სიახლეები

თბილისში ნავარჯიშები რონალდუს ჰეთთრიქი ერევანში

გაუზიარე

პორტუგალიის ნაკრებს თბილისში ჩატარებული შეკრება სასიკეთოდ წაადგა. ფერნანდუ სანტუშის გუნდმა ერევანში სომხეთის ნაკრებს 3:2 სძლია და ჯგუფში ერთპიროვნული ლიდერობა შეინარჩუნა. გამარჯვებაში კი ლომის წილი, ცხადია, კრიშტიანუ რონალდუმ დაიდო, რომელმაც ჰეთთრიქი შეასრულა.

წინასამატჩო პრესკონფერენციაზე სანტუშს სომეხმა ჟურნალისტმა ჰკითხა, თუ რატომ აირჩია შეკრების ადგილად თბილისი. პასუხი იგივე იყო, რაც თბილისში – ერთი სასაათო ზოლი და კარგი სავარჯიშო პირობები. „საქართველოში რომ გვქონოდა თამაში, სომხეთში ვივარჯიშებდით, სადაც ასევე კარგი პირობებია“, - თქვა პორტუგალიელთა თავკაცმა.

მატჩის შემდეგ კი მედიის წინაშე სანტუშის თანაშემწე ილიდიუ ვალე წარსდგა, რადგან სანტუში დისკვალიფიცირებული იყო.  

ვალემ სომხეთის ნაკრები ეპითეტებით შეამკო: „ვიცოდით, რომ ძალიან რთული შეხვედრა გველოდა და ამიტომაც მოვემზადეთ ასე საგანგებოდ. ჩემმა ფეხბურთელებმა გამარჯვებისკენ სწრაფვა გამოავლინეს და სამი ქულა დამსახურებულად მიაღწიეს. სომხეთის ნაკრებმა კი მაღალი დონის ფეხბურთი ითამაშა. ეს მზარდი გუნდია, რომელსაც კარგი მომავალი აქვს“.

ლევან ჯანეზაშვილი