სიახლეები

რუსთავის აკადემიის მშენებლობა შეუფერხებლად მიმდინარეობს

გაუზიარე

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიის მშენებლობა რუსთავში რამდენიმე თვეა შეუფერხებლად მიმდინარეობს. 8 ჰექტარ ფართობზე განსათავსებელი აკადემიის მშენებლობის ნახევარზე მეტი უკვე დასრულებულია. ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს საცხოვრებელ კორპუსში, რომელიც სამსართულიანია და საცხოვრებლის გარდა, ბევრ სხვა ფუნქციასაც შეასრულებს. აკადემიის ტერიტორიის ირგვლივ 1230-მეტრიანი ბეტონის ღობეა, რომელზეც გარეგანათება და ვიდეოთვალი დამონტაჟდება. აკადემიის პერიმეტრი ვიდეოთვალის და დაცვის სამსახურის  მეშვეობით გაკონტროლდება. „ჩვენი თამაში“ რუსთავში მიმდინარე მშენებლობებს ადგილზე გაეცნო და ინფორმაცია სამშენებლო კომპანია „დეა 2006“-ის დირექტორისგან, ავთანდილ დარჯანიასგან მიიღო.

საცხოვრებელი კორპუსი

როგორც უკვე ვთქვით, აკადემიის აღსაზრდელები და  მომსახურე პერსონალი აკადემიის სამსართულიან შენობაში განთავსდებიან. პირველ სართულზე მოეწყობა სასწავლო აუდიტორია, საკონფერენციო დარბაზი და სასადილო ოთახი, სატრენაჟორო, გასახდელები და საშხაპეები, სათავსოები და სანიტარული კვანძები, ასევე დაცვის ოთახი და სამედიცინო კაბინეტები. იქნება ორი პალატა, მედპერსონალის ოთახები, საექიმო კაბინეტი, საპროცედურო და ინფექციური ოთახები. ანუ აკადემიაში მოვარჯიშე და მცხოვრებ ბავშვებს, საჭიროების შემთხვევაში, ადგილზე შეეძლებათ მიიღონ სამედიცინო დახმარება.
შენობის მეორე სართულზე 24 ფეხბურთელის, 4 მწვრთნელის, პერსონალის ორი წევრისა და ერთი მასწავლებლის ოთახები იქნება განთავსებული. მესამე სართულიც დაახლოებით ასეთივე ტიპის იქნება, იცხოვრებს 26 ფეხბურთელი, 3 მწვრთნელი, პრესონალის ორი წევრი და ერთიც მასწავლებელი. მესამე სართულის სახურავზე განთავსდება წყლის ავტონომიური რეზერვუარები, რომლებიც აკადემიაში წყლის ავარიულად გათიშვის შემთხვევაში, ავტომატურად ჩაირთვება. რეზერვუარები 30-დან 40 ტონამდე წყალს დაიტევს.

სტადიონები


სულ ფედერაციის აკადემიაში 6 მოედანი მოეწყობა, აქედან სამი ბუნებრივი და სამიც ხელოვნურსაფარიანი. ერთ-ერთ ბუნებრივსაფარიან მოედანთან გაკეთდება 3000-ადგილიანი ტრიბუნა და იქნება ყველანაირი ინფრასტრუქტურა, რომელიც ოფიციალური თამაშებისთვისაა საჭირო. სტადიონზე განთავსდება მსაჯების ოთახი, გასახდელები, საშხაპეები, ხოლო გარე პერიმეტრზე - პარკინგი.
ტრიბუნის უკანა მხარეს აიგება აკადემიის ტერიტორიაზე ყველაზე დიდი, 140-მეტრიანი შენობა, რომლის სიგანე 26 მეტრი იქნება და მასში კორტები, კალათბურთის დარბაზი და აუზი განთავსდება. უკვე მზად არის სამივე ხელოვნური მოედნის საფუძველი, რაზეც საფარი უნდა დაიგოს. რაც შეეხება ბუნებრივ მოედნებს, ამ ეტაპზე მიმდინარეობს სარწყავი სისტემების პროექტირება, რომლის შემდეგ შესაძლებელი იქნება ბალახის საფარის დაგება და მისი მზადყოფნაში მოყვანა.

ეზო და გამწვანება

აკადემიის ფართობი სრულად იქნება ათვისებული. საცხოვრებელი კორპუსის გარდა, აკადემიის შესასვლელში განთავსდება სხვადასხვა დანიშნულების სათავსოები. აკადემიის ეზოში მოეწყობა დაახლოებით 50 მანქანის ტევადობის პარკინგიც. სულ აკადემიას სამი შესასვლელი ექნება.
ტერიტორიის, ფართობისა და კლიმატის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ აკადემიის ტერიტორიაზე იყოს გამწვანება, ამიტომ მოედნებს შორის არსებული თავისუფალი სივრცეებიც და მთლიანად მთელი აკადემიის ტერიტორიაც გამწვანებით შეიმოსება. გარდა ამისა, ხეები დაირგვება აკადემიის მთავარ საცხოვრებელ კორპუსთანაც. ასევე, დახურული კორტების გარდა, საჩოგბურთო მოედნები მოეწყობა აკადემიის ეზოშიც, ღია ცის ქვეშ.

დასრულების თარიღი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ბორის პაიჭაძის სახელობის აკადემიის მშენებლობა გასული წლის 3 ნოემბერს დაიწყო და სამუშაოების დაახლოებით 60 პროცენტი უკვე შესრულებულია. აკადემიის ძირითადი ნაწილი აგვისტოში გაიხსნება. პროექტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ანხორციელებს შპს „დეა 2006“ უეფასთან პარტნიორობით. აკადემიის მშენებლობის სპეციფიკიდან გამომდინარე, დასაქმებული ადამიანების რაოდენობა დროდადრო იცვლება, თუმცა აკადემიის მშენებლობაში დაახლოებით 100 ადამიანია დასაქმებული. ერთი რამ, ახლავე ცალსახად შეიძლება თქვას: მშენებლობის დასრულების შემდეგ ქართული ფეხბურთი შეიძენს ევროპული სტანდარტების თანამედროვე საწვრთნელ ბაზას, რომელიც ჩვენი ფეხბურთელების არაერთ თაობას სრულყოფილი ვარჯიშისა და მომზადების საშუალებას მისცემს.

პერსპექტივა

უეფას კატეგორიის სტადიონებისა და თანამედროვე საწვრთნელი ბაზების სიმცირე, მეოთხედი საუკუნეა ჩვენი ფეხბურთის განვითარების ერთ-ერთ მთავარ დამაბრკოლებელ მიზეზად რჩება. სრულიად ნათელია, რუსთავის აკადემიის ამოქმედება, ლაგოდეხისა და ბასას ცენტრებთან ერთად ამ პრობლემის აღმოფხვრას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. თუკი გავიხსენებთ, რომ სულ მალე, უფრო კონკრეტულად კი, ორიოდე წელიწადში, 2017 წლის 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატისთვის ქვეყნის მასშტაბით უეფას კატეგორიების ხუთ სტადიონს მივიღებთ (მათ შორის, სამს რეგიონში, კერძოდ, მცხეთაში, რუსთავსა და გორში), სრული საფუძველი გვაქვს ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული პროექტების დასრულების შემდეგ თანამედროვე ბაზების სიმცირის პრობლემა მნიშვნელოვნად შემცირდება. ანუ, ფეხბურთის ფედერაციის მიერ ბოლო პერიოდში ჩატარებული დიდი მოცულობის სამუშაოს შედეგებს ჩვენი ფეხბურთი უახლოს წლებში მოიმკის.

ოთო მუმლაძე