სიახლეები

ზბიგნევ ბონეკი: იოლი თამაში არ გვექნება

გაუზიარე

“როცა შეხედავ ჩვენს მეტოქეს, ჩანს, რომ დიდი გუნდი არაა. თუმცა ქართველებმა მხოლოდ ჩვენთან წააგეს დიდი ანგარიშით. ირლანდიასთან ბოლო წუთზე გაუშვეს გოლი და ამიტომ დამარცხდნენ, შოტლანდიასთან გასვლაზე მინიმალური სხვაობით დათმეს მატჩი, გერმანიასთან კი მხოლოდ ორი გოლი გაუშვეს. ასე რომ, იოლი თამაშის მოლოდინში არ ვარ, საქართველოს ნაკრებთან სიფრთხილე გვმართებს” – ეს პოლონური ფეხბურთის ლეგენდის, ზბიგნევ ბონეკის სიტყვებია. როგორც იცით, ბონეკი პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია. 

13 ივნისს საქართველო მიმდინარე ევროშესარჩევი ციკლის მეშვიდე მატჩს გამართავს, ვარშავაში ჯგუფის ლიდერ პოლონეთს ეთამაშება. პოლონელებმა კარგად იციან, რომ წაფორხილება არ შეიძლება. გერმანიაზე რომ არაფერი ვთქვათ, ირლანდია და შოტლანდიაც ჩასაფრებულნი არიან. ჯგუფში ოთხი გუნდი იბრძვის გასასვლელად, ორი გადის, მესამე პლეი ოფში ხვდება, ხოლო მეოთხეადგილოსანი ფინალურ ეტაპს მიღმა რჩება. 

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ შარშან გადაეწურა გასვლის შანსი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მეტოქეს იოლად დაუთმობს რამეს. პოლონური პრესა აღნიშნავს, რომ საქართველოს ჰყავს ევროპაში გაბნეული ფეხბურთელები და აღნიშნავს ჯაბა კანკავასა და ლევან მჭედლიძის არყოფნასაც. 

პოლონელებს არ ეყოლბათ ორი ცენტრალური მცველი: დისკვალიფიცირებული კამილ გლიკი და ტრავმირებული არტურ ერჟეიჩიკი. კიდევ ორი მცველი აკლიათ (კომოროვსკი, ოლკოვსკი), მაგრამ ისინი ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებად არც მოიაზრებოდნენ. ერთი კვირის წინ სათუო იყო წამყვანი ნახევარმცველის, გჟეგოჟ კრიხოვიაკის (სევილია) თამაშიც. თუმცა კრიხოვიაკმა მცირე ტრავმა მოირჩინა.  

პოლონური პრესა წერს სავარაუდო თერთმეტკაციან შემადგენლობას და რაც ვნახეთ, ყველა წამყვან საიტზე ერთი და იგივე კრებულია. სასტარტო შემადგენლობაში სიურპრიზად მიიჩნევენ კარში ლუკაშ ფაბიანსკის (სუონსი) დაყენებას, თუმცა აღნიშნავენ, რომ ფაბიანსკი ბოლო თვეებში უკეთ თამაშობდა, ვიდრე შჩესნი და ბორუცი. სამი მაღალი კლასის მეკარე ჰყავს ადამ ნავალკას გუნდს და ვინც პოლონური ფეხბურთის ისტორია იცის, ეს არც გაუკვირდება: მათ ყოველთვის ძლიერი სამეკარეო სკოლა ჰქონდათ.                

სავარაუდო შემადგენლობა: ფაბიანსკი (სუონსი) – პიშჩეკი (დორტმუნდი), შუკალა (ალ-იტიჰადი), პაზდანი (იაგელონია), რიბუსი (ტერეკი) – კრიხოვიაკი (სევილია), ლინეტი (ლეხი) – კუხარჩიკი (ლეგია), გროსიცკი (რენი), მილიკი (აიაქსი) – ლევანდოვსკი (ბაიერნი). 

ილია ნანობაშვილი