სიახლეები

,,ზვიად სიჭინავამ წარსულთან შეგვახვედრა” - ვეტერანები და ცნობილი ქომაგები ვარსკვლავების ხეივნის შესახებ

გაუზიარე

ვარსკვლავების ხეივანმა გულშემატკვირების დიდი ინტერესი გამოიწვია. ხეივანის გახსნის დღიდან, არ წყდება მნახველთა ნაკადი. ქომაგები დიდი ინტერესით სტუმრობენ ხეივანს, სადაც ქართული ფეხბურთის ყველაზე მნიშვნელოვანი გამარჯვებებია ასახული. გუშინ ზოგიერთ მათგანს გავესაუბრეთ. ვეტერანი ფეხბურთელებში და ცნობილ ქომაგებში ქართული ფეხბურთის დიდების ხეივანმა განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა.

ლევან ნოდია: აი, აქ ვართ მე, მურთაზ ხურცილავა, სერგო კუტივაძე და ის გულშემატკივრები, ვინც 
ჩვენს დროს, თამაშს არ აცდენდნენ. დიდი მადლობა ბატონ ზვიადს ყველაფრისთვის. ეს ხეივანი ზუსტად ასახავს ჩვენდამი დამოკიდებულებას - ესაა ყურადღება და დაფასება. მოხარული ვიქნები, თუ ახალგაზრდა ფეხბურთელებიც დაინტერესდებიან ხეივნით და ხშირად მოვლენ აქ, რათა კარგად გააცნობიერონ ვინ ვართ, საიდან მოვდივართ და რისთვის მიგვიღწევია.

რევაზ ძოძუაშვილი: ეს ჩვენი დაფასებაა და მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, პირადად ბატონ ზვიადს. ჩვენ ფეხბურთში დღესაც აქტიურად ვართ ჩართულები და პირადად მე ახლა უფრო მეტი ენთუზიაზმით გავაგრძელებ საქმიანობას. ჩანს, ფეხბურთელობის პერიოდში ტყუილად არ გვიღვრია ოფლი მინდორზე და ტყუილად არ გაგვიხარებია ქართველი ხალხი. დიდებულია, რომ ეს ყველაფერი ამ სახით აისახა. ცვენი ფეხბურთის მომავლისთვისაც მნიშვნელოვანია, ამის მნახველი და გამცნობიერებელი ახალგაზრდა თაობა მეტი პასუხისმგებლობითა და თავდადებით ითამაშებს.

სერგო კუტივაძე: ამ ლამაზი ხეივნის გაკეთება, კიდევ ერთი დასტურია ვეტერანი ფეხბურთელების პატივისცემისა და ამისთვის ბატონ ზვიად სიჭინავას დიდი მადლობა ეკუთვნის. ვეტერანების მიმართ ამდენი ყურადღება აქამდე არავის გამოუჩენია. ამ ხეივანში მამები მოიყვანენ შვილებს, რომლებსაც შეეძლებათ, ქართული ფეხბურთის ისტორიას შეავლონ თვალი. აქვე აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ბატონი ზვიადია, ინფრასტრუქტურის მხრივაც ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ეს კი ჩვენი ფეხბურთის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა.

დევი დობორჯგინიძე, გულშემატკივარი: ჩვენ, ფაქტობრივად, წარსულთან შეგვახვედრა ბატონმა ზვიად სიჭინავამ. წარსული კი ვისაც ავიწყდება, იმას მომავალიც ვერ ექნება. ასე რომ, ვერის ბაღის გულშემატკივრების სახელით, დიდი მადლობა შესანიშნავი იდეისთვის და განხორციელებისთვის. ერთს აღვნიშნავ ხაზგასმით - რასაც ვხედავ და როგორც ვხედავ, ვრწმუნდები, ამ კაცს სისხლში აქვს გამჯდარი კეთილი საქმეების კეთება და მისი საქმიანობა მუდმივად სიკეთისკენ არის მომართული. რაც მახსოვს, ამდენი არასდროს, არავის გაუკეთებია. კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა ბატონ ზვიადს.

თემურ ღაღანიძე, გულშემატკივარი: შესანიშნავია და რაც ვნახე, ყველაფერი ბრწყინვალედაა გაკეთებული. ეს ხეივანი იმ ხალხის პატივისცემა და უკვდავყოფაა, რომლებიც წლების მანძილზე ქართველ ხალხს უდიდეს სიხარულს ანიჭებდნენ. ძალიან ბედნიერი ვარ, აქ ზუსტად იმ ბიჭების ვარსკვლავებია გახსნილი, რომელთა გამოც თამაშამდე ერთი კვირით ადრე ვდგებოდით ბილეთების რიგში. იმ დროს საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი საზრუნავიც ეს იყო: ბილეთების და აბონემენტების განაწილება და ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ეს აბონემენტი ჯიბეში მედო - მთელი წლის მანძილზე თბილისში დიდი ფეხბურთი გარანტირებული მქონდა. ღმერთმა ქნას, უახლოეს მომავალშიც ასე იყოს და ჩვენი ფეხბურთელები ისე თამაშობდნენ, რომ ახლა უკვე მათი გულისთვის ვათევდეთ ღამეებს და ვდგებოდეთ ბილეთების უზარმაზარ რიგებში.

დავით ქლიბაძე, ჟურნალისტი: რა თქმა უნდა ძალიან კარგი საქმე გაკეთდა და ეს ჩვენი ვეტარანების დაფასებას კიდევ ერთხელ მიანიშნებს. სიმართლე გითხრათ, დიდების ხეივანში რამდენიმე გვარის გამოჩენამ გამაკვირვა და ასევე გამაკვირვა, რამდენიმე გვარის არყოფნამ. თუმცა, ეს დეტალია. ვიმეორებ, ძალიან კარგი საქმე გაკეთდა. 

ალექსანდრე კობაიძე: 1950 წლიდან არც ერთი თამაში არ გამიცდენია, ახლა საბურთალოსა და ლოკომოტივის მონაწილეობით პირველი ლიგის შეხვედრებსაც ვესწრებოდი, რადგან მაინტერესებს, რა ხდება, რა დონეზეა ქართული ფეხბურთი და მისი მომავალი. პირდაპირ გეტყვით, რამდენსაც ფედერაციის ეს ხელმძღვანელობა აკეთებს, ამდენი ფედერაციის არც ერთ ადრინდელ ხელმძღვანელობას არ გაუკეთებია. კი ბატონო, ქართულ ფეხბურთში არის გარკვეული პრობლემები, მაგრამ ყველაფერს ფედერაციის პრეზიდენტს რომ აბრალებს ზოგიერთი, ეს არასწორია. რაც პრეზიდენტის მოეკითხება, ყველაფერს მშვენივრად ართმევს თავს და ამის დაუნახაობა და დაუფასებლობა უმადურობა იქნება. დიდების ხეივანის მოწყობაც კარგი და საშური საქმის კეთების ჩინებული მაგალითია _ ეს ჩვენი ძვირფასი ვეტერანების კიდევ ერთხელ დაფასებაა და ამას მხოლოდ მივესალმები.