, გოროზია სტაბეკში, დარციმელია ნირედიჰაზაში, პლუს, თბილისის დინამოში გადასულები”.     

ილია ნანობაშვილი