სიახლეები

როცა ყოფილებს გააქვთ... [ვიდეო მიმოხილვა]

გაუზიარე

17 მაისი. ქუთაისი. „რამაზ შენგელია“.  1000 მაყურებელი

0:1 კუხიანიძე (60), 0:2 გ. გურული (64)

ტორპედო: შევჩენკო, ადამაძე, მირცხულავა, იოსელიანი, ზ.ჭელიძე, ბაბუნაშვილი, მამასახლისი (ფუხაევი 67), კლიმიაშვილი (კვერნაძე 57; გოგუაძე 89),  კირკიტაძე,  ბ. ტუღუში, ვ. კვარაცხელია

სათადარიგოები:  შეყრილაძე, მახვილაძე, ქებაძე, ადამაშვილი

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

შუქურა: კაკალაძე,  კომახიძე, ჩალაძე, გ. გურული, ხოჭოლავა, მალანია, თუხარელი (ბეზერა 46; კოპალიანი89), კუხიანიძე, პუკანიჩი, ჩელებაძე, პაულო ვიქტორი (ზ. ტუღუში 78)

სათადარიგოები:  სტურუა, ჩაფიძე, ლაღაძე

მწვრთნელი: გელა სანაია

მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი

მეზობლად, მეშვიდე-მერვე ადგილებზე მყოფ მეტოქეებს სატურნირო თვალსაზრისით ამ შეხვედრაში დიდი მოტივაცია არ გააჩნდათ, ეგ იყო,  ტორპედო ზღვისპირელებთან პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის (1:2) სარევანშოდ იყო განწყობილი და… 

თამაშიც სწორედ ამ ნიშნით დაიწყო. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას და, ფაქტობრივად, მთელი პირველი ტაიმი არ მოსცილებიან ზღვისპირელთა ნახევარს. ტორპედოს საგოლე მომენტებიც თავსაყრელად ჰქონდა. პირველად რეალური საფრთხე სტუმართა კარს მე-11 წუთზე შეექნა, როდესაც დათო კირკიტაძემ  გამოზომილი გადაცემა გაუკეთა ხელსაყრელ პოზიციაში მყოფ ვახტანგ კვარაცხელიას, ოღონდ მისი დარტყმული თეიმურაზ კაკალაძემ კუთხურზე მოიგერია. ამის შემდეგ შოთა ბაბუნაშვილმა შეტევაში ირაკლი კლიმიაშვილი ჩართო, რომელმაც მეკარესთან პირისპირ დატოვა კვარაცხელია, მაგრამ ტორპედოელთა ფორვარდმა შანსით ვერ ისარგებლა, ოდნავ ააცილა ძელს. მალევე გივი იოსელიანის მიერ მარჯვენა ფრთიდან ჩაწოდებულს ბაბუნაშვილმა შეაგება თავური, თუმცა ხარიხას გადააცილა. მერე იოსელიანმა თავად დაჰკრა კარისკენ მახვილი კუთხიდან, ბურთი ქობულეთელ მცველს მოხვდა, გადმოვარდნილს ბაბუნაშვილმა დაამატა, თუმცა მიზანს ვერც ამჯერად უწია.

იერიშებით გართული ქუთაისელები 28-ე წუთზე კინაღამ დაისაჯნენ. სტუმრებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და ნუნიესი ალექსეი შევჩენკოსთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მეტად უხეიროდ იმოქმედა და შუაგულ საჯარიმოდან ააცილა ჩარჩოს. შესვენებამდე ქობულეთელებს სხვა რამ ღირებული არ შეუქმნიათ, ტორპედოს კი კიდევ ორჯერ ჰქონდა დაწინაურების შანსი, მაგრამ ფატალურად არ უმართლებდა. ოლეგ მამასახლისის მიერ 25 მეტრიდან შესრულებული საჯარიმოს შემდეგ ბურთი შუქურას კარის ჯვარედინს მოხვდა, მერე კი კლიმიაშვილის მიერ უშუალოდ კუთხურიდან მოჭრილი ხარიხამ აისხლიტა...

მატჩის მეორე ნახევარი პირველისგან რადიკალურად განსხვავებული გამოდგა. სტუმრებმა ტაქტიკა შეცვალეს, დაცვიდან ამოიწიეს და მასპინძლებს გეგმაზომიერად შეუტიეს. თამაშის განახლებიდან  20 წუთი  ზღვისპირელები მეტოქეზე მეტად აქტიურობდნენ და დაუფასდათ კიდეც გარჯა, ოთხწუთიან ინტერვალში ტორპედოს კარში ორი ბურთი გავიდა. ჯერ იყო და გიორგი კუხიანიძემ სწრაფად გაითამაშა კედელი პაულო ვიქტორთან და შევჩენკოსთან პირისპირ გასულმა დაბალ კუთხეში ზუსტად დაარტყა. შემდეგ გიორგი ჩელებაძემ ჩააწოდა კუთხური, ახლო ძელთან მყოფმა ანდრიან პუკანიჩმა თავურით უპასა გიორგი გურულს, რომელმაც ახლოდან გადაგზავნა ბურთი ბადეში. ისე გამოვიდა, რომ ქობულეთელთა  ორივე ბურთი ექსტორპედოელებმა გაიტანეს. 

მასპინძლები ნამდვილად არ ელოდნენ მოვლენათა ასეთ განვითარებას და ერთხანს დაბნეულები ჩანდნენ, თუმცა ისევ დაეუფლნენ სათამაშო უპირატესობას.  ერთი ბურთის გაქვითვა მათ მალევე შეეძლოთ. ბაბუნაშვილის კუთხურის შემდეგ ოთარ კვერნაძეს მიზანმა უმტყუნა, მისი თავური ხარიხას გადასცდა. შეცვლაზე გამოსული ტორპედოელთა გოლეადორი აშკარად დაითარსა ამ ეპიზოდში. ამის შემდეგ კვერნაძეს, სულ მცირე, სამჯერ მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ კაკალაძეს ვერა და ვერ გაუტანა და გიორგი დარასელიამ ფორვარდს მატჩის მოედანზე დასრულების შესაძლებლობა არ მისცა. ისე, ბოლოსკენ ორჯერ  კვარაცხელიასაც შეეძლო გატანა, მაგრამ მან  ჯერ მეკარეს ვერ აჯობა, მერე კი ახლოდან ააცილა და.. ტორპედო ამ სეზონში მარცხით დაემშვიდობა „რამაზ შენგელიას“.

იუზა კაციტაძე ქუთაისიდან

მალხაზ ახვლედიანის ფოტო