სიახლეები

ხვალ რევანშის შანსი მოგვეცემა

გაუზიარე
საქართველო (U19)-პოლონეთი (U19) 0:2

14 ივნისი. თბილისი. “მიხეილ მესხი”. 400 მაყურებელი.

0:1 სვიდერსკი (21), 0:2 სვიდერსკი (68)

საქართველო: ქურდაძე, თვარაძე (კიკნაძე 46), კამლაძე, მამუჩიშვილი, ნემსაძე, კომახიძე, ბაშელეიშვილი, ალთუნაშვილი (ღვინაშვილი 46), ბერიზე (ღვარაძე 79), მიქელთაძე, გოშთელიანი 

სათადარიგოები: ჩოჩიშვილი, ბლიაძე, გაბრიჩიძე, პაპუაშვილი, ნადარაია, გადრანი

მწვრთნელი: ვასილ მაისურაძე

პოლონეთი: ფრატლაკი, სპიჩალა (კვასნიევსკი 65), ბორეკი, კრასცილი, ვოზაკი (ჟმიზნევსკი 65), პურსაკი, ბარტკოვიაკი, რასკოვსკი, სვიდერსკი, კენდზია, სკოვრონი

სათადარიგოები: დაბრივსკი, ვალჩაკი, იაგიელო, პიოტროვსკი, პიეცინაკი

მწვრთნელი: რაფას იანაში

მსაჯი: გიორგი ყრუაშვილი

ეროვნული ნაკრების შემდეგ, 19-წლამდელებმაც წააგეს პოლონელ თანატოლებთან. რა თქმა უნდა, მარცხი ნებისმიერ შემთხვევაში საწყენია, მაგრამ გუშინდელი წაგებისგან ტრაგედიის შექმნა შექმნა არ ღირს, რადგან ვასილ მაისურაძის გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის ემზადება და პოლონელებთან გუშინ და ხვალ გასამართი შეხვედრები სწორედ ამ მზადების ნაწილია. მთავარი კი შემოდგომაზე საკვალიფიკაციო ეტაპის წარმატებით დაძლევაა.

კარში ბექა ქურდაძე იდგა და გაშვებულ გოლებში მას ვერ დავანაშაულებთ. დაცვის მარჯვენა ფლანგზე გიორგი თვარაძე საკმაოდ აქტიურად გამოიყურებოდა და შეტევაში ჩართვასაც არ ერიდებოდა. დაცვის ცენტრში კამლაძისა და მამუჩიშვილის დუეტმა საკმაოდ ბევრი ბრძოლა მოიგო მეორე სართულზე, მაგრამ გაშვებული გოლების ეპიზოდებში უფრო ყურადღებით მართებდათ თამაში. მარცხენა მცველად ანდრო ნემსაძე დაცვაში საიმედო იყო, თუმცა წინ უფრო აქტიურად წასვლაც შეუძლია.

ნახევარდაცვის ცენტრში ბაშელეიშვილის, ალთუნაშვილისა და კომახიძის სამეული იყო ძირითადში, რომლებიც ძალიან ბევრს ეცადნენ, არც ორთაბრძოლებში შესვლას ერიდებოდნენ, მაგრამ ფაქტია, მათ მოედნის ცენტრში უპირატესობა ვერ მოიპოვეს. შეტევაში კი მიქელთაძე, ბერიძე და გოშთელიანი იყვნენ გამწესებულები. ბერიძე ჩვეულად ხშირად ცდილობდა თამაშის საკუთარ თავზე აღებას, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ასპროცენტიანი საგოლე მომენტი გაანიავა. მიქელთაძეს გაცილებით უფრო კარგათ შეუძლია თამაში და იმედია, ეს უკვე ხვალინდელ შეხვედრაში დადასტურდება. გოშთელიანის სახით კი ქართულ ფეხბურთს ნამდვილად კარგი ფორვარდი ეზრდება, მაგრამ გუშინ მისი საუკეთესო თამაში არ იყო.

საწყის წუთებში თითქოს ჩვენები უფრო აქტიურად გამოიყურებოდნენ, მაგრამ პირველი საგოლე მომენტი პოლონელებმა შექმნეს. მეკარესთან პირისპირ გავიდა ბარტკოვიაკი, მაგრამ ოდნავ არაზუსტად დაარტყა და ამჯერად გადავრჩით. ცოტა ხანში კი ჩვენს საჯარიმოში მცველები სიტუაციაში დროულად ვერ გაერკვნენ და სვიდერსკიმ ზუსტი დარტყმით პოლონელები დააწინაურა. გათანაბრების რეალური შანსი გიორგი ბერიძეს მიეცა, რომელიც გოშთელიანის ბრწყინვალე ქუსლური პასის შემდეგ სტუმართა მეკარეს პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მისი დარტყმული მეკარემ მოიგერია. რამდენიმე წუთში ბერიძეს კვლავ შეექმნა ანალოგიური მომენტი, მაგრამ გამარჯვებული ამჯერადაც პოლონელთა კიპერი გახდა. ტაიმის დარჩენილ დროს ბურთს უფრო ხშირად საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები აკონტროლებდნენ, მაგრამ ანგარიშის გათანაბრება ვერ შევძელით.

მეორე ტაიმშიც ბევრს ცდილობდნენ ჩვენები, მაგრამ საქმე საგოლე მომენტებამდე აღარ მიდიოდა, მაგრამ გოლი კვლავ პოლონელებმა გაგვიტანეს. ამჯერად უკვე მეკარესთან პირისპირ სვიდერსკი დარჩა და სტუმართა რიგებში აშკარად საუკეთესო ფეხბურთელმა დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრებიდან კი გატანა გოშთელიანს შეეძლო, მაგრამ ბერიძის სახიფათოდ ჩაწოდებულს ვერ მისწვდა. საბოლოოდ, გუშინ გამარჯვება პოლონელებს დარჩათ, ჩვენ კი იმედს დავიტოევბთ, რომ ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებული უკვე საქართველოს ნაკრები იქნება. ვასილ მაისურაძის ფეხბურთელებს ეს ნამდვილად შეუძლიათ.

პაატა ძნელაძე