სიახლეები

საქართველომ თურქეთი ბოლოს ბოლოთი გაისტუმრა, ჩვენ _ იმედით

გაუზიარე

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ბევრი იჯაფა, ბევრი ირბინა და ბოლოს, დიდი ნერვიულობის ხარჯზე, სამი ქულა მოიპოვა. 

სამწუხაროდ, ელიტრაუნდის გუშინდელი, ბოლო მატჩი ჩვენებისთვის უმოტივაციო იყო, სატურნირო თვალსაზრისით უმნიშვნელო იყო თურქეთისთვისაც, გუნდისთვის, რომელიც თბილისში ერთ-ერთი ფავორიტის სტატუსით ჩამოვიდა, პირველივე შეხვედრის შემდეგ კი აუტსაიდერად მოინათლა. ეროვნული გუნდის დონეზე თურქებს მომავალში ამ ნაკრების იმედი თუ უნდა ჰქონდეთ, მათი საქმე კარგად ვერ ყოფილა... 

ჩვენებს აშკარად ეტყობოდათ, რომ ესპანეთსა და პორტუგალიას დიდი ენერგია შეალიეს. ამ ორი თამაშის შემდეგ გიორგი დევდარიანის "სამწყსოც" შეთხელდა, დისკვალიფიკაციის გამო საქართველოს ნაკრების 18-ფეხბურთელიან განაცხადს განაპირა მცველი აკაკი შულაია და შემტევი ლუკა ზარანდია აკლდნენ. ზარანდიას დისკვალიფიკაციის ამბავი კი, საერთოდ, ცალკე სალაპარაკო თემაა. ამ უდავოდ ნიჭიერმა ფეხბურთელმა თბილისურ ელიტრაუნდში, მაშინ, როცა გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა, სრულად ერთი მატჩიც ვერ ჩაატარა. პირველი შეხვედრა ესპანეთთან შესარჩევი ეტაპის ბოლო მატჩში სრულიად უაზროდ მიღებული ყვითელი ბარათის გამო გამოტოვა; მეორე შეხვედრა პორტუგალიასთან ითამაშა, მაგრამ რად გინდა, ვერც ის მატჩი ჩაამთავრა და ასევე უაზროდ გააძევებინა მსაჯს თავი, რაც თურქებთან მატჩის გამოტოვებად დაუჯდა. ლიდერები კი ასე არ იქცევიან. 

მოკლედ, დევდარიანს ცალკე შემადგენლობის თვალსაზრისით ჰქონდა პრობლემა, ცალკე ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ განწყობაზე უნდა ეზრუნა და ისინი სათამაშოდ განეწყო. იქნებ იკითხოთ, ნაკრების ფეხბურთელს რაღა განწყობა სჭირდებაო, მაგრამ ნუ დავივიწყებთ ფეხბურთელთა ასაკს და ნურც იმას, რომ ჯგუფის ბოლო მატჩი გახლდათ. ჩვენებისთვის ერთადერთი მოტივაცია ტრიბუნაზე მყოფი ქომაგისთვის თავის მოწონება და ჯგუფში ბოლო ადგილისთვის თავის დაღწევა იყო.   

თავის მოწონებისა რა გითხრათ, მაგრამ თურქ თანატოლებს ბოლო წუთზე გატანილი გოლით აჯობეს და ელიტრაუნდი მესამე ადგილით ჩაამთვარეს. ცხადია, იყო შანსი, რომ მატჩი ფრედ დამთავრებულიყო და მესამე ადგილი ჩვენებს ასე დარჩენოდათ, მაგრამ სამმატჩიან ტურნირში ერთი მატჩის მოგება, ცხადია, უკეთესია.

გიორგი დევდარიანი იძულებული იყო, ტაქტიკური გადაადგილებები გაეკეთებინა. მაგალითად, ცენტრფორვარდი ილია კერძევაძე მწვრთნელმა მარცხენა ფლანგზე გაამწესა, მეორე ტაიმის ერთი პერიოდი მცველადაც ათამაშა, მატჩი კი ჩვეულ ადგილზე, თავდასხმის ხაზში დაამთავრებინა. 

