სიახლეები

გურულებმა ფეარ პლეის პრინციპი დაიცვეს [ვიდეო მიმოხილვა]

გაუზიარე

გურია-დინამო თბ  2:2

17 მაისი. ,,ევგრაფი შევარდნაძე’’.  3000 მაყურებელი 

0:1 ჭანტურიშვილი (2),  1:1 მჭედლიშვილი (10),  1:2 პაპუნაშვილი (77 პენ),  2:2 კოშკაძე (88)

გურია: თებიძე, ე. კილაძე, ზოზულია, ღაღანიძე (ინგოროყვა 60), მჭედლიშვილი, კოშკაძე, მოსიაშვილი, ბენაშვილი, შალამბერიძე (წილოსანი 73), ისიანი, მათიაშვილი (შეველი 66)

სათადარიგოები: იმერლიშვილი, კონოვალოვი, რეხვიაშვილი. გაბრიჩიძე

მწვრთნელი:  გიგლა იმნაძე

დინამო: დაუშვილი, კაკაბაძე, გველესიანი, რენე ფერეირა, თოთაძე, მ. ცინცაძე, პაპუნაშვილი, ჯანელიძე (კიტეიშვილი 61), ჩირგაძე, ჭანტურიშვილი (ჯიღაური 76), შერგელაშვილი (მანუელ ონვუ 65) 

სათადარიგოები: ჰრდლიჩკა, ჯაფიაშვილი, ბუკორაცი,  ვოლკოვი

მწვრთნელი:  კახა გოგიჩაიშვილი

გაფრთხილება:  გველესიანი (54), მანუელ ონვუ (82), პაპუნაშვილი (87) 

