სიახლეები

წესი წესია

გაუზიარე

სასიამოვნოდ ხვდება ყურს და თვალს, როცა ვხედავთ და გვესმის, რომ ამა თუ იმ გამოჩენილ კაცს, დავარქვათ მას პირობითად თუნდაც ფრანც ბეკენბაუერი, ზოგჯერ უბრალო მოკვდავივით საგულდაგულოდ ამოწმებენ სტადიონზე შესვლისას. სტიუარდს თუ უსაფრთხოების თანამშრომელს სრულებით არ ანაღვლებს სტუმრის რეგალიები, მისთვის სულ ერთია, ვის საშვს ამოწმებს, გერმანული ფეხბურთის ლეგენდისას თუ სრულიად უცნობი მაყურებლისას. შემმოწმებელი თავის საქმეს, თავის მოვალეობას ასრულებს და ის ყველა საშვს ერთნაირი გულმოდგინებით ამოწმებს. პირობითი ბეკენბაუერიც მოთმინებით, გაგებითა და ხშირად ღიმილით ეკიდება მსგავს პროცედურებს. ამგვარი ურთიერთობა თუ წამიერი თანამშრომლობა კარგად ასახავს გერმანული საზოგადოების მენტალობას. 

გუშინწინდელმა შემთხვევამ მიხეილ მესხის სტადიონზე კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ შესამოწმებელსა და შემმოწმებელს შორის ამგვარი ურთიერთობის დამკვიდრებისგან ჯერ კიდევ შორს ვართ. სასულიერო პირის დაცულ ზონაში შეჭრამ და მსაჯების შეურაცხყოფამ ისიც დაგვიდასტურა, რომ საზოგადოებაში, სადაც ეს შეიძლება მოხდეს, სერიოზული პრობლემებია, მეტი, ვიდრე, უბრალოდ, ყოფითი თუ სოციალური. ეს ინციდენტი უთუოდ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს მსოფლიო ფეხბურთის კურიოზების ისტორიაშიც. ადვილი წარმოსადგენია, როგორ იქილიკებს ამის შესახებ რუმინული პრესა, თუკი არბიტრებმა ინებეს და დუმილი დაარღვიეს: ყველგან, ყველა ქვეყანაში როდი ხდება, რომ მატჩის შემდეგ გასახდელში მსაჯებთან საქმის გასარჩევად საეკლესიო პირი იჭრება, საფეხბურთო თემიდის წარმომადგენლებს ლაზათიანად ამკობს და მათ სამშობლოსაც “საკამათო კონტექსტში” მოიხსენიებს. 

ამ შემთხვევამ ისიც დაგვიდასტურა, რომ წეს-კანონის უზენაესობა ჩვენში ძველებურად უფრო თეორიული მცნებაა, ვიდრე, უბრალოდ, საზოგადოების მიერ გათავისებული ფაქტი. საკვირველია, რომ 2015 წელსაც გვიწევს შევახსენოთ ყველას, რომ წესი წესია და კანონი კანონი უბრალო მოკვდავისთვის, საჯარო პირისთვის, ჩაფხუტიანისა თუ ანაფორიანისთვის. მათთვის კი, ვისაც ეს სიტყვები კონკრეტიკას მოკლებულად ეჩვენება, რა გაეწყობა, უფრო გასაგებად ვიტყვით: ნუ შეეცდებით შეხვიდეთ იქ, სადაც არაფერი გესაქმებათ, სადაც არ შეგესვლებათ, სადაც არავინ გელით! ნუ ეცდებით ზემოქმედების მოხდენას მათზე, ვინც სინდისიერად აკეთებს თავის საქმეს. სტიუარდებსა და დაცვის თანამშრომლებს კი მოვუწოდებთ: ნუ შეგაცდენთ და დაგრთგუნავთ ნურავის სტატუსი თუ სოციალური სიმაღლე! გაბედულად აკეთეთ თქვენი საქმე...

წინ სუპერთასია, მოდი, მოვახერხოთ და ყველამ ერთად ღირსეულად ვუმასპინძლოთ ევროპელ სტუმრებს!