სიახლეები

დინამო ოთხეულით გაძლიერდა: იაშვილი და სამი ახალგაზრდა

გაუზიარე

თბილისის დინამომ ახალი ფეხბურთელებით გაძლიერება უკვე დაიწყო. საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდში ითამაშებენ: 37 წლის ფორვარდი ალექსანდრე იაშვილი, 24 წლის მეკარე გიორგი ბეგაშვილი, 22 წლის მარჯვენა მცველი არჩილ ტვილდიანი და 26 წლის მარცხენა მცველი გიორგი გურული. 

ბეგაშვილს უთამაშია ჩიხურაში, გაგრასა და სამტრედიაში, დინამოში კი მარტვილის მერანიდან გადავიდა. ტვილდიანი ადრე უკვე იცავდა თბილისის დინამოს ღირსებას და მაშინ, როდესაც დინამოელთა თავკაცი გიორგი დევდარიანი იყო, ძირითადის ფეხბურთელი იყო, მაგრამ შემდეგ გუნდი დატოვა, ბოლოს კი ქობულეთის შუქურას ერთ-ერთი ლიდერი იყო. ასევე შუქურადან გადავიდა დინამოში გურულიც, რომელიც თავის პოზიციაზე ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ მოთამაშედ ითვლება ჩვენს ჩემპიონატში. 

რაც შეეხება იაშვილს, მას წარდგენა არ სჭირდება. დინამოში მის შესაძლო გადასვლაზე `ჩვენი თამაშის~ ჯერ კიდევ გუშინწინდელ ნომერში ვწერდით, რომელშიც თავად ფეხბურთელთან ინტერვიუც შემოგთავაზეთ. “აკუნასთან” ნაუბარს ამ ნომერშიც წაიკითხავთ.    

პაატა ძნელაძე