სიახლეები

დავრჩებოდი, მაგრამ... კლიმიაშვილი ტორპედოდან მადლობით მიდის

გაუზიარე

ირაკლი კლიმიაშვილი რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა საქართველოს ჩემპიონატს და ქუთაისის ტორპედოელთა შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ამიტომაც ცდილობდნენ ქუთაისელები, ირაკლი გუნდში დარჩენაზე დაეთანხმებინათ, მაგრამ ფეხბურთელს კვლავ უცხოეთში სურს თამაში: "ტორპედოში მართლაც კარგი პერიოდი გავატარე და ამ გუნდს ძალიან შევეჩვიე. კონტრაქტის გახანგრძლივებაც შემომთავაზეს და სიამოვნებითაც დავრჩებოდი, მაგრამ ჩემი კარიერისთვის ამ ეტაპზე უმჯობესია, საზღვარგარეთ გავაგრძელო თამაში. ტორპედოს ხელმძღვანელების, მწვრთნელებისა და გულშემატკივრებისთვის მადლობის მეტი არაფერი მეთქმის."

ჩვენი ინფორმაციით, ირაკლი კლიმიაშვილი სკონტოს უბრუნდება, გუნდს, რომელშიც ტორპედოში გადასვლამდე თამაშობდა, თუმცა თავად ფეხბურთელმა დაზუსტება- დაკონკრეტებისგან ჯერ თავი შეიკავა: "სკონტოსგან ინტერესი არის, მაგრამ ახლა დაზუსტებით ვერაფერს ვიტყვი. ცოტა ხანში ყველაფერი გაირკვევა და მერე უფრო დაწვრილებით შემეძლება ლაპარაკი."

პირველი წრის შემდეგ ტორპედო ერთ-ერთი აუტსაიდერი იყო, თუმცა ზამთარში გუნდში სერიოზული ცვლილებები მოხდა. კლუბში არაერთი ფეხბურთელი მივიდა, მთავარ მწვრთნელად კი გიორგი დარასელია დაინიშნა. სიახლეებს მოჰყვა ოპტიმიზმი, რომ ტორპედო ევროტურნირების საგზურისთვის იბრძოლებდა, ამ ოპტიმიზმს ისიც ამყარებდა, რომ ქუთაისლები ჩემპიონატის პარალელურად თასზეც აგრძელებდნენ ასპარეზობას და მეოთხედფინალში იყვნენ. საბოლოოდ ტორპედომ ვერც თასზე იყოჩაღა და ჩემპიონატშიც მხოლოდ მე-8 ადგილზე გავიდა, მაგრამ, ამის მიუხედავად, ირაკლი კლიმიაშვილი გუნდის გამოსვლით უკმაყოფილო არ არის: "პირველი წრის შედეგებით გუნდს გავარდნა ემუქრებოდა და ჩვენი მთავარი მიზანიც ლიგაში ადგილის შენარჩუნება იყო, რაც საბოლოოდ უპრობლემოდ გადავწყვიტეთ. საუბრები ევროსაგზურისთვის ბრძოლის თაობაზე კი, ალბათ, გადაჭარბებული იყო, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ტორპედოს მომდევნო სეზონშიც უმაღლესში დასარჩენად მოუწევს ბრძოლა. გუნდში ისეთი ვითარებაა, რომ დარწმუნებული ვარ, ტორპედო შეიკვრება და, სულ მცირე, ევროსაგზურის მოპოვებას დაისახავს მიზნად, თან არც ჩემპიონობა იქნება გამორიცხული."

შეგახსენებთ, თავის დროზე ირაკლი ვიტ ჯორჯიას ღირსება იცავდა და ამ გუნდთან ერთად ქართული მასშტაბით ყველაფერი მოიგო, რისი მოგებაც შეიძლებოდა _ ჩემპიონობა, თასი, სუპერთასი, მომავალ სეზონში კი ვიტ ჯორჯიას პირველ ლიგაში მოუწევს ასპარეზობა: "ვიტ ჯორჯიაში არაერთი დაუვიწყარი წელი გავატარე და ამ გუნდს ყოველთვის ვუქომაგებ. ბოლო ტურში ტორპედოს იმედზე იყვნენ, მაგრამ რუსთავში ვერ მოვიგეთ, ისეთი გუნდი კი, როგორიც ვიტ ჯორჯიაა, სხვის იმედზე არ უნდა დარჩენილყო. მაგრამ არა უშავს, გაცილებით ძლიერი გუნდებიც გავარდნილან, შემდეგ მალევე დაბრუნებულან უმაღლეს ლიგაში და კვლავ მაღალი ადგილებისთვის უბრძოლიათ. დიდი იმედი მაქვს, ვიტ ჯორჯიას შემთხვევაშიც ასე იქნება."

საუბრის ბოლოს კლიმიაშვილმა საქართველოს ჩემპიონატის შესახებაც გაგვიზიარა თავისი აზრი: "პრობლემები, ბუნებრივია, არის და მათი მოგვარება აუცილებელია, მაგრამ აშკარაა, რომ დაძაბულობამ მოიმატა და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია. ჩემპიონობისთვის და უმაღლესში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა პრაქტიკულად ბოლომდე მიდიოდა და ეს დონის ამაღლებასაც შეუწყობს ხელს. გორის დილა კი ნამდვილად დამსახურებულად გახდა ჩემპიონი და მათ ევროტურნირზე წარმატებული თამაშიც შეუძლიათ, რაც ყველა ქართული გუნდის მიზანი უნდა იყოს."

პაატა ძნელაძე