მსაჯი:  ლაშა სილაგავა

ბოლოსწინა ტურის ყველაზე დამაინტრიგებელი შეხვედრა ლანჩხუთში გაიმართა, სადაც ადგილობრივმა გურიამ თბილისის ,,დინამოს” უმასპინძლა. სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ამ მატჩის შედეგს დედაქალაქელებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თბილისელებს ხელს მხოლოდ მოგება აძლევდათ. წაგების ან შეხვედრის ფრედ დამთავრების შემთხვევაში ისინი მესამე ადგილზე ჩაინაცვლებდნენ და პრაქტიკულად, ვერცხლის მედლების გარეშე რჩებოდნენ. რაც შეეხება მასპინძლებს, მათთვის სეზონი ფაქტობრივად დამთავრებულია, მაგრამ ქართული ფეხბურთის ფლაგმანთან წარმატებით ასპარეზობა გურულთათვის პრესტიჟის საქმე გახლდათ.
გავუსწრებთ მოვლენებს და ვიტყვით, რომ ლანჩხუთლებმა სამართლიანი თამაშის პრინციპი ბოლომდე დაიცვეს და უშეღავათო ბრძოლაში მეტოქეს მეტად საჭირო ქულები დააკარგვინეს.
არადა, შეხვედრა თბილისელთათვის მეტად სასიკეთოდ დაიწყო. ფეხბურთელები ნორმალურად არ გახურებულიყვნენ, რომ დინამოელებმა ანგარიში გახსნეს. თანაგუნდელთა კომბინაციის შემდეგ ჭანტურიშვილი საჯარიმოში შეიჭრა და ოდნავ მახვილი კუთხიდან ძლიერად გაისროლა. მართალია თებიძემ დარტყმის მიმართულება გამოიცნო, მაგრამ თავისიანების გადარჩენა ვერ მოახერხა - 0:1.
მასპინძელთა საპასუხო შეტევა ასევე შედეგიანი გამოდგა. იერიშში ჩართულმა მჭედლიშვილმა ბოლომდე იბრძოლა, ორ მეტოქეს გვერდი აუქცია და ბურთი მეტოქის კარისკენ გაგზავნა. დაუშვილი თითის წვერებით მისწვდა ბურთს, მაგრამ ხელებში ვერ შეიმაგრა - 1:1.
ორ წუთში სტუმრებს კვლავ დაწინაურება შეეძლოთ. ჩირგაძემ რამდენიმე მეტოქე ჩამოიტოვა, შემდეგ მის ფეშესახვედრად გამოსულ თებიძესაც გასცდა, თუმცა დარტყმის კუთხე შეუმცირდა და ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა. 
მე-20 წუთზე გოლის გატანასთან მასპინძლებიც ძალიან ახლოს იყვნენ. შალამბერიძის მოწოდებულ კუთხურზე დაუშვილი არადამაჯერებლად გაისარჯა და ბურთი ხელიდან გაუვარდა. დამატებას ზოზულია ცდილობდა, მაგრამ ყველას რენე ფერეირამ დაასწრო და ბურთი კარის ხაზიდან გამოიტანა.
ხუთ წუთში მოედანზე საჩოთირო სიტუაცია შეიქმნა. ლანჩხუთელთა შეტევისას ბურთი ერთ-ერთ მცველს ხელზე მოხვდა. მასპინძლები პენალტს ითხოვდნენ, თუმცა არბიტრმა თამაშის გაგრძელება ბრძანა, რითაც მატჩზე დამსწრე გურულთა მრავალრიცხოვანი ქომაგი განარისხა. 
ტაიმის ბოლოს გურულებს შეეძლოთ შესვენებაზე ერთბურთიანი უპირატესობით გასულიყვნენ. მოსიაშვილის მახვილგონივრული გადაცემით ისიანი საჯარიმოში შეიჭრა და ძლიერი დარტყმით ხარიხა შეაზანზარა.
შეხვედრის მეორე ნახევარიც გარდამავალი უპირატესობით გაგრძელდა. თავიდან ბენაშვილმა და ჭანტურიშვილმა გაცვალეს სახიფათო დარტყმები, მაგრამ ორივე შემთხვევაში მეკარეებმა იმარჯვეს. 
61-ე წუთზე თავის გამოჩენა ისიანს მართებდა. იგი ბურთს საჯარიმოს კუთხესთან დაეუფლა, შუაგულისკენ გადაიწია და შორეულ ძელისკენ მოჭრილი დარტყმა განახორციელა. ბურთი ოდნავ ასცდა მიზანს.
ვინაიდან მატჩის ასეთი მიმდინარეობა თბილისელებს ხელს არ აძლევდათ, სტუმართა დამრიგებელმა კახა გოგიჩაიშვილმა შეცვლებს მიმართა. მან თამაშში კიტეიშვილი და მანუელ ონვუ ჩართო. კიტეიშვილმა მოედანზე შესვლისთანავე იდეალური გადაცემით ჭანტურიშვილი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომლის დარტყმა თებიძემ გაჭირვებით მოიგერია. დამატებაზე  ყველას ისევ ჭანტურიშვილმა დაასწრო, თუმცა ცარიელ კარს ააცილა.
სტუმართა მომდევნო შეტევაში კიტეიშვილმა ასისტენტობა ამჯერად ონვუს გაუწია, მაგრამ ესპანელი ლეგიონერის გამიზნული დარტყმის შემდეგ ბურთმა კარის ძელს სანტიმეტრებში ჩაუქროლა.
თბილისელებს მონდომება 77-ე წუთზე დაუფასდათ. საჯარიმოში შეჭრილი პაპუნაშვილი შეცვლაზე შესულმა წილოსანმა აკრძალული ილეთით შეაჩერა. არბიტრმა ხელი თერთმეტმეტრიანი ნიშნულიკენ გაიშვირა. პენალტი თავად დაზარალებულმა პანენკას სტილში შეასრულა და თავისიანები დააწინაურა - 1:2.
სტუმართა გატანილ გოლს გურულთა გულშემატკივრების მხრიდან მსაჯების მისამართით გინება და აგრესია მოჰყვა. მოედანზე ცელულოიდის ბოთლებიც გადმოჰყარეს. არბიტრმა რამდენიმე წუთით თამაშიც გააჩერა, თუმცა მალე ყველაფერი მშვიდობიანად ჩამთავრდა და შეხვედრა გაგრძელდა.
ქომაგთა მხურვალე მხარდაჭერის ფონზე გურულებმა მეტოქეს მთელი გუნდით შეუტიეს და მატჩის მიწურულს ხელსაყრელი მდგომარეობიდან საჯარიმოს დარტყმის უფლება მოიპოვეს. სტანდარტული კოშკაძემ დიდებულად შეასრულა. მისი მოჭრილი დარტყმის შემდეგ ბურთმა ცოცხალ კედელს გადაუფრინა და სტუმართა კარის ცხრიანში შეფრინდა - 2:2.
და მაინც, არბიტრის მიერ მატჩის კომპენსირებულ დროში დედაქალაქელებს შეეძლოთ შინ სამი ქულით დაბრუნებულიყვნენ. პაპუნაშვილის გამოზომილი გადაცემის შემდეგ შეცვლაზე შესული ჯიღაური  მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა თებიძეს ვერ აჯობა და გამარჯვების შანსი გაანიავა.

ირაკლი ქავთარაძე ლანჩხუთიდან

ავტორის ფოტოები