სიახლეები

ხვალ ვარშავაში...

გაუზიარე

ხვალ ჩვენი ეროვნული ნაკრები ვარშავაში სტადიონ ,,ნაროდოვიზე” პოლონეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. გუნდი 3 ივნისიდან ავსტრიაში გადიოდა შეკრებას და ერთი ტესტ-მატჩიც გამართა, რომელსაც ცუდი შეფასება-რეცენზიები არ მოჰყოლია. ბევრმა აღნიშნა, რომ გუნდმა საგრძნობლად მოუმატა, თავად ნაკრების თავკაცი კახა ცხადაძე კი მოსვლის დღიდან ამბობს, რომ ამ ეტაპზე მთავარ ამოცანას გუნდის თამაშის დაყენებაში ხედავს. ბუნებრივია, გუნდს უნდა ჰქონდეს სახე, საკუთარი ხელწერა და, როგორც უკრაინასთან მატჩის შემდგომი კომენტარებიდან ჩანდა, შედეგისგან განსხვავებით, საკუთრივ თამაშის ხარისხი ურიგო არ ყოფილა. ცუდია, რომ ჩვენს გუნდს დისკვალიფიცირებული ჯაბა კანკავას შემდეგ ტრავმის გამო გოგიტა გოგუა და ლევან მჭედლიძეც გამოაკლდნენ. კანკავა გუნდის სული და გულია, მთელი გუნდის და არ მხოლოდ ნახევარდაცვის ბურჯი, მჭედლიძე კი სადღეისოდ ის ფორვარდია, ვინც ტანმაღალ, ათლეტურ პოლონელელ მცველებთან ძალისმიერ ბრძოლაში ძალიან წაგვადგებოდა. მათე ვაწაძის გოლმა უკრაინასთან დაგვანახა, რომ იგი დანიურ პირველ ლიგაშიც არ ჩაკარგულა და საკმაოდ კარგ ფორმაშია. მაგრამ, გუშინწინდელ ვარჯიშზე მიღებული ტრავმის შემდეგ მისი მონაწილეობა ხვალინდელ მატჩში ჯერ კიდევ გაურკვეველია. 

ამრიგად, ცხადაძეს გაუთვალისწინებელი სირთულეები შეექმნა. თუკი კანკავას არყოფნა კარგა ხნის წინ ვიცოდით, ჯერ მჭედლიძის ტრავმამ და შემდეგ უკვე ვაწაძის პრობლემამ, ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს თავდასხმის ხაზში არჩევანის საშუალება, ფაქტობრივად, მოუსპო. მაგრამ, რას იზამ, ეს ფეხბურთია და გუნდიცა და მწვრთნელიც განწირულია ზოგჯერ ფორსმაჟორში თამაშისა და მუშაობისთვის. 

ასეა თუ ისე, ნაკრებმა ავსტრიაში შესანიშნავ პირობებში საკმაოდ ნაყოფიერი შეკრება გაიარა და ხვალ „ნაროდოვიზე“ შეეცდება, ქართველი გულშემატკივარი გაახაროს. მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება და პირდაპირ ტელერეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებელი შემოგთავაზებთ.