სიახლეები

საუკეთესო შვიდეული სრულად გამოვლინდა

გაუზიარე

სამწუხაროდ, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ორი წლის წინანდელი შედეგის გამეორება ვერ შეძლო და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ვერ უწია. ამით, ცხადია, ცხოვრება არ მთავრდება. გიორგი დევდარიანის გუნდის ღირსებას რამდენიმე ისეთი მოთამაშე იცავს, დიდი ფეხბურთის თამაშის პოტენციალი რომ აქვს.
ფინალური ეტაპი კი არც საქართველოს ნაკრების გარეშე უნდა იყოს უინტერესო. წლეულს ევროპის ჩემპიონატს საბერძნეთი უმასპინძლებს. ფინალური ეტაპი 6-19 ივლისს გაიმართება და იქ, ტრადიციულად, 8 გუნდი ითამაშებს.
ელიტრაუნდში უკვე ყველა ჯგუფი დასრულებულია და შესაბამისად, საბერძნეთში წამსვლელი ყველა ნაკრებიც გარკვეულია. ელუტრაუნდის სისტემა მეტად მარტივი იყო – შედგა შვიდი ოთხგუნდიანი ჯგუფი, რომელთა გამარჯვებულებმაც საბერძნეთის საგზური ავტომატურად მიიღეს.
ჯერ ის გუნდები ჩამოვთვალოთ, რომლებიც ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე საბერძნეთთან ერთად გამოვლენ: ესპანეთი, გერმანია, რუსეთი, ჰოლანდია, უკრაინა, ავსტრია, საფრანგეთი.
ახალგაზრდულ ასაკში პროგნოზი ხშირად ფუჭი საქმეა და ყოველთვის ვერც მჭექარე სახელები იმარჯვებენ, მაგრამ დაგვეთანხმებით, ფინალურ ეტაპზე არაერთი საფეხბურთო გრანდი ქვეყნის წარმომადგენელი გავიდა.
გერმანიას ელიტრაუნდის ჯგუფში მეტოქეებად სლოვაკეთი, ჩეხეთი და ირლანდია ჰყავდა, რომელთაგანაც ყველაზე დიდი წინააღმდეგობა სლოვაკეთმა გაუწია – ფრე ეთამაშა, თუმცა ჯგუფის მასპინძელი გერმანიისგან განსხვავებით, ჩეხეთს ვერ სძლია და მეორე ადგილს დასჯერდა;
რუსეთმა ქულათა მაქსიმუმი მოიპოვა – მოუგო ლიტვას, შვედეთსა და რაც მთავარია, ბელგიას, რომელსაც ბოლო დროს ნიჭიერი თაობები ეზრდება;
ჰოლანდია ჯგუფის მასპინძელი იყო და სერბეთის, ნორვეგიისა და შვეიცარიის გარემოცვაში გაიმარჯვა;
უკრაინის მეტოქეები ჩერნოგორია, ბოსნია და პოლონეთი იყვნენ;
ავსტრიამ შოტლანდიას, იტალიასა და ხორვატიას აჯობა, არადა, ჯგუფის ფავორიტად აშკარად არ მიიჩნეოდა. როგორც ჩანს, ავსტრიელთა წისქვილზე წყალი საშინაო კედლების ფაქტორმაც დაასხა;
საფრანგეთმა ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა აზერბაიჯანი, დანია და ინგლისი. 
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი ყოველწლიურად ტარდება. შარშან ტურნირი უნგრეთში გაიმართა და ჩემპიონი გერმანია გახდა, რომელმაც ფინალში პორტუგალიას 1:0 სძლია.
რაც შეეხება საქართველოს ნაკრების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს პირველ საკვალიფიკაციო ეტაპსა და ელიტრაუნდში:
გიორგი დევდარიანის გუნდმა ჯამში 6 მატჩი ჩაატარა, საიდანაც სამი მოიგო და სამი წააგო (ბურთების შეფარდება 11-12);
საქართველოს ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი ოთარ კიტეიშვილია სამი გოლით, ორ-ორი ბურთია გიორგი თევზაძის, გურამ გოშთელიანისა და ზურაბ მალანიას ანგარიშზე. ცნობისთვის, შესარჩევი ტურნირის საუკეთესო სნაიპერი 10 გოლით რუსი რამილ შეიდაევი გახდა;
ქართველთაგან ყველაზე მეტი, ორი საგოლე გადაცემა რომან ჭანტურიამ შეასრულა;
მეტოქის კარის ჩარჩოში ლუკა ზარანდიამ და გიორგი ხარაიშვილმა შესაბამისად, 13-ჯერ და 12-ჯერ დაარტყეს, რაც ევროპის მასშტაბით მეოთხე და მეხუთე შედეგია;
ყველაზე მეტი, ოთხი გაფრთხილება სამმა ფეხბურთელმა მიიღო და მათ შორის ორი ქართველია – ჩვენი ლუკა ზარანდია და უკრაინის ნაკრების წევრი ბექა ვაჩიბერაძე;
ოთარ კიტეიშვილისა და გიორგი ხარაიშვილის წინააღმდეგ მეტოქეები შესაბამისად, 21-ჯერ და 20-ჯერ დაჯარიმდნენ, რაც მესამე და მეოთხე მაჩვენებელია;
ბოლოს ისიც გავიხსენოთ, რომ ამ ცოტა ხნის წინ საქართველომ ევროპის 19-წლამდელთა 2017 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მასპინძლობის უფლება მიიღო.

ლევან ჯანეზაშვილი