სიახლეები

დინამო ოთხეულმა დატოვა

გაუზიარე

მას შემდეგ, რაც თბილისის დინამო გია გეგუჩაძემ ჩაიბარა, საფიქრებელი იყო, რომ შემადგენლობაში ცვლილებები იქნებოდა და ასეც მოხდა _ გადაწყვეტილი ამბავია, რომ დინამოს დატოვებენ ესპანელი ფორვარდი მანუელ ონვუ, სერბი ნახევარმცველი სტევან ბუკორაცი, მარჯვენა მცველი ვაჟა ტაბატაძე და თავდამსხმელი გიორგი ჩირგაძე. 

ბუკორაცი და მანუელი გუნდს ზამთრის შესვენებისას შეურთდნენ, თუმცა თავიდანვე გამოჩნდა, რომ ისინი დინამოში კონკურენციას ვერ უძლებდნენ და გუნდს მალე დატოვებდნენ. ტაბატაძეც ზამთარში მივიდა გუნდში, მაგრამ ტრავმების გამო ვერც მან წარმოაჩინა თავი საუკეთესოდ. ჩირგაძე კი ერთი წელია, დინამოშია და ჩემპიონატში 7 გოლი გაიტანა, თუმცა გადაჭრით ვერც მასზე ვიტყვით, ძირითადის უცვლელი წევრი იყოო. მანუელის და ბუკორაცის წასვლის შემდეგ დინამოში ორი ლეგიონერი დარჩა _  სლოვაკი მეკარე ლიბორ ჰრდლიჩკა და ბრაზილიელი ცენტრალური მცველი რენე ფერეირა.

სავარაუდოდ, დინამოში ცვლილებები ამით არ დასრულდება და ეს ლოგიკურიცაა, რადგან გია გეგუჩაძის მისვლის შემდეგ აშკარაა, რომ გუნდში განვითარების ახალი ეტაპი იწყება და მთავარ მწვრთნელს შემადგენლობის თავისი გემოვნებით დაკომპლექტება სურს.

შეგახსენებთ, დინამომ ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა, რაც მისთვის დადებით შედეგად ვერ შეფასდება, სამაგიეროდ, ზედიზედ მესამედ მოიპოვა თასი და ევროპის ლიგაზე თამაშის უფლებაც მოიპოვა.

პაატა ძნელაძე