სიახლეები

21-წლამდელები: ბურთის დაჭერა და არა – წიხლის დაჭერა

გაუზიარე

როგორ შევაფასოთ საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თამაში? ძნელია ხარისხის შეფასება მატჩში, რომელშიც მეტოქე ფეხბურთს არ(ვერ) თამაშობს, მხოლოდ კარის დაცვაზეა ორიენტირებული და უხეშობასაც არ ერიდება. ანგარიშით შევაფასოთ? აუღელვებელი 3:0 – დაახლოებით ის, რასაც ველოდით. მოგება ყოველთვის სასიამოვნოა. ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ ალექსანდრე ჩივაძის გუნდმა მაინცდამაინც არ იზრუნა მეტოქის განადგურებაზე და გააფთრებულ შეტევებს წყნარი, აუღელვებელი თამაში არჩია. ალბათ, სწორადაც მოიქცნენ, რადგან სანმარინოელები ბურთზე მეტად ქართველთა ფეხებზე ნადირობდნენ.  

რაც არ მოგვეწონა, გოლი დაგვიგვიანდა. ასეთ მეტოქეს რაც უფრო სწრაფად გაუტან, მით უფრო გეხსნება წნეხი, უფრო თავისუფლად და ლაღად მოქმედებ. განა იმიტომ, რომ სან მარინო გაიხსნებოდა (როგორ გაიხსნებოდა?!), არამედ იმიტომ, რომ ჩვენები ფსიქოლოგიურად უფრო დამშვიდებულები გააგრძელებდნენ თამაშს.  

ჩივაძემ 4-2-3-1 სქემით ათამაშა გუნდი, რომელშიც ეულ ფორვარდად ნიკა კაჭარავა იყო გამწესებული. ცხინვალის ტანმაღალმა თავდამსხმელმა დუბლი მიითვალა და განსაკუთრებით ლამაზად შეასრულა მეორე გოლი: გიორგი აბურჯანიას მოჭრილი პასის შემდეგ, კარიდან ზურგით მდგომმა ერთი შეხებით, ქუსლით გაიტანა. 

პირველ გოლს რაც შეეხება, თითქმის ზედ შესვენების წინ გავიდა: გიორგი პაპუნაშვილმა კარგად წაიღო ბურთი, ლუკა კიკაბიძეს მარცხნივ მიაწოდა, ბასტიას ახალგაზრდული გუნდის ნახევარმცველმაც ფლანგზე დავით უბილავას გააყოლა. ლოკომოტივის მარცხენა მცველმა ჩააწოდა და კაჭარავამ დასწრებაზე იმარჯვა.       

მთელი 90 წუთის განმავლობაში სანმარინოელებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს  ხეირიანი შეტევა და ტომაზინიმ საჯარიმოს გარედან ისე უხეიროდ დაარტყა, ბურთს, ალბათ, იტალიიდან მოიტანდნენ...  მინდორიც არ ვარგოდა, ფეხბურთელები ხშირად სრიალებდნენ და იქცეოდნენ. 

სწრაფ გოლს ვისურვებდითო, ვთქვით, მაგრამ ეს შეკვეთით როდი მოდის. ქართველებმა აქტიურად დაიწყეს თამაში და ყველაზე კარგად, ალბათ, სწორედ საწყისი 10-წუთიანი მონაკვეთი ჩაატარეს. აქტიურობდა თბილისის დინამოელი ოთარ კაკაბაძე და ერთხელ კაჭარავამ ააცილა თავურით, მეორედ კი ლაშა დვალს არ გაუმართლა. 

