სიახლეები

ბედნიერი კაცი - ალექსანდრე იაშვილი 18 წლის შემდეგ დინამოს დაუბრუნდა

გაუზიარე

ალქსანდრე იაშვილი დინამოში 18 წლის შემდეგ დაბრუნდა. ერთ-ერთმა საუკეთესო ქართველმა ფეხბურთელმა თბილისის დინამო 1997 წლის ზაფხულში დატოვა და 2015-ის ზაფხულში დაბრუნდა. დინამოში გატარებულ ხუთ სეზონში `აკუნამ~ 89 მატჩი ჩაატარა და 84 გოლი გაიტანა, მათ შორის თელავის კახეთთან პროფესიული კარიერის პირველი გოლი. ალექსანდრე იაშვილი საქართველოში ყველა საკლუბო ტიტულის მფლობელია, 2004 და 2008 წლებში კი გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვით წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 

მისი გზა დინამოდან დინამომდე გრძელი, დამღლელი და ახალი თაობისთვის სამაგალითოდ წარმატებულია. იაშვილმა ფეხბურთის თამაში წინა სეზონის ბოლოს, გერმანიიდან დაბრუნებულმა დაამთავრა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სულ რამდენიმე თვით... ზამთარში ის სამტრედიას შეუერთდა, თასის ფინალის შემდეგ კი ისევ დინამოელი გახდა... აკი გვითქვამს კიდეც _ გია გეგუჩაძეს საფეხბურთო გემოვნება არ დაეწუნება...

_ ბედნიერი ვარ, რომ მშობლიურ დინამოში დაბრუნებამ მომიწია. საქართველოს უპირველესი კლუბიდან 18 წლის წინ გერმანულ ლიუბეკში გადავედი და გერმანიას 18 წელიწადი შემოვრჩი _ გვითხრა ალექსანდრე იაშვილმა, _  მიყვარს დინამო და დინამოელები. ჩემი ამ კლუბში დაბრუნებაც სწრაფად მოხდა. თასის ფინალის შემდეგ, რამდენიმე დღეში, დინამოს მწვრთნელი გია გეგუჩაძე დამიკავშირდა და გადასვლა შემომთავაზა. შევხვდით ვისაუბრეთ, მოსაფიქრებლად ერთი დღე ვითხოვე და თანხმობა ვთქვი. დინამოში ახლა ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, მათ დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ და კლუბისთვისაც და მთლიანად ჩვენი ფეხბურთისთვის კარგი იქნება, თუ თავიანთ შესაძლებლობებს ბოლომდე გამოიყენებენ. 

ჩანს, დინამოს შეთავაზებაზე დიდხანს არ გიფიქრია...

ცხადია, არა. მწვრთნელს პასუხი მეორე დღესვე ვუთხრაი. სხვანაირად არც იქნებოდა, დინამო ხომ ჩემთვის ცხოვრების ნაწილია. შემდეგ კლუბის ხელმძღვანელობას შევხვდი, ვისაუბრეთ და ჩემი დინამოში გადასვლაც ოფიციალურად გაფორმდა. მიხარია, რომ კარიერის დასრულება იმ კლუბში მომიწევს, სადაც ფეხბურთის თამაში 19 წლისამ დავიწყე და თეთრ-ლურჯი მაისურით ბევრი დაუვიწყარი მატჩი ჩავატარე. 

დარწმუნებული ხარ, რომ დინამო შენი ბოლო კლუბია?

დიახ, ახლა უკვე ნაღდად შემიძლია ვთქვა, რომ საფეხბურთო კარიერას დინამო თბილისში დავამთავრებ.

დინამოში როდემდე დარჩები, მხოლოდ ევროსარბიელზე ითამაშებ?

არა, დინამოში მომავალ ზაფხულამდე ვითამაშებ. ვიმედოვნებ, ჩემი გამოცდილება დინამოს ახალგაზდრებს გამოადგებათ, მათ რჩევებსა და ყურადღებას არ მოვაკლებ.

ვარჯიშს უკვე შეუდექი?

დინამო 4 ივნისს იწყებს ახალი სეზონისთვის მზადებას, მე კი გუნდს 8-ში შევუერთდები.

კობა ინასარიძე