სიახლეები

ჩაკვეტაძეს ვენტსპილსი გასინჯავს

გაუზიარე

ფოთის კოლხეთის 20 წლის ცენტრალური მცველი ალიკო ჩაკვეტაძე ლატვიაში მიემგზავრება, სადაც ქვეყნის ჩემპიონ ვენტსპილსში ჩარიცხვის შანსი მიეცემა. როგორც ვენტსპილსის მიერ კოლხეთისთვის გაგზავნილ ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, ლატვიური კლუბი ჩაკვეტაძეს 10 ივნისისთვის ელოდება და მას 25 ივნისამდე დაიტოვებს. თუ ამ პერიოდის განმავლობაში იგი სინჯებზე ვენტსპილსის სამწვრთნელო შტაბს თავს მოაწონებს, კონტრაქტსაც გაუფორმებენ.

ჩაკვეტაძემ კოლხეთს ქუთაისის ტორპედოდან ზამთარში მიაშურა და მეორე წრეში 13 მატჩი ჩაატარა. პირველ წრეში კი ტორპედოს მიერ გამართულ 15-ივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. თავის დროზე იყო ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილი იმ 17-წლამდელთა ნაკრების წევრი, რომელიც ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა და იქ ბრინჯაოს მედლები მოიპოვა. თუმცა ჩაკვეტაძე ფინალურ სტადიაზე წაყვანილ შემადგენლობაში ვეღარ მოხვდა.

რაც შეეხება ვენტსპილსს, კლუბი ლატვიის მოქმედი ჩემპიონია. იქ ჩემპიონატი გაზაფხული-შემოდგომის სისტემით ტარდება. 2015 წლის ჩემპიონატში ცხრა ტური მიილია და ვენტსპილსი 16 ქულით მესამე ადგილზეა, თუმცა კონკურენტებზე ერთი შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული და რომ მოიგოს, სატურნირო ცხრილს სათავეში მოექცევა.

ვენტსპილსის მწვრთნელი ლატვიელი იურგის პუჩინსკისია. კლუბის ღირსება არაერთ ქართველს დაუცავს, თუმცა ამ მომენტისთვის ვენტსპილსში ჩვენი თანამემამულე არ თამაშობს.

ლევან ჯანეზაშვილი