სიახლეები

უიმედოდ ცხრილში, იმედით – მომავლისთვის

გაუზიარე

ასეთ თამაშს მარტო ქართველები ვაგებთო, ნამატჩევს ბევრისგან გაიგონებდი. `მარტო ქართველები~ შეიძლება გაბუქებული ნათქვამია, მაგრამ ასე ძალიან ხშირად რომ ვაგებთ, ესეც ფაქტია. 70-ე წუთამდე, სანამ ფლავიო მაკრატელას გაიტანდა, გიორგი დევდარიანის გუნდს სრული სათამაშო უპირატესობა ჰქონდა და ისე ჩანდა, სოლიდური ანგარიშით მოგებაც კი შეგვეძლო. 

კარში ზუსტი დარტყმების რაოდენობა: 8-4, აცილებული დარტყმები: 8-3, კუთხურები: 6-2 და მაინც მარცხი... მარტო ამ სტატისტიკური მონაცემებიდანაც ჩანს, რომ მასპინძლები სჯობდნენ პორტუგალიელებს, თუმცა მომენტებს გამოყენება სჭირდება, მეტი ცივსისხლიანობაა საჭირო, ეს კი დააკლდა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებს. 

მე-4 წუთზე პორტუგალია დაწინაურდა, ცოტა არ იყოს, საეჭვოდ დანიშნული პენალტით. თუმცა მსაჯებზე გადაბრალებას არ ვაპირებთ. ეს დასაწყისში მოხდა, მას შემდეგ კი ქართველებმა თამაში მოატრიალეს და შემდეგ რომ ისევ ორი გოლი გაუშვეს, მსაჯი უკვე ნამდვილად არაფერ შუაში იყო. 

საწყის 25 წუთში არაერთი ხიფათი შეიქმნა,კერძოდ, გიორგი ბერიძემ შორიდან ოდნავ ააცილა, ლუკა ზარანდიას მეკარემ აუღო, გიორგი ხარაიშვილის გარღვევისა და პასის შემდეგ გურამ გოშთელიანმა დაარტყა და მეკარე ჟოელმა ცალი ხელით შესძლო კუთხურზე გადაგდება. მალევე, თავად ხარაიშვილი დარჩა კარგ პოზიციაში, კარისკენაც გაისროლა, მაგრამ მცველს მოხვდა ბურთი. 

ეპიზოდებში პორტუგალიელებიც ამწვავებდნენ შეტევებს, თუმცა არ გადავაჭარბებთ თუ ვიტყვით, რომ ქართველები უკეთ თამაშობდნენ. პირველი ტაიმის ბოლო წუთზე გატანილი გოლიც ლოგიკური იყო: ზარანდიას კუთხური, გოშთელიანი თავით უცვლის ბურთს მიმართულებას და ცენტრალური მცველი ზურაბ მალანია თავითვე კარში გზავნის – 1:1. ქართველებმა სტუმრებს, როგორც იტყვიან, გასახდელში გაატანეს გოლი. 

მეორე ნახევრის 25 წუთი მთლიანად დევდარიანის გუნდისა იყო. სწრაფმა გოლმა ფრთები შეასხა ჩვენებს: ზარანდიამ მშვენიერი დაფარული პასით საჯარიმოში შეაყოლა ბურთი გოშთელიანს, იქვე ორი პორტუგალიელი მცველი და მეკარეც იყო, მაგრამ საბურთალოს მეგოლე კარგად გაერკვა სიტუაციაში და ბურთი კარში შეაგორა – 2:1. 

გვეგონა, ედგარ ბორხესის გუნდი სწრაფად გაიწევდა გასათანაბრებლად, მაგრამ არაფერი ამის მსგავსი. სრულ სტატისტებად ჩანდნენ ნახევარი ტაიმის განმავლობაში და აი, სწორედ ამ დროს შეიძლებოდა მათი მესამე გოლით დასჯა. ისევ ზარანდია აქტიურობდა და ხარაიშვილს გააყოლა ბურთი, რომელსაც მეკარემ აუღო. მალევე, ხარაიშვილს ოდნავ დააკლდა სიზუსტე. 

სტუმართა მწვრთნელმა შეცვლებს მიმართა და ორივე გოლი სწორედ სამარქაფოებიდან შესულმა გაგვიტანა: ფლავიოს მაკრატელაზე (რითაც 2:2 გახდა)უკვე ვთქვით. ეს არ იყო აუღებელი მაკრატელა, ბურთი მაღალი ტრაექტორიით ნელა ჩაეშვა კარში. მეკარე ოთო გოშაძეს უნდა აეღო... 

შვიდ წუთში კი მესამე გავუშვით და ესეც იმ დროს, როცა პორტუგალიელები ვერაფერ სახეიროს ვერ ქმნიდნენ. პასი გაძვრა მცველებს შორის, მონაკოს ახალგაზრდული გუნდის ნახევარმცველმა ჟილ დიასმა კი რბილად და ტექნიკურად დაარტყა. ბურთი ძელს მოხვდა და ისე შევარდა კარში – 2:3. 

