სიახლეები

დამატება და დაბრუნება: ფანცულაია და თევზაძე

გაუზიარე

საფეხბურთო კლუბმა საბურთალომ პირველი ლიგა დამაჯერებლად მოიგო და მათი თამაშის შემყურეს გიჩნდება აზრი, რომ ეს ბიჭები არც უმაღლეს ლიგაში დაუთმობენ ვინმეს რაიმეს იოლად. საბურთალოს პლუსი ისიცაა, რომ მისი წევრების უმრავლესობა ბავშვობიდან ერთად მოდის და მათ მოედანზეც და მის გარეთაც კარგად ესმით ერთმანეთის. ერთადერთი, რაც საბურთალოს აკლია როგორც ინდივიდუალურ, ისე გუნდურ დონეზე, გამოცდილებაა, მაგრამ, როგორც ჩანს, კლუბის ხელმძღვანელობა არჩეული გზიდან გადახვევას არ აპირებს და კვლავ არსებული შემადგენლობით ფიქრობს თამაშს უმაღლეს ლიგაში. ჯერჯერობით გუნდი არც ერთ ფეხბურთელს არ დაუტოვებია და, სავარაუდოდ, ამ ეტაპზე არც დატოვებენ. რაც შეეხება ახალწვეულებს, ასეთი ორია: შემტევი ნახევარმცველი გიორგი ფანცულაია, რომელიც ბოლოს ცხინვალში თამაშობდა და საბურთალოში თავისუფალი აგენტის სტატუსით მივიდა და 19-წლამდელთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი, მარცხენა მცველი გიორგი თევზაძე, ვინც ჩემპიონატის მეორე წრე იჯარით სამტრედიაში გაატარა და შეთანხმების თანახმად, საბურთალოს უბრუნდება. 

რაც შეეხება იმას, თუ რა გეგმები აქვს საბურთალოს მოსამზადებელ ეტაპზე, ამის თაობაზე კლუბის პრესსამსახურის ხელმძღვანელი კახა მგელაძე გვესაუბრა: "გუნდი ახლა შვებულებაშია, არაერთი ფეხბურთელი კი 19-წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობს და ისინი ელიტრაუნდის შემდეგ დაისვენებენ. საბურთალო 29 ივნისს შეიკრიბება და ფეხბურთელები სამედიცინო შემოწმებას გაივლიან, 1 ივლისს კი სავარჯიშო პროცესი განახლდება. პირველ ეტაპს თბილისში გავივლით, ივლისის ბოლოს კი თურქეთში გავემგზავრებით, სადაც ორ კვირას დავრჩებით და, სავარაუდოდ, ოთხ-ხუთ საკონტროლო შეხვედრას გავმართავთ. ვის შევხვდებით, ამას მალე დავადგენთ, სამწვრთნელო შტაბის სურვილია, რაც შეიძლება ძლიერ მეტოქეებს ვეთამაშოთ და ნათლად გამოჩნდეს, თუ რა დონეზე ვართ ამ ეტაპზე."

პაატა ძნელაძე