სიახლეები

პოლონელების საფიქრალი: საქართველოსთან კრიხოვიაკიც თითქმის...

გაუზიარე

პოლონეთის ნაკრების მწვრთნელ ადამ ნავალკას საფიქრალი არ ელევა. გარდა იმისა, რომ დაცვის ლიდერი კამილ გლიკი (ტორინო, იტალია) დისკვალიფიცირებულია, არაერთი ტრავმირებული ფეხბურთელი მოგროვდა, რომლებიც საქართველოსთან 13 ივნისს ევროშესარჩევ მატჩში ვერ ითამაშებენ. სიას ნაკრების წამყვანი ნახევარმცველი, სევილიაში ევროპის ლიგის მფლობელი გჟეგოჟ კრიხოვიაკიც დაემატა. 

მართალია, კრიხოვიაკის საკითხი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა, მაგრამ პოლონური საიტების ცნობით, უფრო დიდია ალბათობა იმისა, რომ საქართველოსთან ვერ ითამაშოს. ხსენებული გლიკი და კრიხოვიაკიც ის ფეხბურთელები არიან, რომლებმაც თბილისში 4:0 მოგებულ მატჩში თითო გოლი გაიტანეს. 

ასევე ტრავმის გამო კახა ცხადაძის გუნდის წინააღმდეგ ვერ გამოვლენ მცველები: არტურ ერჟეიჩიკი (კრასნოდარი რუსეთი), კამილ ოლკოვსკი (კიოლნი, გერმანია). დისკვალიფიცირებული გლიკი და ერჟეიჩიკი მყარად სასტარტო თერთმეტეულის ფეხბურთელები არიან, ოლკოვსკის ადგილზე კი, მარჯვენა მცველად დორტმუნდის ფეხბურთელი ლუკაშ პიშჩეკი თამაშობს და ამდენად, ეს ნაკლები პრობლემაა. 

აი, კრიხოვიაკი კი პოლონეთის ნაკრებისთვის კი არა, სევილიისთვისაც კი შეუცვლელი ფიგურაა.  

ილია ნანობაშვილი