ქართველებს დაღლა დაეტყოთ. დევდარიანი მიერ გაკეთებულმა შეცვლებმა ეფექტი ვერ მოიტანა, მაგრამ მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე თქვა, ეს შეცვლები იძულებითი იყოო. მიზეზი? დაღლა. ერთ მომენტში აკაკი შულაიამ მთელი ძალა და ენერგია ჩააქსოვა გარღვევას და უკან ძლივსღა ბრუნდებოდა. გიორგი თევზაძეც ვეღარ იყო ისეთი აქტიური, როგორც პირველ ტაიმში. იგივე ითქმის ბერიძეზეც... 

და მაინც, ბოლო წუთებში ჯერ ოთარ კიტეიშვილის სახიფათო დარტყმული ვიხილეთ (ოდნავ არაზუსტი), მერე ზარანდიას გარღვევა და ბეწვზე გადარჩენილი პორტუგალია, ხოლო მსაჯის მიერ დამატებულ ბოლო წუთზე მეკარე ჟოელმა გაამწარა მასპინძლები: კუთხურის შემდეგ გაგი მარგველაშვილი ურტყამდა თავით და ჟოელმა, რომ იტყვიანმკვდარი ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი, არეულობაში კიდევ ერთხელ იმარჯვა და ხელებში გააქვავა ბურთი. 

მანამდე, 88-ე წუთზე ზარანდია გააძევეს. მას უკვე ჰქონდა ყვითელი ბარათი და ფრთხილად უნდა ყოფილიყო, თუმცა ვერ მოითმინა. როცა პორტუგალიელი ფეხბურთელი მოედანზე წამოწვა და ექიმს უხმობდა, ლუკამ აუტის ხაზიდან ბურთს გაბრაზებით დაჰკრა ფეხი და მინდორზე შემოაგდო. მეორე ყვითელი და გაძევება. 

როცა გასახდელისკენ მიდიოდა, ზარანდიამ პორტუგალიელ მწვრთნელს ინგლისურად შეუძახა: `ეს ფეხბურთი არ არის~. 

სჯობს, უფრო დისციპლინირებული გახდნენ ქართველი ფეხბურთელები და ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ზარანდია. ასეთი მოქმედებებით მსაჯის თვალში რენომეს კი არ იმაღლებენ, არამედ პირიქით. მოედანზე კი მსაჯი წყვეტს ყველაფერს და ცოტა დაფიქრებაა საჭირო... ლუკას თამაშს ვერ დავუწუნებთ, პორტუგალიელებს გასაქანს არ აძლევდა და ყველაზე აქტიური ფიგურა იყო მინდორზე, მაგრამ ვისურვებდით, რომ ეს აქტიურობა საფეხბურთო კუთხეს არ გასცდენოდა. აკი, დევდარიანმაც თქვა ნამატჩევს, ზარანდია ჯერ ვერ გაიზარდა და იმედი მაქვს, მალე გაიზრდებაო.  

წავაგეთ, თუმცა ეს ის მარცხი არ იყო, რომლის შემდეგაც დაზაფრულად და უიმედოდ ხარ. დევდარიანის ნაკრების არაერთ ფეხბურთელს შეუძლია პროგრესირება და ალბათ შორს არაა ის დრო, როცა უფრო `მაღალ ინსტანციებზე~ მოუწევთ გადასვლა: ეროვნულ გუნდში.  

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი. ელიტრაუნდი. II ტური. 

31 მაისი. 17:00. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 3000 მაყურებელი

საქართველო-პორტუგალია 2:3

0:1 პედრო როდრიგესი (4 პენ), 1:1 მალანია (45), 2:1 გოშთელიანი (49), 2:2 ფლავიო (70), 2:3 ჟილ დიასი (77)

საქართველო: გოშაძე, შულაია (მოხევიშვილი 76), მარგველაშვილი, მალანია, ტაბიძე, თევზაძე (ჩაბრაძე 63), ხარაიშვილი, კიტეიშვილი, ბერიძე (კვირკვია 74), ზარანდია, გოშთელიანი 

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

პორტუგალია: ჟოელი, ჟორჟე სილვა, ვერდასკა, პედრო როდრიგესი, პაულუ ენრიკე, ჰორტა, დალჩიო (ფლავიო 46), ჟოაო ლიმა, მაჩედუ (ალეშანდრე სილვა 76), ჟოტა, რენატო (ჟილ დიასი 58)

მწვრთნელი: ედგარ ბორხესი

გაფრთხილება: შულაია (33), ზარანდია (40, 88), კიტეიშვილი (61), ჟილ დიასი (68), ჭანტურია (85, სათადარიგოთა სკამიდან), ალეშანდრე სილვა (85), ჟოტა (90), ჟოელი (90+4)

