სიახლეები

ჩიხურას თავკაცი ნაკრებზე, ბიუჯეტზე, სტადიონზე...

გაუზიარე

საჩხერის ჩიხურამ შარშან და შარშანწინ ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპებზე ითამაშა, შარშან სულაც ორი ეტაპი გადალახა. წლეულს კი ჩიხურა ევროპაზე ვერ გავიდა, მოსალოდნელი შედეგი ვერ აჩვენა და ამას თავისი მიზეზები ჰქონდა: სხვა გუნდში წასული ფეხბურთელების სრულფასოვნად შეცვლა ვერ მოხერხდა. დაგვეთანხმებით, მარტო გიორგი რეხვიაშვილის შეცვლაც კი თითქმის შეუძლებელი იყო. 

ჩიხურას მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ სამომავლო გეგმებზე ნიშანდობლივი ვერაფერი გვითხრა, რადგან კლუბში ბიუჯეტის დამტკიცებას ელიან. ფრუიძე გამოცდილი სპეციალისტია და არც საქართველო-უკრაინის ამხანაგური მატჩისთვის აგვივლია გვერდი – მისი აზრი საინტერესოა. 

ჯერ ჩიხურაზე: 

“გვსურს, რომ 22 ივნისიდან დავიწყოთ ვარჯიში. სავარაუდოდ, 25 ივნისს მაინც დავიწყებთ. რაც უფრო მალე დაგვიმტკიცდება ბიუჯეტი, მით უფრო მალე ჩამოვყალიბდებით შემადგენლობაზე: რომელი ფეხბურთელების მოყვანის შესაძლებლობა მოგვეცემა, როგორ დავაკომპლექტებთ გუნდს. თუ ბიუჯეტი შედარებით სოლიდური იქნება, გამოცდილ მოთამაშეებს დავიმატებთ და ამბიციაც მეტი გვექნება” – გვითხრა ფრუიძემ. 

მწვრთნელს სურს, რომ სამწლიანი ბიუჯეტი დამტკიცდეს, რათა ყოველწლიურად ერთი და იგივე საფიქრალი აღარ იყოს გუნდის დაკომპლექტების მხრივ. “ჩიხურამ” ეს სამწლიანი პროქტი წარუდგინა სპონსორს, “ქართუ ბანკს” და ვნახოთ, რამდენად დაკმაყოფილდება კლუბის სურვილები. ფრუიძის თქმით, პასუხი უახლოეს ერთ კვირაში იქნება.

“ჯერჯერობით ჩიხურადან ოფიციალურად წასული მხოლოდ დავით ოდიკაძეა, რომელიც ტორპედოში გადავიდა. ლეგიონერებიც სხვაგან წავლენ. ბევრ ფეხბურთელს კონტრაქტი დაუმთავრდა, თუმცა წასვლა ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ _ ისინიც ელოდებიან, რა და როგორ იქნება ჩიხურაში. ლაშა კუჭუხიძის წასვლაზე ითქვა, მაგრამ მას კონტრაქტი აკავშირებს ჩვენთან”. 

შევიტყვეთ, რომ შესაძლოა, ჩიხურაში ინფრასტრუქტურული ცვლილებები მოხდეს, კერძოდ, საჩხერის სტადიონი კეთილმოეწყოს. 

“გეგმაში არის, რომ საჩხერის სტადიონი გარემონტდეს. ბალახი გამოსაცვლელია,  გასახდელებიც არაა. ახალ სეზონს ისევ ივანწმინდაში დავიწყებთ, მერე კი, ვნახოთ”. 

მოკლედ გასული სეზონის შეფასებაც. ფრუიძე მიიჩნევს, რომ ტრავმიანობამაც ხელი შეუშალა გუნდს მიზნის მიღწევაში – თითქმის არ ყოფილა თამაში, ოთხი-ხუთი წამყვანი ფეხბურთელი არ გამოგვკლებოდაო. 

და რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს: 

“მთლიანობაში მომეწონა უკრაინასთან თამაში. სხვა მატჩებთან შედარებით, ნაკრები უფრო ხშირად ფლობდა ბურთს და კრეატიულადაც თამაშობდა. შეტევაში გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც ეს შეუძლიათ, მაგრამ ვფიქრობ, ზოგჯერ ზედმეტს აკეთებდნენ. ზედმეტში ვგულისხმობ იმას, რომ შეტევას აყოვნებდნენ და წუნიც
საკმაოდ იყო. აი, როცა ზედმეტობა არ ვნახეთ, გოლიც გავიტანეთ: სწრაფად გაკეთდა ყველაფერი, ფლანგზე გათამაშდა ბურთი, ლევან ყენიამ მომენტალურად კარგად ჩააწოდა და მათე ვაწაძემაც მშვენიერი გოლი გაიტანა. მე ვიტყოდი, შედევრი გოლი იყო”. 

ფრუიძე მიიჩნევს, რომ, რა ხარვეზებიც ნაკრების თამაშში ჩანს, გამოსწორებადია:

“კარგი იყო შეტევაზე აქცენტის გაკეთება. ბოლო 15-20 წუთი ჩვენების კარნახით წარიმართა. ეტყობა, რომ ნაკრები სწორი მიმართულებით მიდის, ეგაა, თამაშის დახვეწაა საჭირო. დაცვას მეტი სტაბილურობა მართებს, გვყავს ლაშა დვალი, რომელიც ჯერ ახალგაზრდაა და როცა გამოცდილებას შეიძენს, უფრო საიმედო გახდება”. 

ილია ნანობაშვილი