სიახლეები

იმერული ესკიზები დუხოვოის თანხლებით

გაუზიარე

1 ივნისი. სამტრედია. „ეროსი მანჯგალაძე’“. 3500 მაყურებელი

იმერეთი - სულორი  0:0

იმერეთი:
მეძველია, კაკუშაძე, ხუმარაშვილი, გ. მემარნიშვილი, ხუბუა, ქათამაძე, ჭრელაშვილი (საღარეიშვილი 86), მელქაძე, გედენიძე, პავლიაშვილი (გიორგობიანი 61), ქანთარია

სათადარიგოები: დ. მემარნიშვილი; ჩიხლაძე, ცაგარეიშვილი, ხელაძე, კუხალაშვილი

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

სულორი: ხურციძე, ო. ფიფია, დვალიშვილი, თოდუა, ჭანკვეტაძე, სამსეიშვილი, ძამსაშვილი (ბელექანია 82), ი. კილაძე (ძაგნიძე 82), როხვაძე, გ. ჩხეტიანი, სულაბერიძე (ივანიაძე 42; გიორგაძე 73)

სათადარიგოები: ღვინიანიძე, გამრეკლიძე, გაბუნია

მწვრთნელი: დათო ჭელიძე

გაფრთხილება: სამსეიშვილი (30), გ. მემარნიშვილი (30), ხუბუა (35), როხვაძე (79), მელქაძე (90), ფიფია (90)

მსაჯი: გიორგი ვადაჭკორია

მეორე ლიგის დასავლეთის ზონის  ეს შეხვედრა 26-ე ტურის  კი არა, მთლიანად გათამაშებაში გახლდათ ცენტრალური. თითქმის სანახევროდ უმაღლეს ლიგაში ნათამაშები ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ხონის იმერეთი და ვანის სულორი ორი თავით მაღლა იდგნენ სხვა კონკურენტებთან და ამ მატჩამდე ერთნაირი მაჩვენებლებით -  68-68 ქულით მოვიდნენ. მოგეხსენებათ, ზონაში გამარჯვებულს პირველ ლიგაში გადასასვლელ პლეი ოფში თამაშის უფლება ეძლევა და ორივე გუნდი სწორედ ამ მიზნის მისაღწევად იყო დარაზმული. გათამაშების დებულებით, ქულების თანაბრად დაგროვების შემთხვევაში, მხედველობაში ურთიერთშეხვედრებში  ნაჩვენები შედეგები მიიღება. ხონელებმა პირველ წრეში სულორს სტუმრად 2:0 აჯობეს, ამიტომაც ამჯერად მეტოქესთან ფრეც აძლევდათ ხელს.

იმერეთი, რომელიც აქამდე მარტვილში ატარებდა საშინაო შეხვედრებს, ამჯერად სამტრედიაში დაუხვდა უშულო კონკურენტს. თამაშს დიდი აჟიოტაჟი ახლდა. „ეროსი მანჯგალაძეზე“ ტევა არ იყო, ორივე გუნდის ქომაგები მთელი მატჩის განმავლობაში ომახიანად ამხნევებდნენ თავისიანებს. ხონელებმა მათთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე   მეტი ხალისის შესატანად თან „დუხოვოი ორკესტრიც“ კი იახლეს...

არ გადავაჭარბებთ, ეს იყო ნამდვილი საფეხბურთო სანახაობა. ამდენი ხალხი, ამდენი ემოცია მოედანზე თუ ტრიბუნაზე მართლაც რომ იშვიათია ქართულ ფეხბურთში.

თამაშს რაც შეეხება, მეტოქეებმა თავი არ დაზოგეს, პირველიდან ბოლო წუთამდე იბრძოლეს. საგოლე მომენტებიც იყო როგორც ერთ, ასევე მეორე კართან. მაგრამ ხალხმრავალმა აუდიტორიამ გოლი მაინც ვერ იხილა - 0:0. როგორც აღვნიშნეთ, ეს შედეგი უფრო იმერეთს აწყობდა. გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე ორივე გუნდს 69-69 ქულა გაუხდა. ურთიერთთამაშებით უპირატესობა იმერეთს აქვს და თუ ხონელები დარჩენილ მატჩებს უდანაკარგოდ ჩაატარებენ  და დიდი ალბათობით, ასეც იქნება, ზონალურ გათამაშებაში ისინი იპირველებენ. მერე კი, როგორც ვთქვით, საპირველლიგო პლეი ოფია.

იუზა კაციტაძე სამტრედიიდან

ავტორის ფოტოები