გაძევება: ზარანდია (88)

მსაჯი: რადუ პეტრესკუ (რუმინეთი)

პრესკონფერენცია: 

გიორგი დევდარიანი:ვფიქრობ, საინტერესო თამაში იყო და არ ვიმსახურებდით წაგებას, მაგრამ მეორე მხრივ, დამღლელია იმაზე საუბარი, რომ `კარგად ვითამაშეთ და წავაგეთ~. დღეს მაინც ამაყი ვარ, რადგან ჩვენმა ბიჭებმა არაფერი დაუთმეს პორტუგალიას, პირიქით, დროის უმეტეს ნაწილში სჯობდნენ მათ. არადა, ესპანეთი და პორტუგალია ამ ასაკობრივ ჯგუფში რა ძალას წარმოადგენენ, ამაზე ლაპარაკი ზედმეტია. სამწუხაროდ, ბოლო 20 წუთში თავი იჩინა იმ ფაქტორმა, რომ ჩვენი ფეხბურთელები მიუჩვეველნი არიან მაღალ ტემპში თამაშს. 

2:1-ს როცა ვიგებდით, მომდევნო 20 წუთიც მთლიანად ვაკონტროლებდით თამაშს და არაფერი ეტყობოდა მატჩს წასაგები. რა მოხდა ბოლოს – მხოლოდ დაღლილობა თუ კონცენტრაციის დაკარგვაც?

გეთანხმებით, რომ 2:1-ის დროს უპირატესობას ვფლობდით, მაგრამ ერთიც არ გამოგვრჩეს: ყველა ცვლილება იძულებითი იყო. ბიჭები დაიღალნენ და მთავარი მიზეზიც ეს იყო. ამაყი ვარ-მეთქი, იმიტომაც ვთქვი, რომ დარწმუნებული ვარ, ამ ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელი არცთუ შორსაა ეროვნულ ნაკრებამდე. ჩემი პირველი ამოცანა სწორედ საქართველოს მთავარი ნაკრებისთვის ფეხბურთელების მიწოდებაა, შედეგზე მეტად სწორედ ესაა საგულისხმო. 

ზარანდიას გაძევების მომენტზე რას იტყვით?

ახალი რა ვთქვა. შარშან საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო მატჩის ბოლო წუთებზე ვერ მოთოკა ნერვები და ამჯერადაც ასე მოხდა. თურქეთთან დაგვაკლდება. სამწუხაროა, რომ ზარანდია ჯერ კიდევ ვერ გაიზარდა ბოლომდე და იმედია, მალე გაიზრდება. 

თქვენს ნაკრებში შედარებით ნაკლებადაა ეს სენი, მაგრამ ზოგადად ქართველებში იგრძნობა: ზედმეტობებს აკეთებენ, როცა შეიძლება უფრო მარტივად, პასებით თამაში. რატომ გვაქვს ეს ზედმეტობები?

ეს კითხვა მეც მაწუხებს, მაგრამ ვცდილობ, ეს მოვაშლევინო ფეხბურთელებს. უმრავლესობა მარტივად თამაშობს, მაგრამ არიან ისეთევიც, რომლებიც ამას ვერ აკეთებენ. ცოტა ღრმა ფესვები აქვს ამ ყველაფერს, ბავშვობიდან მოსდევთ. 

ედგარ ბორხესი: რთული მატჩი გვქონდა და მართლა მეამაყება საქართველოს ძლიერი ნაკრების დამარცხება. ჩემს ქართველ კოლეგას ნამდვილი მებრძოლები ჰყავს ნაკრებში. ბედნიერი ვარ, რომ ასეთ გუნდს მოვუგეთ. პორტუგალიამ ისე ვერ ითამაშა, როგორც საჭირო იყო. ამიტომაც, მსაჯმა საფინალოდ რომ ჩასტვინა, შვებით ამოვისუნთქე. 

... უნდა ვთქვა, რომ საქართველოს 1:4 წასაგები არ ჰქონდა ესპანეთთან. ვუყურე ამ მატჩს და ანგარიში რეალურად არ ასახავდა თამაშის სურათს. წინ გადამწყვეტი შეხვედრა გვაქვს ესპანეთთან და ვეცდებით, ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდეთ.    

ესპანეთი         2 2 0 0 9:1 6
პორტუგალია 2 2 0 0 9:3 6
საქართველო 2 0 0 2 3:7 0
თურქეთი         2 0 0 2 1:11 0

ბოლო ტური: 3 ივნისი, 17:00 საათი: საქართველო-თურქეთი (`მიხეილ მესხი~), ესპანეთი-პორტუგალია (`მიხეილ მესხის~ სათადარიგო).   

ილია ნანობაშვილი