სიახლეები

გიორგი ჩიხრაძე: ქართული ფეხბურთის მომავლის რომ არ მჯეროდეს...

გაუზიარე

გიორგი ჩიხრაძეს როგორც ფეხბურთელსაც კარგი რეპუტაცია ჰქონდა და აქვს როგორც მწვრთნელსაც. ეროვნული ნაკრების საიმედო მცველი მოგვიანებით თბილისის ამერის ფეხბურთელი, შემდეგ კი მთავარი მწვრთნელი გახდა. ყველას ახსოვს, თუ როგორი ამერი ჰყავდა ჩიხრაძეს – დისციპლინირებული, გამართული ფეხბურთით. 

ამერის დაშლის შემდეგ ჩიხრაძემ აზერბაიჯანს მიაშურა და ჯერ კახა ცხადაძის თანაშემწე იყო ბაქოს ინტერში, ხოლო შემდეგ _ ზაქათალის სიმურგის თავკაცი. სიმურგს ინტერის, ყარაბაღისა თუ ნეფთჩის დარი წარმატებები არ ჰქონია, თუმცა კლუბი ფინანსური შესაძლებლობებით აშკარად ჩამორჩებოდა წამყვან აზერბაიჯანულ გუნდებს. 

ამჟამად კი ჩიხრაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის, კახა ცხადაძის ასისტენტია. შტაბი შეივსო: ცხადაძის თანაშემწეები აქამდე გია ცეცაძე და მილოშ ევტიჩი იყვნენ, ახლა კი ჩიხრაძეც შეემატათ. 47 წლის ჩიხრაძეს თბილისში ვესაუბრეთ, რადგან ნაკრებს ავსტრიაში ჯერ არ გაჰყოლია...

ჩიხრაძე: ვიზას ველოდები. საბუთები შეტანილია და როგორც კი ვიზას ავიღებ, ნაკრებს ავსტრიაში შევუერთდები. 

ბაქოს ინტერიდანაც გქონდათ შემოთავაზება. 

დიახ, მაგრამ უარი ვთქვი. როგორც იცით, ინტერში გაურკვეველი ფინანსური მდგომარეობაა და ჯერაც უცნობია, როგორ წარდგება კლუბი ევროტურნირებზე. სიმურგიც ცუდ დღეშია, თებერვლიდან მოყოლებული, სულ გაურკვევლობაა და საერთოდ იარსებებს თუ არა კლუბი სიმურგი, ესეც საკითხავია. 

ალბათ, ხელფასიც არ აგიღიათ მწვრთნელებსა და ფეხბურთელებს. 

თებერვლიდან საერთოდ არ აგვიღია და როდის ავიღებთ, ესეც გაურკვეველია. როგორც იცით, ინტერსაც და სიმურგსაც აზერბაიჯანში მოქმედი საერთაშორისო ბანკის მმართველი აფინანსებდა. მმართველი გადადგა და კლუბი ბედის ანაბარა დარჩა. 

აზერბაიჯანში სხვა კლუბებსაც აქვთ ფინანსური კრიზისი? თუ აქვთ, რამ გამოიწვია ეს? 

გასული სეზონის მსვლელობისას არაზი გაუქმდა. საკმაოდ დიდბიუჯეტიანი ბაკი ფინანსურად ისე დაუძლურდა, რომ გამოუცდელი ფეხბურთელების ამარა დარჩა და გავარდა. ბიუჯეტი გაუნახევრდა ლენქორანის ხაზარს, რომელიც ერთ დროს კავკასიაში ყველაზე მდიდარი კლუბი იყო. რამ გამოიწვია ეს? ძნელია ერთი კონკრეტული მიზეზის დასახელება, მაგრამ ეტყობა, ნავთობის ფასის დაცემამ იმოქმედა, რის გამოც აზერბაიჯანის ეკონომიკას პრობლემები შეექმნა. 

დავუბრუნდეთ ქართულ ფეხბურთს: საქართველოს ნაკრების ამბებზე ინფორმირებული ხართ და როგორი იმედებით ელით უახლოეს ორ მატჩს? 

უპირველესად, მადლობას ვუხდი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომ ნდობა გამომიცხადა. ასევე მადლობელი ვარ კახა ცხადაძის. მიხარია, რომ სამშობლოში დავბრუნდი. სწორი მუშაობით ნამდვილად შეგვიძლია შედეგის მიღწევა. საამისოდ ჯერ კარგად უნდა დავალაგოთ თამაში. უკეთესობის იმედი მაქვს და მჯერა კიდეც. ქართული ფეხბურთის მომავლისა რომ არ მჯეროდეს...

საქართველოს ჩემპიონატში ნაკრების ამჟამინდელი შემადგენლობის არც ერთ ფეხბურთელთან არ გიმუშავიათ, თუმცა წესით, მათი შესაძლებლობები უნდა იცოდეთ. რას იტყვით, რამდენად პერსპექტიული ნაკრებია? 

დავეთანხმები კახა ცხადაძეს, რომელიც ამბობს, რომ ნაკრებში არაერთი საინტერესო ფეხბურთელია. ნიჭიერი ახალგაზრდა თაობა მოდის და ბუნებრივია, მათი იმედიც გვექნება. 

ილია ნანობაშვილი