სიახლეები

საჩხერული რევანში

გაუზიარე

ჩიხურა-სამტრედია 2:1

17 მაისი. ივანწმინდა. ცენტრალური. 300 მაყურებელი 

0:1 შარიქაძე (74), 1:1 კორიფაძე (77), 2:1 კუჭუხიძე (87)

ჩიხურა: ქვილითაია, თ. ღონღაძე, ბაჯელიძე, ლ. ჭელიძე, შ. კაშია, დობროვოლსკი (განუგრავა 63), ჩიკვაიძე, ოდიკაძე (სარდალიშვილი 46), კორიფაძე, დეკანოიძე (მუმლაძე 78), კუჭუხიძე

სათადარიგოები: ზარქუა, კაკაშვილი, ივანიშვილი, მანჯგალაძე

მწვრთნელი: სოსო ფრუიძე

სამტრედია: თევდორაძე, შალიკაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბეჭვაია, კვირკველია, ხიზანიშვილი (გორგიაშვილი 80), შარიქაძე, ბოლქვაძე (იაშვილი 62), დოლიძე, გეწაძე, ი. კერძევაძე (კაპანაძე44)

სათადარიგოები: მუჯრიშვილი, თევზაძე, ა. გურული, ლეონარდო

მწვრთნელი: ზაზა ზამთარაძე

გაფრთხილება: ხიზანიშვილი (23), ღონღაძე (52), გორგიაშვილი (86), ბაჯელიძე (90), კუჭუხიძე(90)

მსაჯი:გოგა კიკაჩეიშვილი

ამ სეზონში სამტრედია ჩიხურას სამჯერ დაუპირისპირდა და სამივეჯერ გამარჯვებული დარჩა. საჩხერლებს, ბუნებრივია, რევანში სწყუროდათ. სოსო ფრუიძემ უკრაინელი ლეგიონერები, ლობჩაკი და ტოიანოვსკი განაცხადშიც არ შეიყვანა. პირველი ნახევარი მოსაწყენი გამოდგა. ბურთის ფლობის კოეფიციენტი სამტრედიას უკუთესი ჰქონდა, თუმცა სახიფათო მომენტამდე საქმე არ მიუყვანია. 

პირველ ნახევარში ბევრი მომენტი არც საჩხერლებს შეუქმნიათ. საგოლე შანსი მასპინძლებს 38-ე  წუთზე მიეცათ. საჩხერლებმა სწრაფი კონტრშეტევა წამოიწყეს და ლაშა კუჭუხიძემ შესანიშნავი პასით ბესიკ დეკანოიძე მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომლის დარტყმული ძელმა უკუაგდო, ბურთი კვლავ დეკანოიძეს მიუვიდა ამჯერად საჩხერელთა შემტევმა ხარიხა შეაზანზარა. 

მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყეს მასპინძლებმა, 46-ე წუთზე კორიფაძის დარტყმული ბურთი აიღო თევდორაძემ, სამ წუთში კი კუჭუხიძე ურტყამდა საჯარიმოს გარედან და კარს მცირედით ააცილა. 58-ე წუთზე სარდალიშვილის დარტყმული ასცდა მიზანს. უნდა ითქვას, რომ შეცვლაზე შესული სარდალიშვილი თამაშში კარგად ჩაერთო. შეცვლაზე შემოვიდა ვეტერანი ალექსანდრე იაშვილიც და ამის შემდეგ სამტრედია შეტევაში ოდნავ გააქტიურდა. 

64-ე წუთზე ჩიკვაიძის წაქცევისთვის დანიშნული ჯარიმა ღონღაძემ დაარტყა, სამტრედიელთა მეკარემ საკმაოდ რთული ბურთი მოიგერია. 72-ე წუთზე თევდორაძემ დეკანოიძეს არ გაატანია. ორ წუთში კი სამტრედია დაწინაურდა. მარჯვენა ფრთიდან დოლიძემ მშვენივრად მოძებნა შარიქაძე, რომლის დარტყმულ ბურთს მეკარემ ხელი კი წაატანა, მაგრამ თავისი გუნდის გადარჩენა მაინც ვერ შეძლო. 

საჩხერლებმა მალევე მოახერხეს წონასწორობის აღდგენა, დეკანოიძემ კარგად დაუგორა კორიფაძეს და მანაც მარცხენა ფეხით მოჭრილი დაარტყა. ამჯერად თევდორაძე უძლური აღმოჩნდა - 1:1. 87-ე წუთზე კი ჩიხურამ გამარჯვების გოლი გაიტანა. სარდალიშვილმა მარჯვენა ფრთიდან უმეთვალყურეოდ დარჩენილ კუჭუხიძეს ბურთი თავზე დაასვა და - 2:1. მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე შალიკაშვილის  შეცდომის შემდეგ კუჭუხიძე მეკარესთან პირისპირ დარჩა რომელმაც მეკარის მოტყუება სცადა, თუმცა თევდორაძემ თითქოს ფეხში ხელი გამოჰკრა.  არბიტრმა კიკაჩეიშვილმა კუჭუხიძეს სიმულიაციისათვის ყვითელი ბარათი აუფრიალა.                                                                                                                                    

ნუკრი ლოლაძე ივანწმინდიდან