სიახლეები

EURO 2016 - მეექვსე ოფიციალური მატჩი პოლონეთში

გაუზიარე

12 ივნისს კახა ცხადაძის გუნდი ქალაქ ლინციდან პოლონეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საქართველოს ნაკრებმა პოლონეთის მთავარ საფეხბურთო არენაზე ერთი ვარჯიში ჩაატარა, საწვრთნელი პროცესი ერთ საათს გაგრძელდა, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა მათე ვაწაძემ, რომელსაც მცირე ტრავმა აწუხებდა. ვარჯიშის დაწყებამდე კი, კახა ცხადაძემ პოლონური მედიის შეკითხვებს უპასუხა.

"პოლონეთთან პირველი თამაშის შემდეგ გუნდში ახალი სამწვრთნელო შტაბი მოვიდა, იცვლება თამაშის სტილიც. ჩვენ შევეცდებით, რომ რაც ვიმუშავეთ ავსტრიაში, ის მაქსიმალურად ვაჩვენოთ. წინა თამაშის შედეგი ნამდვილად არ ასახავდა რეალურ სურათს. პოლონეთის ნაკრებში ნამდვილად არის ერთი გამორჩეული მოთამაშე ლევანდოვსკის სახით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ერთი ფეხბურთელი ყოველთვის ვერ მოიგებს, რადგანაც ფეხბურთი გუნდური თამაშია და შედეგიც ხშირ შემთხვევაში ამაზეა დამოკიდებული.

სამწუხაროა, რომ ამ თამაშს ჯაბა კანკავა გამოტოვებს. ასევე დაგვაკლდება ლევან მჭედლიძეც, რომელიც ჩვენთან ერთად იმყოფებოდა ავსტრიაში , მაგრამ ტრავმის გამო ის დღეს ვარშავაში ვერ გამოგვყვა. ჩვენი მიზანია, რომ ყველა თამაშს მაღალ დონეზე შევხვდეთ, დავალაგოთ ჩვენი თამაში და უკვე მომავალ შესარჩევში ნამდვილი ბრძოლა გავმართოთ, ჯგუფში სასურველი ადგილის დასაკავებლად. ავსტრიაში გუნდმა კარგი მოსამზადებელი ეტაპი გაიარა, უკრაინასთან საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დავტოვეთ და მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს პროგრესი და მთავარია, რომ ამ მიმართულებით სტაბილურად განვაგრძოთ მუშაობა. უკრაინასთან იყო საგოლე მომენტები, თუმცა ჩვენ რეალიზაციის პრობლემა გვქონდა და იმედია რომ უახლოეს შეხვედრებში ეს გამოსწორდება"

კახა ცხადაძესთან ერთად მასმედიის შეკითხვებს გურამ კაშიაც პასუხობდა - "ძალიან მცირე შანსია, რომ პლეი-ოფში მოვხვდეთ, გუნდში სიახლეებია, ახალი სამწვრთნელო შტაბია და ბოლო მატჩებია ვცდილობთ,რომ ახალ სისტემას მივეჩვიოთ. გუნდში არიან ახალგაზრდა მოთამაშეები და მათთვის ასეთი დონის გუნდებთან თამაში მომავლისთვის ნამდვილად დიდი გამოცდილება იქნება".

პოლონეთისა და საქართველოს მატჩზე დასასწრები 55 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია. ქვეყნის მთავარ სპორტულ არენაზე მატჩი თბილისის დროით 20 საათზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაიუწყებლის პირველი არხი შემოგთავაზებთ. ვარშავაში გასამართ შეხვედრას ბელორუს მსაჯთა ბრიგადა განსჯის.

ეროვნული ნაკრების სამატჩო განაცხადი ასე გამოიყურება: 

მეკარეები: გიორგი ლორია „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), ნუკრი რევიშვილი „ტოსნო“ (რუსეთი), როინ კვასხვაძე „ოთელოსი“ (კვიპროსი)

მცველები: ალექსანდრე ამისულაშვილი „ინტერი“ (აზერბაიჯანი), გურამ კაშია „ვიტესი“ (ჰოლანდია), უჩა ლობჟანიძე „ომონია“ (კვიპროსი), კახა ალადაშვილი „სკა ენერგია“ (რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი „ტოსნო“ (რუსეთი), ლაშა დვალი „ქასიმფაშა“ (თურქეთი), ლაშა სალუქვაძე „ინტერი“ (აზერბაიჯანი), ლაშა თოთაძე „დინამო“ თბილისი (საქართველო)

ნახევარმცველები: მურთაზ დაუშვილი „კარპატი“ (უკრაინა), კახა მახარაძე „ფახთაქორი“ (უზბეკეთი), ჯანო ანანიძე „სპარტაკი“ (რუსეთი), ალექსანდრე კობახიძე „ვოლინი“ (უკრაინა), ვალერი ყაზაიშვილი „ვიტესი“ (ჰოლანდია), ლევან ყენია „სლავია“ (ჩეხეთი), თორნიკე ოქრიაშვილი „გენკი“ (ბელგია), გიორგი პაპუნაშვილი, მათე ცინცაძე ორივე „დინამო“ თბილისი (საქართველო)

თავდამსხმელები: მათე ვაწაძე „ორჰუსი“ (დანია), გიორგი ჭანტურია „კლუჟი“ (რუმინეთი), ბაჩანა ცხადაძე „ინტერი“ (აზერბაიჯანი)

სფფ-ის პრესსამსახური, ვარშავა