სიახლეები

მაისის სიმბოლური ნაკრები

გაუზიარე

------------ლუის ალბერტო-----------მოდებაძე-----------კაჭარავა--------------------
-----------------(სიონი)---------------------(დილა)--------------(ცხინვალი)----------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
ჭანტურიშვილი-----------კოშკაძე-------------ცინცაძე---------------პაპუნაშვილი
(დინამო თბ)----------------(გურია)-----------(დინამო თბ)------------(დინამო თბ)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------თოთაძე---------------------კვახაძე----------------ბაგაევი-------------------
---------------(დინამო თბ)-----------------(დილა)----------------(დილა)-------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------მიგინეიშვილი-----------------------------------------
--------------------------------------------------(დილა)-----------------------------------------------

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. მაისის მიმოხილვა

დილა მაისშიც პირველია

საქართველოს 2014-2015 წლების ჩემპიონატი უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ჩემპიონატს ღირსეული გამარჯვებული ჰყავს და ვერც ევროტურნირებზე გასულ სხვა გუნდებზე იტყვი, რომ ამ წარმატებას დაუმსახურებლად მიაღწიეს. ჩემპიონატის ნომინანტებს "ჩვენი თამაშის" ხვალინდელ ნომერში გაგაცნობთ, დღეს კი მაისში განვითარებული უმთავრესი მოვლენები გავიხსენოთ.

***
რაღა თქმა უნდა, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენით, ანუ დილას ჩემპიონობით უნდა დავიწყოთ. 13 მაისს, 28-ე ტურში, გორელებმა სტუმრად სამტრედია 1:0 დაამარცხეს, მდევართათვის მიუწვდომელნი შეიქნენ და პირველად იზეიმეს საქართველოს ჩემპიონობა.

***
დილა მხოლოდ სეზონის საუკეთესო გუნდი კი არ არის, მაისშიც ყველაზე უხვი მონაგარი აქვს. უჩა სოსიაშვილის გუნდის აქტივში ოთხი გამარჯვება და ერთი ფრეა.

***
მაისის კიდევ ერთი გამორჩეული გუნდი ცხინვალია. კახა კაჭარავას გუნდმა თვე წაუგებლად ჩაამთავრა, ჩემპიონატი მეოთხე ადგილზე დაასრულა და რაკი თასის ფინალში დინამო თბილისმა სამტრედიას სძლია, ისტორიაში პირველად, ევროთასებზე სამაჩაბლოური კლუბი ითამაშებს.

*** 
მაისი დადებითი ბალანსით განვლო ბოლნისის სიონმა, რის წყალობითაც უმაღლეს ლიგაში ადგილი შეინარჩუნა. ქვემოქართლელებმა, რომლებმაც შარშან ევროპის ლიგაზე იასპარეზეს, სეზონის უდიდესი ნაწილი უღიმღამოდ ჩაატარეს და ფინიშზეღა შეძლეს მოკრძალებული ამოცანის შესრულება.

***
ჩიხურამ და სამტრედიამ კი მაისიც ზუსტად ისე განვლეს, როგორც – მთელი სეზონი. ამ ორი იმერული კლუბისგან ჩვენც და ქომაგებიც ბევრს ელოდნენ, მაგრამ საევროპე ზონაში ვერც ერთმა შეაღწია. საჩხერელებმა უფრო ადრე ჩაიქნიეს ევროტურნირებზე ხელი, სამტრედიელი გულშემატკივრების იმედებს კი ცივი წყალი 26 მაისს, საქართველოს თასის ფინალზე გადაესხა.

***
ბათუმისა და თბილისის დინამოებმა ჩემპიონატი იდენტური ქულებით დაასრულეს, მაგრამ ურთიერთშეხვედრებში მიღწეული უკეთესი შედეგის გამო, ვერცხლის მედლები აჭარულ კლუბს ერგო. ბათუმის დინამომ ამ წარმატებას 17-წლიანი პაუზის შემდეგ მიაღწია. მაისში თბილისელებმა ერთი ქულით მეტი აიღეს, მაგრამ ეს ბათუმელთა გადასასწრებად არ ეყოთ.

***
ვიტ ჯორჯია მაისში შვიდი ქულა მოაგროვა. წინა თვეებში ვეტერინარებს ამასთან მიახლოებული შედეგიც არ ჰქონია და სწორედ ამიტომ იყო, გუნდი უმაღლეს ლიგას რომ დაემშვიდობა.

***
ზესტაფონი ჩემპიონატს აპრილში გამოეთიშა, მაგრამ ამ უსიამოვნო ამბავმა დაღი სამაისო ამბებსაც დაასვა. ნაკლული ტური და ზესტაფონის გასწვრივ მიწერული ტექნიკური 0:3 ხასიათს მხოლოდ ამ კლუბის კი არა, ყველა ქართველ ქომაგს გაუფუჭებდა.

