სიახლეები

ლადო დვალიშვილი: ოდენსეს ახალი მწვრთნელი დადებითად მესაუბრა

გაუზიარე

საქართველო, ლატვია, ისრაელი, პოლონეთი – ამ ქვეყნის ჩემპიონატებში ლადო დვალიშვილს კარგი სახელი დაუტოვებია. ის არასოდეს უჩიოდა კლუბში გოლების ნაკლებობას, მეტიც, გოლების გარანტ თავდამსხმელთა რიცხვს მიუეკუთვნებოდა, აი, დანიაში კი პირველი სეზონი კარგი ვერ გამოუვიდა. ოდენსეში დვალიშვილს სათამაშო პრაქტიკა აკლდა, სეზონის მეორე ნახევარში ძირითად გუნდში ფაქტობრივად არც უთამაშია. 

დვალიშვილი თბილისშია და “ჩვენი თამაშის” რესპოდენტია: 

რატომ არ გაძლევდათ ოდენსეს მწვრთნელი თამაშის საშუალებას?

თავიდან ყველაფერი თითქოს ნორმალურად მიდიოდა, მაქებდა კიდეც, მაგრამ რატომ არ მათამაშებდა, ამას ვერ მიხსნიდა. შუა სეზონში ორი დანიელი ფორვარდი მოიყვანა და მას შემდეგ საერთოდ დამივიწყა. ახლა ეს მწვრთნელი წავიდა და ახალი მოიყვანეს. 

ესაუბრეთ ახალ მწვრთნელს? 

დიახ. ოდენსეში სწორედ იმიტომ დავრჩი, რომ ვიცოდი, მწვრთნელი უნდა შეცვლილიყო. სხვაგვარად ამდენი ხნით უთამაშებლობას ვერ მოვითმენდი. ახალ მწვრთნელს ვესაუბრე და მოსამზადებელ ეტაპს ოდენსეში დავიწყებ. 23 ივნისს მივდივარ დანიაში. 

ანუ, რჩები ოდენსეში? 

ამ ეტაპზე ისე ჩანს, რომ ვრჩები. მწვრთნელთან შევთანხმდი: მოსამზადებელ ეტაპზე მნახავს და თუ მის გეგმებში ვიქნები, დავრჩები. შეპირებით არაფერს შემპირებია და ეს არც მჭირდება. დალაგებულად, საქმიანად მელაპარაკა. 

იყო საუბრები კლუბის შეცვლაზეც...

ამ ეტაპზე ეს ვარიანტები შეჩერებულია. ისე კი, თუ რამე იქნება, მენეჯერი მეტყვის. 

საქართველოში საფეხბურთო მენეჯერებიდან ყველაზე ხშირად მამუკა ჯუღელს ახსენებენ. მასთან ბოლო წლებში გქონიათ შეხება?

რა თქმა უნდა. თითქმის ბავშვი ვიყავი, როცა მამუკას უკვე ვიცნობდი. ყოველთვის ცდილობდა, გზაზე დავეყენებინე. მისგან კარგის მეტი არაფერი მახსოვს. ლხინი მქონდა თუ ჭირი, მხარში მედგა. ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ მამუკა ჯუღელი ჩემთვის შინაურია. არაერთი სხვა ფეხბურთელისთვისაც ასეთია. 

საქართველოს ნაკრებზეც: კარგა ხანია, ნაკრებში არ გითამაშიათ...

მთავარია, თამაში დავიწყო და შემდეგ ვნახოთ. ნაკრები ჩემთვის განსაკუთრებული თემაა და იქ მოსახვედრად ვიბრძოლებ. ჯერჯერობით კი, ახალი სამწვრთნელო შტაბიდან არავინ შემხმიანებია. 

ილია ნანობაშვილი