ჩვენები პირველ ტაიმში მეტოქეს უფრო მწყობრად უტევდნენ და რამდენიმე კარგი მომენტიც შექმნეს. როგორც წინა ორ შეხვედრაში, თურქებთანაც ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ გიორგი ხარაიშვილი, ვინც ცალკე პასებს ანაწილებდა, ცალკე კი თამაშს თავის თავზე იღებდა და მეტოქეს თავად ემუქრებოდა. ჩვენმა 19-წლამდელებმა თურქების კართან რაც შექმნეს, ყველაფერი სწორედ ხარაიშვილის `გავლით~ მოხდა. მეტოქის მეკარე უგურჩანმა ხარაიშვილს არაფრით გაატანინა, თუმცა რამდენჯერმე ვერც ფეხბურთელმა ივარგა. საგოლედ ჩინებული მომენტები ჰქონდა გიორგი ბერიძეს, მაგრამ გადამწყვეტ ფაზაში მოიკოჭლებდა, ვერც მიზანს ისწორებდა და ძალაც არ ჰყოფნიდა. 
მომენტი, თანაც რეალურად საგოლე, თურქებს სამი ჰქონდათ, მაგრამ ჩვენი გუნდი მეკარე ოთო გოშაძემ იხსნა. მან ერთხელ წარმოუდგენელი რეაქცია გამოავლინა და გუნდი გადაარჩინა, მაგრამ ტაიმის ბოლოს ის ჩენგიზ უნდერის დარტყმულთანაც ვერას გახდა. არადა, უნდერის ამ დარტყმულს წინ უსწრებდა თურქების კაპიტნის დოგან ერდოგანის ორი გასროლა, ერთი ძელმა აისხლიტა, მეორე კი გოშაძემ მოიგერია. გოლიც სწორედ ერდოგანის მეორე დარტყმულს მოჰყვა. დამატებაზე ჩვენს მცველებს იმჯერზეც თურქმა აჯობა და თავისიანები დააწინაურა. 

ვერ ვიტყვით, მეორე ტაიმში ჩვენები მეტოქეს გაშმაგებულები ეკვეთნენო. ეს სწორიც არ იქნებოდა, ისედაც გადაღლილებს ძალა ბოლომდე უნდა გადაენაწილებინათ. ჩვენებმა მეთოდურად შეავიწროვეს თურქები, მოედანზე გიორგი თევზაძის გამოჩენის შემდეგ კი ანგარიშიც გაათანაბრეს. ქართველებს თურქების რამდენიმე მწვავე შეტევა გაეპარათ, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. თევზაძემ კი ბერიძის აქტიურობას მიაყოლა გამთანაბრებელი გოლი. 

მატჩიც თითქოს 1:1 უნდა დასრულებულიყო და, კაცმა რომ თქვას, გუშინდელი თამაშით ლოგიკურიც ეს იქნებოდა, მაგრამ ბოლოს პორტუგალიასთან გამტანმა გურამ გოშთელიანმა ივარგა და სამქულიანი გაიტანა.    

კარგი, მაგრამ საქართველოსთვის უშედეგო იყო ესპანეთთან და პორტუგალიასთან მატჩები, სანახაობრივად არ ვარგოდა თურქეთთან შეხვედრა, თუმცა ანგარიში საჩვენო გამოდგა. საბოლოოდ, ჩვენები ევროპის ჩემპიონატის მიღმა დარჩნენ და ცხადია, ეს ტურნირი ნაკრებისთვის წარუმატებლად უნდა შეფასდეს, თუმცა გუნდში ბევრი ნათელი წერტილი ჩანს და მომავალში თუ ესენიც არ გაზარმაცდებიან, ამ ბიჭების შემხედვარენი იმედიანად უნდა ვიყოთ. 

3 ივნისი. თბილისი. "მიხეილ მესხი". 2 000 მაყურებელი

თურქეთი 1:2 საქართველო

1:0 იუნდერი (41), 1:1 თევზაძე (57), 1:2 გოშთელიანი (87)

თურქეთი: ჩაქირი, ჩელიკი, სიოიუნჩიუ, ერდოღანი, ოკუთანი (ილდირიმი 66), ჩამოღლუ (ჩიველეკი 68), კოშე (თაში 90), ფოლათი, აითემური, იუნდერი, ჰუმეთი

სათადარიგოები: საპანი; ნიჰათი, ბექარიოღლუ, ჩაღლანიანი

მწვრთნელი: ვედათ ინსეფე

საქართველო: გოშაძე, მოხევიშვილი (ჭანტურია 46), მალანია, მარგველაშვილი, ტაბიძე, ხარაიშვილი, კიტეიშვილი, კერძევაძე, გოშთელიანი, ბერიძე (დუმბაძე 75), კვირკვია (თევზაძე 52)

სათადარიგოები: კუპატაძე; ჩაბრაძე

მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი

გაფრთხილება: სიოიუნჩიუ (32), კოშე (47), ფოლათი (65), კერძევაძე (79), ილდირიმი (90)

მსაჯი: ბარტოშ ფრანკოვსკი (პოლონეთი)

კობა ინასარიძე