***
დაბრუნება ათი წლის შემდეგ – ყველაზე ხმაურიანი სამწვრთნელო ცვლილება ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოხდა. გია გეგუჩაძე კვლავ დინამო თბილისის მწვრთნელია. ჩემპიონატის ბოლო ტურში მისი თავკაცობით ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანმა კლუბმა საჩხერის ჩიხურა 3:0 გაანადგურა, თასის ფინალში კი სამტრედიას ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანა. იმედია, დინამო ევროსარბიელზეც ასეთი შედეგიანი იქნება.

***
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ირაკლი მოდებაძე გახდა, რომელსაც გიორგი პაპუნაშვილი ორი ბურთით ჩამორჩა. აი, მაისის საუკეთესო სნაიპერობა კი ნიკა კაჭარავამ არავის დაუთმო – ცხინვალის ახალგაზრდა ფორვარდმა გასულ თვეში ოთხჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი ხუთჯერ დალაშქრა.

***
თვალი გადავავლოთ მაისში გამართულ იმ მატჩებს, რომლებმაც სატურნირო ცხრილზე ყველაზე დიდი გავლენა მოახდინა
დინამო ბთ-დინამო თბ (0:0): ამ ფრემ დინამოებს საჩემპიონო იმედები დააკარგვინა, დილას გაჩემპიონება კი დააჩქარა.
სამტრედია-დილა (0:1): უკვე ვთქვით, რომ დილამ ჩემპიონობა ამ შეხვედრის მოგებით გაინაღდა;
მეტალურგი-ვიტ ჯორჯია (0:0): ვეტერინარები რუსთავში დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ გამარჯვების გოლის გატანა ვერაფრით შეძლეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, უპირველესად, სწორედ ამ დანაკარგის გამო გავარდა ვიტ ჯორჯია პირველ ლიგაში.
შუქურა-დინამო ბთ (1:3): აჭარული დერბი ბოლო ტურში გაიმართა და სწორედ ამ გამარჯვებით დაეუფლნენ ბათუმელები ვერცხლის მედლებს.  

თვის ფეხბურთელი
გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბილისი)
მაისში ჩატარებულ ხუთ მატჩში გიორგიმ ოთხი გოლი გაიტანა და მხოლოდ დინამო თბილისში კი არ იყო გამორჩეული, თვის საუკეთესო ფეხბურთელადაც დავასახელეთ. პაპუნაშვილს ტრავმის გამო ჩემპიონატის ექვსი მატჩი გამოტოვა, დისკვალიფიკაციებმა სამი შეხვედრა გაუცდინა, თუმცა დარჩენილ 21 მატჩში ნათლად დაამტკიცა, რომ მისი სახით ქართულ ფეხბურთს დიდი იმედი ეზრდება. 

მაისის სიმბოლური ნაკრები:

ომარ მიგინეიშვილი (დილა): დილას კარის დარაჯმა მაისის შეხვედრებში მხოლოდ ერთი ბურთი გაუშვა;
ალან ბაგაევი, ალექსანდრე კვახაძე (ორივე - დილა): დილას კარში ერთ ბურთზე მეტი რომ არ გავიდა, ეს, ცხადია, გორელთა ცენტრალური მცველების არანაკლები დამსახურებაცაა. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ სამტრედიაში საჩემპიონო მატჩი დილამ კვახაძის გოლით მოიგო;
ლაშა თოთაძე (დინამო თბ): მაისში ორი მნიშვნელოვანი ბურთი გაიტანა – ჯერ ტორპედოს, შემდეგ კი ჩიხურას კარში;
გიორგი პაპუნაშვილი (დინამო თბ): მის მონაგარზე ზემოთ გიამბეთ;
მათე ცინცაძე (დინამო თბ): ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო საყრდენია და მაისის მატჩებშიც ჩვეულად საიმედო იყო;
ალექსანდრე კოშკაძე (გურია): 33 წლის ნახევარმცველი გურიას ერთ-ერთი ლიდერია, მაისში კი ყველაზე ღირებული ის გააკეთა, რომ თავის ყოფილ კლუბს, დინამო თბილისს მატჩის მიწურულს ეფექტური გოლი გაუტანა და მეტოქეს ძვირფასი ქულები დააკარგვინა.
ვახტანგ ჭანტურიშვილი (დინამო თბ): ახალგაზრდა მარცხენაფლანგელი დინამოს ზამთარში შეუერთდა, მაგრამ უმალ იქცა ახალი გუნდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად. ვახტანგის ანგარიშზე ოთხი სამაისო გოლია.
ნიკა კაჭარავა (ცხინვალი): უკვე გითხარით, რომ ნიკა მაისის საუკეთესო ბომბარდირია, რამაც თვის სიმბოლურ ნაკრებში ავტომატურად "დაუჯავშნა" ადგილი.
ირაკლი მოდებაძე (დილა): ტრავმის გამო რამდენიმე მატჩი გაუცდა, მისი დაბრუნების შემდეგ კი დილას გამტანი ფორვარდის პრობლემა მოეხსნა.
ლუის ალბერტო (სიონი): ბოლნისელებმა ჩემპიონატის ბოლო სამ მატჩში ქულათა მაქსიმუმს მოუყარეს თავი, რაშიც მათმა პორტუგალიელმა ლეგიონერმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა.

ლევან ჯანეზაშვილი