სიახლეები

ალექსანდრე იაშვილი: იყო სიამოვნება და იყო სირცხვილიც

გაუზიარე

თბილისის დინამო ალექსანდრე იაშვილითა და ალექსანდრე ამისულაშვილითაა დაინტერესებული - ეს ინფორმაცია შევიტყვეთ და, წესით, უახლოეს დღეებში ამ შესაძლო ვარიანტებს ნათელი უნდა მოეფინოს. თუ ასე მოხდა, მართლაც კარგი იქნება: იაშვილსა და ამისულაშვილს დიდი გამოცდილება უმაგრებთ ზურგს. ყველამ ვნახეთ, რომ ასაკის (37 წელი) მიუხედავად, “აკუნა” ერთ-ერთი საუკეთესო იყო სამტრედიაში, ხოლო ამისულაშვილი აზერბაიჯანის ჩემპიონატის ერთ-ერთი რჩეული მცველი გახლდათ. 

გუშინ იაშვილს ვესაუბრეთ და დინამოს დაინტერესებაზეც ვკითხეთ: 

“არის საუბრები, მაგრამ დაკონკრეტებას ჯერ მოვერიდები. უნდა ავწონ-დავწონო, ორ-სამ დღეში ჩამოვყალიბდები”. 

აქვე, იაშვილთან ვრცელი ინტერვიუც... 

შენთვის და მთლიანად სამტრედიისთვის უსიამოვნო თემით დავიწყოთ _ საქართველოს თასის ფინალით. ასეთ ანგარიშს ნაკლებად თუ ვინმე ელოდა...

შემრცხვა. როცა 0:5-ს წააგებ, რთულია, რაიმე პოზიტიური დაინახო. ვაღიარებ, თამაშის შემდეგ შერცხვენილი გავდიოდი სტადიონიდან. არც იმ ქომაგების მიკვირს, რომლებიც აგრესიულად იყვნენ განწყობილნი. ამხელა გზა გამოიარეს ჩვენს მხარდასაჭერად და 0:5 წავაგეთ. ლოგიკურია, რომ გაბრაზდებოდნენ. 

საწყის წუთებში სამტრედია სჯობდა დინამოს, მაგრამ გოლი აქეთ გაუშვით. მეორე ტაიმიც აქტიურად დაიწყეთ, შენი კარგი პასის შემდეგ მომენტი გაცუდდა და ერთ წუთში მეორე გოლი გაუშვით. როგორ ფიქრობ, სამტრედია რომ დაწინაურებულიყო, ან თუნდაც მეორე ნახევარში 1:1 გამხდარიყო, დარჩენილ დროში როგორ განვითარდებოდა მოვლენები? 

ჩემი აზრით, დინამოს ძალიან გაუჭირდებოდა. ფსიქოლოგიურადაც ძნელია, როცა შანსებს ვერ იყენებ და მეტოქე კი მაშინვე გსჯის. დინამო ფსიქოლოგიურად ჩვენზე უკეთეს მდგომარეობაში იყო, რადგან მათ წაგების შემთხვევაშიც გარანტირებული ჰქონდათ ევროტურნირის საგზური, ჩვენ კი მხოლოდ მოგება გვშველოდა. სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე ტური ჩავაგდეთ და ოთხეულში ვერ შევედით. 

ბევრი ფიქრობდა, რომ სამტრედიამ აქცენტი მთლიანად თასზე გადაიტანა და ჩემპიონატშიც ამიტომ ვეღარ იგებდით... მსგავს მიდგომას წინა წლებში სხვა კლუბებისგანაც შევხვედრივართ. 

ასე არაა. ოთხეულში შესვლა გვსურდა. და საერთოდაც, მთავარი ჩემპიონატია, იქ უნდა გამოავლინო შენი ძალა. სურვილის მიუხედავად, ოთხეული განზე დაგვრჩა. 

ჩემპიონატის მეორე წრეში არც დინამო ბრწყინავდა და მისგან ასეთ თამაშს თუ ელოდი? 

მერე, როცა 0:2 და მალევე 0:3 გახდა, უკვე ადვილი იყო დინამოსთვის თამაში. უკვე ყველაფერი გამოსდიოდათ, ჩვენ კი ფსიქოლოგიურად მოშლილები ვიყავით. თანაც, დინამო კარგი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული გუნდია, კვალიფიციური მწვრთნელი ჰყავთ გია გეგუჩაძის სახით. გეგუჩაძე ახალი მისული იყო გუნდში და ამანაც დამატებითი მუხტი შეიტანა დინამოელთა თამაშში. 