პირველ ტაიმში გამოსარჩევია აბურჯანიასა და პაპუნაშვილის დარტყმები: ანორთოსისის ნახევარმცველს მცველმა დაუფარა, ხოლო თბილისის დინამოელს მეკარემ აუღო. ისე, პაპუნაშვილმა ბოლოს მაინც გაიტანა თავისი, როცა კაკაბაძის ჩაწოდებული ბურთი მეკარეს ხელიდან გაუვარდა და ახლოდან ცარიელ კარში შეაგდო – ასე გახდა 0:3, მანამდე, ერთი წუთით ადრე კი პაპუნაშვილმა ლეო მესის სტილში მოინდომა გატანა, ცაციით შორეულ კუთხეში აჭრა ბურთი და ხარიხამ გადაარჩინა მასპინძლები. 

ნაკლებად აქტიურნი იყვნენ კიკაბიძე და მისი შემცვლელი გიორგი ერისთავიც. ათ ნომრად მოთამაშე საბა ლობჟანიძემაც ვერ დაგვამახსოვრა თავი. 

სანმარინოელთა მოქმედების მეტყველი ეპიზოდი კი მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე ვნახეთ: რას ერჩოდა ჩენზონი აბურჯანიას, რთული გასაგებია. ფაქტია, თავად წითელი ბარათი მიიღო გამეტებით ფეხში ჩარტყმისთვის, ხოლო ქართველი ნახევარმცველი ექიმების დახმარებით გავიდა მინდვრიდან.

ცინცაძე-აბურჯანიას წყვილზეც, რომელიც ნახევარდაცვის ცენტრში მოქმედებდა. თითქმის უშეცდომონი იყვნენ. ეგაა, შეტევებს არცთუ სწრაფად იწყებდნენ, თუმცა უკვე ვთქვით: გათვლა აშკარად თამაშის დამშვიდებაზე და ბურთის ფლობაზე იყო, ჩვენც ეს 3:0 ვიკმაროთ.  

ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ოპტიმალური შემადგენლობით არ ვყოფილვართ. დარწმუნებულნი ვართ, გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი 19-წლამდელებიდან ჩივაძის გუნდს ბევრნი დაემატებიან, ამჯერად კი ეს ვერ მოხერხდებოდა, რადგან 19-წლამდელებმა ელიტრაუნდში ითამაშეს.    

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. VI ჯგუფი 

3 ივნისი. სერავალეს სტადიონი 

სან მარინო-საქართველო 0:3

0:1 კაჭარავა (44), 0:2 კაჭარავა (57), 0:3 პაპუნაშვილი (81)

სან მარინო: ბენედეტინი, გრანდონი, ჩეზარინი (დადარიო 76), როსი, ბატისტინი (მურიაჩინი 61), პროლი, ჩენზონი, მურაჩინი, გოლინუჩი (ჩეკაროლი 62), ტომაზინი, ბერნარდი

მწვრთნელი: მირკო პაპინი

საქართველო: ქურდაძე, კაკაბაძე, დვალი, გადრანი, უბილავა, ცინცაძე, აბურჯანია, პაპუნაშვილი, ლობჟანიძე (შენგელია 89), კიკაბიძე (ერისთავი 66), კაჭარავა (დარციმელია 87)

მწვრთნელი: ალექსანდრე ჩივაძე

გაფრთხილება: დვალი (10), ბატისტინი (52), პაპუნაშვილი (90)

გაძევება: ჩენზონი (90)

მსაჯი: ენეა ჯორგი (ალბანეთი) 

ილია ნანობაშვილი

შესარჩევ ციკლში ჩვენი 21-წლამდელების სრული კალენდარი: 

2015. 3 სექტემბერი: ხორვატია-საქართველო

2015. 7 ოქტომბერი: საქართველო-ხორვატია

2015. 13 ოქტომბერი: საქართველო-ესტონეთი

2015. 13 ნოემბერი: ესპანეთი-საქართველო

2015. 17 ნოემბერი: საქართველო-შვედეთი

2016. 23 მარტი: საქართველო-სან მარინო

2016. 5 ივნისი: შვედეთი-საქართველო

2016. 1 სექტემბერი: საქართველო-ხორვატია