სიახლეები

საქართველომ ესპანეთთან იღბლით და ძალით წააგო

გაუზიარე

ესპანეთი – საქართველო 4:1 (2:1)

29 მაისი. თბილისი. მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი. 

გოლები: 1:0 ვილესმენი (15), 2:0 ლასარო (28), 2:1 ხარაიშვილი (45), 3:1 მოია (80), 4:1 საგი (90) 

ესპანეთი: სალვა, მარინი, კარისოლი, პერესი, სალასი, ფერნანდესი (სასონი, 56), მოია, ვილესმენი, ლასარო, გუიე (კასკანტე, 68), კარასკო (საგი, 68). 

მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

საქართველო: გოშაძე, მალანია, ჩაბრაძე (შულაია, 80), მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ჭანტურია (მოხევიშვილი-ჩიკვილაძე 46), კერძევაძე (გოშთელიანი 46), ბერიძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: ტაბიძე (27), ფერნანდესი (41), ლასარო (63), შულაია (82) 

მსაჯი: რადუ პეტრესკუ (რუმინეთი)

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ამ ასაკში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ესპანეთის ნაკრებს ელიტრაუნდის გახსნის დღესვე დაუპირისპირდა. გიორგი დევდარიანის შეგირდებმა კბილებით იბრძოლეს, იომეს, ბევრი ოფლიც ღვარეს, მაგრამ თავს ზემოთ არც ძალა ჰქონდათ და არც ის ოსტატობა, რომ ესპანელებისთვის ერთის მეტის გოლი კიდევ გაეტანათ... გაეტანათო ვამბობთ და იცოცხლეთ, საამისო შანსი ჩვენებს მრავლად შეექმნათ... მატჩი პარასკევს ჩატარდა და მას შემდეგ, ცხადია, ემოციები განელდა, მით უმეტეს, რომ საქართველო უკვე პორტუგალისთანაც ნაომარია, მაგრამ ესპანეთთან მეორე ტაიმში ის კონტურები კი გამოიკვეთა, რომელიც ჩვენებს ჯგუფის მეორე მატჩში გამოადგებოდათ... ჩვენების ნაკლიც კარგად გამოჩნდა და ისიც, პირველ ყოვლისა რისი გამოსწორება მართებდა დევდარიანს პორტუგალიასთან. 

სწორი იყო გიორგი დევდარიანი ნამატჩევს, როცა ფეხბურთელების სუსტ ფიზმომზადებაზე ლაპარაკობდა. ჩვენი გუნდის ნაკლი თვალშისაცემი იყო. ჩვენმა გუნდმა ბოლო 10 წუთი ფაქტობრივად ჩააგდო და პირველ ტაიმში მიღებულ ორ გოლს ორიც დაამატა, თუმცა საქართველოს ნაკრებმა მეორე ტაიმის საწყისი 35 წუთი ისე ითამაშა, ბოლო მონაკვეთი აღარავის ახსოვდა, მხოლოდ ანგარიში თუ გაგვახსენებდა... 

შესვენებამდე ჩვენებმა ორი გოლი ფაქტობრივად არაფრისგან მიიღეს. ბავშვური შეცდომები გუნდს მეტოქემ არ აპატია, ასეთი საჩუქრების მიღება, ესპანელებმა იცოცხლეთ, კარგად იციან. კიდევ კარგი, რომ ჩვენებმა ერთი საპასუხოს გატანა პირველსავე ტაიმში შეძლეს, თორემ, ეგებ ვერც ის ქარაშოტი დაეტრიალებინათ ესპანელების მოედნის ნახევარზე, როგორიც ჩვენებისგან შესვენების შემდეგ ვნახეთ. 

ესპანეთთან პირველი ტაიმი კი გოლების გარდა იმ უამრავი შეცდომით დაგვამახსოვრდა, რომელიც ჩვენებმა დაუშვეს. ამ მხრივ განსაკუთრებით ფლანგელები `გამოირჩეოდნენ~, რომელებიც უჩვეულოდ ბევრს სცოდავდნენ უმარტივეს სიტუაციებში _ პასებს ესპანელებს ურიგებდნენ, რასაც რამდენჯერმე მეტოქის სახიფატო შეტევა მოჰყვა. შეცდომები არც სხვებს დაუკლიათ და მეტწილად ამ მიზეზით, ესპანელებმა პირველი ტაიმი სათავისოდ ჩაამთავრეს.

შესვენებაზე კი დევდარიანმა ორი შეცვა გააკეთა, შუა ხაზი გააძლიერა და გურამ გოშთელიანის თამაშში ჩართვით, თავდასხმაც უფრო მოქნილი გახადა. საბურთალოელი გოშთელიანი აშკარად უფრო მეტს მოძრაობდა, ვიდრე ემპოლელი რომან ჭანტურია, ხოლო მოხევიშვილ-ჩიკვილაძეც საყრდენად უფრო მყარად დადგა. ამით კი ხელ-ფეხი უფრო გაეხსნა გამთამაშებელ გიორგი ხარაიშვილს და მანაც გაცილებით თამამად შეუტია, ვიდრე შესვენებამდე. თუმცა მწვავე პასებით სანერვიულო ესპანელებისთვის ხარაიშვილს არც შესვენებამდე დაუკლია. 

შესვენების შემდეგ ოთარ კიტეიშვილს, გიორგი ბერიძეს, გიორგი თევზაძეს იგივე ხარაიშვილსა და გოშთელიანს რეალური საგოლე მომენტები, მაგრამ... უფრო სწორი ის იქნება ვთქვათ, რომ ჩვენები გადამწყვეტ ფაზამდე ყველაფერს დიდებულად აკეთებდნენ, მაგრამ აი, სწორედ ბოლო წამს, მუხლი უვარდებოდათ და დარტყმაც არ გამოსდიოდა.  სწორედ სუსტი ფიზიკური მომზადების გამო, საქართველოს ბოლო, გადამწყვეტი დარტყმა არ გამოსდიოდა. 

ყველაფერი გადამწყვეტი კი ზუსტად გააკეთეს ესპანელებმა _ ეს უკვე კლასია, ის კლასი, რომელიც მეტოქის ფეხბურთელებს რეალში, ვალენსიაში, სევილიაში, სელტაში თამაშით აქვთ მიღებული, აქ კი გიორგი დევდარიანმა იმაზე დაიჩივლა, რომ საბურთალოს, რომელსაც ნაკრებში 11 ფეხბურთელი წარმოადგენს, გასული სეზონის პირველ ლიგაში სულ სამი-ოთხი დაძაბული მატჩი ეთამაშა... 

მოკლედ, ქართველმა 19-წლამდელებმა ესპანელებთან 1:4 კი დათმეს, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ანგარიში იტყუება და ჩვენებს, მატჩის ბოლოსკენ ცოტა იღბალი და მეტი ენერგია რომ შერჩენოდათ, ვინ იცის, ეგებ ახლა, ელიტრაუნდის ბოლო ტურს  საქართველო და ესპანეთი მეტოქეებს სხვადასხვა სტატუსით შეხვედროდნენ...

შემადგენლობის გარდა რა შეიცვალა ესპანეთის შემდეგ საქართველოს ნაკრებში პორტუგალიასთან მატჩისას, ამას უკვე ჩემი კოლეგისგან შეიტყობთ... 

კობა ინასარიძე