ისევ პირადად შენზე: თამაში როცა განაახლე, ფიქრობდი, რომ ფორმაში მალე ჩადგებოდი? ამ გადმოსახედიდან რამდენად კმაყოფილი ხარ სამტრედიაში თამაშით?   

სამტრედიაში იყო თამაშები, როცა სიამოვნებას ვიღებდი. სიმართლე გითხრათ, თავიდან ფიქრი მაწუხებდა _ ვიცოდი, რომ ხალხი ჩემგან მეტს მოითხოვდა, ვიდრე სხვა ფეხბურთელებისგან. გავუძლებდი? ხშირად ვფიქრობდი ამაზე. თავიდან სამ მატჩში გამიჭირდა, რადგან ექვსი თვის უთამაშებლობა ძალიან ბევრს ნიშნავს, დიდი დროა. მერე კი ვიგრძენი, რომ ისევ ისეთ სიამოვნებას ვიღებდი თამაშით, ნელ-ნელა უკეთესობა შევატყვე თავს. მეორეც, ყოველთვის სასიამოვნო ფაქტია, როცა ეროვნულ ჩემპიონატს ის ლეგიონერები უბრუნდებიან, რომლებსაც უცხოეთში რაღაც გაუკეთებიათ და ნაკრებში უთამაშიათ. ეს, ზოგადად, საქართველოს ჩემპიონატისთვისაა კარგი ფაქტი. 16-17 წლის ასაკში მეც შევყურებდი არველაძეებს, ქინქლაძეს, ჯამარაულსა და სხვებს, რათა მათგან მესწავლა. 

რამდენიმე თვის წინ გაიოზ დარსაძესთან სამწვრთნელო ლიცენზიის კურსებზეც იყავი. რას აპირებ მომავალში, როცა კარიერას დაასრულებ?    

მაინცდამაინც მწვრთნელობაზე არაა საქმე. იცით, ალბათ, რომ სპორტულ მენეჯერებსაც დასჭირდებათ სამწვრთნელო ლიცენზია. ეს წესი ჯერ არ შემოსულა, მაგრამ მალე შემოვა. სწავლა არასოდეს არაა ზედმეტი. მეც ვცდილობ, სიახლეები  ავითვისო. 

საქართველოს ეროვნულ ნაკრებზეც: როგორი შთაბეჭდილებები დაგიტოვა მარტში გამართულმა მატჩებმა და რა იმედით ელი პოლონეთთან 13 ივნისის თამაშს? ყველაზე მეტად რა სიახლეები დაინახე კახა ცხადაძის გაწვრთნილ გუნდში? 

ცხადაძის არჩეული სათამაშო სტილი ძალიან მომწონს. მოკლე-მოკლე პასები, ბურთის ფლობის სურვილი, მეტოქის ნახევარზე აგრესია - სწორედ ეს მომწონს, ასეთი ფეხბურთით ვიღებ სიამოვნებას. ცხადაძე ჯერ კიდევ ფეხბურთელების ძიებაშია, მაინც ახალი დანიშნულია პოსტზე და გარკვეული დრო სჭირდება, რათა უკეთ აათამაშოს გუნდი. იმედი მაქვს, პოლონეთთან ჩვენების კარგ თამაშს ვნახავ. საერთოდ, შედარებები არ მიყვარს, მაგრამ ცხადაძემ რაც შეცვალა ნაკრებში სათამაშო სტილის მხრივ, მხოლოდ მივესალმები. 

ბოლოს ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც. შენი საფეხბურთო გემოვნების გათვალისწინებით, ალბათ, ბარსელონას უქომაგებ. 

საერთოდ, უცხოეთის კლუბებიდან ბაიერნს ვგულშემატკივრობ, თუმცა კონკრეტულად ჩემპიონთა ლიგის ფინალში ბარსელონას მოგება მინდა. ბაიერნზე ვთქვი, მაგრამ, რა თქმა უნდა, უპირველესად, საქართველოს ნაკრების გულშემატკივარი ვარ. უცხოეთის გუნდებიდან კი მათ ვქომაგობ, რომლებიც ჩემთვის მოსაწონ ფეხბურთს თამაშობენ.  

ილია ნანობაშვილი