სიახლეები

სფფ-ის პრეზიდენტი ფიფას კონგრესსა და სხვა ამბებზე

გაუზიარე

...ფიფას არჩევნების შედეგები, ანუ ბლატერის მორიგი, უკვე მეხუთე ვადით არჩევა არ გამკვირვებია. იქ, სადაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრებმა, ფიფას კონგრესის დელეგატების ოთხმა პროცენტმა, არ იცის მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის ვინაობა, ბლატერის არჩევა რაღა გასაკვირია?!...

...ფიფას რეფორმირება გარდაუვალია...ის ფაქტიც კი, რომ  ციურიხში დაკავებულთაგან ყველაზე ახალგაზრდა 64 წლის ,,ბიჭუნაა“, ნათლად მეტყველებს: ეს ორგანიზაცია მენტალურადაც და ფიზიკურადაც დაბერდა...

...არჩევნებში გამარჯვებით ბლატერს არაფერი მოუგია. უეფა ფიფას უმნიშვნელოვანესი სეგმენტია. ამის მაგალითი თუნდაც ის ფაქტია, რომ „სუპერთასი 2015“-ის  ტელეტრანსლაციის უფლების შეძენის სურვილი 202-მა ქვეყანამ გამოთქვა. მაგრამ დავანებოთ ამ ფაქტს თავი. განა თქვენ წარმოგიდგენიათ მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია და ინგლისი არ იქნებიან?! ფიფას გზა ჩიხურია, ამიტომ უეფა გაჩერებას არ აპირებს და ეს მხოლოდ დასაწყისია. უკვე მზადდება ახალი პროექტი, ევროპის ღია ჩემპიონატი, რომელშიც კონტინენტის გუნდების გარდა, მოწვეული იქნებიან ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებები და კიდევ ერთი ან ორი გუნდი. პროექტის თანახმად, პირველობა ორ წელიწადში ერთხელ ჩატარდება და დარწმუნებული ვარ, განხორციელების შემთხვევაში სანახაობრივადაც და ფინანსურადაც ძალიან წარმატებული იქნება. პლატინი არაა ის კაცი, რომელიც ჰაერზე ლაპარაკობს. ასე რომ, ამ იდეის ხორცშესხმა სავსებით რეალურია. სხვათა შორის, ინგლისი უკვე ფიქრობს 2018 წლის მუნდიალის ბოიკოტზე...

...ფიფა დიდი ხანია, აღარაა ეფექტური, პროდუქტიული ორგანიზაცია ეროვნული ფედერაციებისთვის. შედარებას მოვიყვან: უეფამ შარშან დაახლოებით 2 მილიარდი დოლარი გამოიმუშავა სპონსორული და სარეკლამო შემოსავლებიდან, ჩემპიონთა ლიგიდან, ტელეტრანსლაციებიდან, საიდანაც ეროვნულ ფედერაციებს 1.6 მილიონი დოლარი შეხვდათ. ფიფამ 2014 წელს  4 მილიარდ 100 მილიონი დოლარი მიიღო, საიდანაც ჩვენს ფედერაციას სულ 250 ათასი დოლარი ერგო ჩვენი ფეხბურთის ყველა სეგმენტისთვის: ეროვნული და ყველა ასაკობრივი ნაკრებისთვის, ქალთა ფეხბურთისთვის. განსხვავება სახეზეა...

...ფიფას მიმართ სხვა პრეტენზიაც გვაქვს. ისინი დროულად ვერ ახერხებენ კლუბების დავების განხილვას და სამწლიანი პერიოდის შემდეგ უარს ამბობენ საქმის წარმოებაზე, აქაოდა, ვადა გავიდაო. ნებისმიერი ქართული კლუბისთვის 200 ათასი ევრო სერიოზული თანხაა. იგივე ზესტაფონის დავა ლვოვის კარპატისთან დროზე რომ განხილულიყო და ქართულ კლუბს უკრაინელებისგან სადავო 180 ათასი ევრო მიეღო, იქნებ მათ ფინანსური პრობლემები აღარც შეჰქმნოდათ...

...გერმანიის ნაკრებთან საშინაო მატჩში სტრიკერების მოედანზე შერბენებმა პრობლემები შექმნა, მაგრამ, საბედნიეროდ, უეფა ფინანსური სანქციებით შემოიფარგლა და სტადიონი ასცდა დისკვალიფიკაციას. მაგრამ, სასულიერო პირის დაცულ ზონაში შეჭრა, მსაჯების ლანძღვა და მათი ქვეყნის გინება უკვალოდ ვერ ჩაივლის. სამწუხაროდ, ეს ფაქტი დაფიქსირდა უეფას დელეგატის რაპორტში და ეს ჩვენს ქვეყანას, მატსჩების უსაფრთხოების მხრივ, რისკის ჯგუფის სახელმწიფოების რიგში აყენებს..