სიახლეები

ესპანეთმა ერთი ამოსუნთქვით მოიგო

გაუზიარე

3 ივნისი. თბილისი. „მიხეილ მესხი“ (სათადარიგო). 300 მაყურებელი

ესპანეთი-პორტუგალია 4:0

1:0 კარიკოლი (22), 2:0 მაიორალი (28), 3:0 ასენსიო (50), 4:0 პედრასა (80)

ესპანეთი: სივერა, კარიკოლი, მერე, მერინო, დანი კაბალიოსი, მაიორალი (ვილალიბრე 61), ასენსიო (კონჩა 78), პედრასა, ერნანდესი (შეიხი 72), ვალეხო, სან ემეტერიო

სათადარიგოები: სიმონი, მარინი, რამირესი, პასტრანა

მწვრთნელი: ლუის დე ლა ფუენტე

პორტუგალია: ჟოელ პერეირა, ჟორჟე სილვა, რუბენ დიასი, ჟილსონ კოშტა, ფლავიო სილვა (რენატო სანჩესი 46), პედრო როდრიგესი, ალეშანდრე სილვა, ჟოაო ლიმა, დალსიო გომეში, ანდრე ორტა (რუბენ მასედო 58), პაულო ენრიკე 

სათადარიგოები: ჟოაო კოშტა, დიოგო სოუსა, ჟოაო სერანო

მწვრთნელი: ედგარ ბორჟესი

გაფრთხილება: ალეშანდრე სილვა (43), ფლავიო სილვა (45), დალსიო გომეში (62), კარიკოლი (70), ჟოაო ლიმა (88). ჟილსონ კოშტა (89)

მსაჯი:Lდანიელ ზიბერტი (გერმანია)

მართალია, სასტარტო ორ ტურში ესპანელებმა პორტუგალიელებზე გაცილებით უკეთესი ფეხბურთი ითამაშეს და გადამწყვეტი მატჩის ფავორიტებადაც მიიჩნეოდნენ, მაგრამ მაინც იმედი გვქონდა, რომ „მიხეილ მესხის“ სათადარიგო მოედანზე მეტ-ნაკლებად თანაბარი ბრძოლა მაინც გაიმართებოდა. თუმცა პირინეულ დაპირისპირებას ბრძოლა ნაკლებად ეთქმოდა – მოედანზე მხოლოდ ერთი გუნდი ქმნიდა ღირებულ ეპიზოდებს, მეორე კი ამაოდ ცდილობდა მეტოქისთვის ხელის შეშლას.
ესპანეთის ნაკრებმა ამ ქვეყნის ფეხბურთისთვის დამახასიათებელი სტილით ითამაშა, თუმცაღა მოედნის ცენტრში მოკლე-მოკლე პასების გათამაშების გარდა, ფლანგურ გარღვევებსაც ხშირად მიმართავდა. 28-ე წუთისთვის უკვე ყველაფერი თავის ადგილზე იდგა – პორტუგალიელთა კარში ორივე გოლი მრავალსვლიანი კომბინაციის შედეგად გავიდა. 
პირველი ორი გოლისას პორტუგალიური დელეგაციის თავკაცს, სახელოვან ჟოაო პინტუს სახეზე უკმაყოფილების ტალღამ გადაუარა და გვერდით მჯდომ კოლეგასთან ერთად ემოციურად გაარჩია ეს ეპიზოდები, აი, მეორე ტაიმში გასულ ბურთებს კი იგი უკვე მშვიდად შეხვდა – შესვენების შემდეგ ისიც და გუნდიც უკვე შეგუებულნი იყვნენ მარცხს.
მეორე ტაიმში პორტუგალიელებმა ზურგი მოაშიშვლეს და შეიქმნა შთაბეჭდილება, ოღონდ ერთი გოლი გაეტანათ და არ დაეძებდნენ, საკუთარ კარში რამდენს მიიღებდნენ. ედგარ ბორჟესის გუნდმა ორი-სამი კარგი შანსი გაუშვა ხელიდან, ესპანელებს კი კონტრშეტევებისთვის სამოქმედო არეალი გაუფართოვდათ და ანგარიშს მოწინააღმდეგისთვის კატასტროფული სახე მისცეს.
აქვე ვთქვათ, რომ დაკისრებულ მოვალეობას თავი საუცხოოდ გაართვა 31 წლის გერმანელმა არბიტრმა დანიელ ზიბერტმა, რომელმაც მატჩი უშეცდომოდ განსაჯა და ბარათებიც უხვად აფრიალა – ესეც სამართლიანად.
ესპანელებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება მოკრძალებულად აღნიშნეს, იმ შეგრძნებით, რომ უბრალოდ, გეგმა შეასრულეს. პორტუგალიელებს კი ცხარე ცრემლებით არ უტირიათY- მსაჯის საფინალო სასტვენისთანავე წრე შეკრეს და მწვრთნელებმა და ფეხბურთელებმა ერთმანეთს მადლობა გადაუხადეს.
პირველ ადგილზე რა გითხრათ და, მეორე პოზიციაზე გასვლას საქართველო პორტუგალიაზე არანაკლებ იმსახურებდა – ამ გუნდთან არწაგება კი არა, გამარჯვებაც ხელგვეწიფებოდა.

ლევან ჯანეზაშვილი


1. ესპანეთი 3 3 0 0 13-1 9
2. პორტუგალია 3 2 0 1 7-2 6
3. საქართველო 3 1 0 2 5-8 3
4. თურქეთი 3 0 0 3 2-13 0