სიახლეები

გჟეგოჟ კრიხოვიაკი: ქართველებთან მატჩი საკვანძოა

გაუზიარე

გჟეგოჟ კრიხოვიაკი პოლონეთის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერია. 25 წლის ნახევარმცველი ესპანური სევილიას ლიდერთაგანია და ევროპის ლიგაში გამარჯვების შემდეგ სუპერთასისთვის საბრძოლველად თბილისს აგვისტოში ეწვევა. მანამდე კი კრიხოვიაკის გზა საქართველოსთან სხვა დონეზე გადაიკვეთება: 13 ივნისს ვარშავაში პოლონეთის ნაკრები კახა ცხადაძის გუნდს ევრო 2016-ის შესარჩევი ციკლის მატჩში უმასპინძლებს...

უეფას ოფიციალური საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში პოლონელი შუახაზელი თავისი ეროვნული გუნდის წარმატებულ საკვალიფიკაციო კამპანიაზე, გერმანელებთან ისტორიულ გამარჯვებასა და საქართველოსთან მომავალ დაპირისპირებაზე საუბრობს.

მარტში ირლანდიაში შესარჩევ მატჩს იგებდით, მაგრამ დამატებულ წუთებში შეინ ლონგმა წონასწორობა აღადგინა. მთლიანობაში როგორ აფასებთ იმ თამაშის შედეგს?

თამაშის ბოლოს გოლის გაშვება ყოველთვის გულდასაწყვეტია. ვგრძნობდით, რომ იმ მატჩის მოგება შეგვეძლო. თუმცა ფრეც ღირებული შედეგია. ფინიშზე ამ ქულას, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობაც ჰქონდეს. ჩემი აზრით, თუკი დარჩენილ სამ საშინაო მატჩს მოვიგებთ და ორ გასვლითშიც გამოვკრავთ ხელს ერთი-ორ ქულას, საფრანგეთში აუცილებლად მოვხვდებით.

გერმანიისა და შოტლანდიის ნაკრებები თითო ქულით ჩამოგრჩებიან. ამ კონტექსტში, რა მნიშვნელობა აქვს პოლონეთისთვის საქართველოსთან 13 ივნისის მატჩს?

საკვანძო მნიშვნელობა. შვებულებაზე ფიქრის უფლება ჯერჯერობით არ გვაქვს, რადგან ნაკრებს ქართველებთან შეხვედრაში ურთულესი გამოცდის ჩაბარება მოუწევს. ისტორიულად აეწყო, რომ ივნისში ქულებს ხშირად ვკარგავთ. გასულ შესარჩევ ციკლებთან შედარებით დღეს მეტი გამოცდილება გვაქვს და ვიცით, როგორ უნდა ასეთი მატჩების მოგება.

გერმანელებთან ისტორიულ საშინაო გამარჯვებაზე გვიამბეთ...

როცა რეფერიმ საფინალოდ ჩასტვინა, `ნაროდოვიზე~ ამბავი ატყდა... ამის ზუსტად გადმოცემა ძნელია. გუშინდელივით მახსოვს: გულშემატკივრები საკუთარ თვალებს არ უჯერებდნენ, ხალხი გაოგნებული იყო – ეს რანაირად?! პოლონეთმა მსოფლიო ჩემპიონი გერმანია დაამარცხა?! გვწამდა, რომ ამას შევძლებდით და შევძელით კიდეც! გუნდი სწორედ იმ მომენტში დაიბადა, სწორედ მაშინ ვირწმუნეთ, რისი გაკეთება შეგვიძლია.

პოლონეთის ნაკრებმა შესარჩევ ციკლში დისტანციის ნახევარი დაფარა. რა მხრივ შეუძლია მას მომატება საკვალიფიკაციო ტურნირის მეორე ნახევარში?

სწორ გზაზე ვართ, თუმცა სრულყოფილებამდე შორია, არაერთი კომპონენტია გასაუმჯობესებელი. მაგალითად, ირლანდიასთან მატჩის მეორე ნახევარში კონტრიერიშები გვქონდა დაგეგმილი, მაგრამ ეს გეგმა ცუდად შესრულდა. ყრუ დაცვაზე გადავედით და ამიტომაც ავიღეთ ერთი ქულა სამის ნაცვლად.

უკვე ერთი წელია, ნაკრებს ადამ ნავალკა თავკაცობს. მოგვიყევით მართვის მისეულ სტილზე...

ნავალკა ის მწვრთნელია, რომელმაც იცის, რაც სურს. პირველივე შეკრებაზე განგვიმარტა თავისი ტაქტიკური საფეხბურთო ხედვა, რომლითაც ნებისმიერ შემთხვევაში ვიხელმძღვანელებდით. რა თქმა უნდა, ყველა თამაში განსხვავებულია. არ შეიძლება გერმანიის წინააღმდეგ ისევე ითამაშო, როგორც გიბრალტართან, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ვიცით, რა სურს მწვრთნელს.

საფრანგეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე რას ფიქრობთ?

როცა საფრანგეთმა 1998 წელს მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, ფეხბურთს საერთოდ არ ვთამაშობდი, 8 წლის ვიყავი! მაგრამ მახსოვს, როგორ დაამარცხეს „სამფეროვნებმა“ ფინალში ბრაზილიის ნაკრები. საფრანგეთში მითამაშია და საკუთარი გამოცდილებითაც ვიცი, რომ ამ ქვეყანაში შესანიშნავი თანამედროვე სტადიონებია. ეჭვიც არ მეპარება, რომ ფრანგები ფინალურ ტურნირს ბრწყინვალე მასპინძლებას გაუწევენ.