სიახლეები

მარცხი პოლონეთთან

გაუზიარე

კახა ცხადაძის ხელში საქართველოს ნაკრებმა შაბათის საღამოს მეოთხე მატჩი ჩაატარა და მესამედ დამარცხდა. ასეთი მშრალი სტატისტიკა თითქოს ყველაფერზე მეტყველებს _ ეროვნული გუნდი აგებდა ადრეც და ეროვნული გუნდი მარცხდება ახლაც... ეროვნული გუნდის კარში გოლები ადრეც პანტა-პუნტით გადიოდა და ეს სამწუხარო რეალობა არც ვარშავის შეხვედრისას შეცვლილა... ჩვენი გუნდის ფეხბურთელების ბავშვურ შეცდომებს არც ადრე უჩანდა ბოლო და იგივე გაგრძელდა უკრაინასთან და პოლონეთთან ბოლო ორი მატჩისას... საქართველოს ნაკრებს მატჩისა თუ ტაიმის ბოლო წუთზე ადრეც ბევრი გოლი მიუღია და ეს "ტრადიცია" არც პოლონელმა რობერტ ლევანდოვსკიმ შეცვალა... შემადგენლობაც თითქმის იგივეა, რაც ბოლო რამდენიმე წელიწადს, მაგრამ... სწორედ ბოლო რამდენიმე წელიწადი საქართველოს ნაკრები მოედანზე აბსოლუტურად უსუსური გუნდის შთაბაჭდილებას ტოვებდა, დღეს კი სრული უიმედობის განცდა ოპტიმიზმს და იმ რწმენას შეუცლია, ურომლისოდაც მომავალზე ფიქრიც კი უაზრობაა.  

საქართველოს ნაკრებმა შესარჩევი ჯგუფის ლიდერ პოლონეთთან მიღებული ოთხი გოლიდან სამი ბოლო სამ წუთში მიიღო და დიდი ანგარიშით დამარცხდა იმ თამაშში, რომელშიც ბურთის მეტწილად სწორედ ჩვენები აკონტროლებდნენ და შესვენების შემდეგ მასპინძლებს იმდენი თავსატეხი გაუჩინეს, ადამ ნავალკას შეგირდებს ამდენი მთელი შესარჩევის მანძილზე არ უნერვიულიათ... თუმცა, ნერვიულობაცაა და ნერვიულობაც, რაც უფრო ახლოვდება შესარჩევის ფინიში, პოლონელებს ნელ-ნელა გაცილებით მეტი სანერვიულო მიეცემათ. ასეთი სიძლიერის ჯგუფში პირველობა ხომ ფრიად დასაფასებელი ამბავია... 

საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა კახა ცხადაძემ უკრაინასთან და პოლონეთთან მატჩებამდე თქვა, რომ ამ ორ შეხვედრას მომავლის გუნდის მშენებლობის გზაზე ერთგვარი წყალგამყოფის ფუნქცია დაეკისრებოდა. გუშინდელი მატჩის შემდეგ კი მწვრთნელმა ერთხელაც ხმამაღლა თქვა, რომ პოლონეთიდან მოყოლებული ნაკრებში ბევრი რამ შეიცვლება. დაგვეთანხმებით, შესაცვლელია. ამ შეცვლების შესახებ კახა ცხადაძე მომავალში, ალბათ, თავადვე ისაუბრებს. ჩვენ კი მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამთ...

ბოლო დროის სანაკრებო შემადგენლობაში კახა ცხადაძემ ჯერჯერობით მხოლოდ ორი ცვლილება გააკეთა და ვფიქრობთ, ორივემ გაამართლა _ ცხადაძემ მარცხენა ფლანგზე გიორგი ნავალოვსკი გამოაჩინა, სამ ცენტრალურ მცველს შორის კი ასევე მარცხენა მხარე ლაშა დვალს დაუთმო. ალბათ ამ შემთხვევაშიც დაგვეთანხმებით _ უკრაინასთან და პოლონეთთან ჩვენები ყველაზე მეტს სწორედ მარცხნიდან აქტიურობდნენ... და როცა მარცხენა ფლანგის აქტიურობაზე ვლაპარაკობთ, იქაც მარჯვენა ფლანგი უნდა ვახსენოთ, დღევანდელი ფორმაციის ნაკრებში უსუსტესი პოზიცია. რამდენიმე ნაპრალი ნაკრებს, ცხადაია, მარცხნიდანაც ჰქონდა, მით უმეტეს პოლონეთთან მატჩის პირველ ტაიმში, მაგრამ ის რაც ნაკრების დაცვის მარჯვენა ფლანგზე ხდებოდა, დასაშვებ ზღვარს სცილდებოდა. ნაკრების სუსტი წერტილი პირველ ყოვლისა სწორედ მარჯვენა ფლანგზე იგრძნობოდა. მარცხენა ფლანგი საიმედო გვაქვს, საიდანაც მასპინძელმა პოლონელებმა მოსალოდნელზე მეტი შეტევა მიიღეს. მათ შორის ორჯერ ისეთი, რომლის გოლით დაგვირგვინებას მხოლოდ იღბალი დააკლდა... 

აშკარა არის, რომ კახა ცხადაძის ნაკრები წინა გუნდისგან განსხვავებულ, გაცილებით საინტერესო და გააზრებულ ფეხბურთს თამაშობს. საინტერესო და ჩანდა კარგად გააზრებული იყო პოლონეთთან მატჩის შესვენებისას გაკეთებული შეცვლაც. მწვრთნელმა მოედანი აშკარად პასიურ და სპორტული ფორმიდან ამოვარდნილ თორნიკე ოქრიაშვილს დაატოვებინა, ნაკრების საყრდენი ზონა მურთაზ დაუშვილის ხარჯზე გააძლიერა, იქამდე შუაში მოთამაშე ჯანო ანანიძე კი თავისუფალ შემტევად გაამწესა... ამ ტაქტიკური გადაადგილების შედეგი მეორე ტაიმში გამოჩნდა. მართალია, პირველ ტაიმში გიორგი ლორიამ გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა, მაგრამ შესვენების შემდეგ მატჩი ნულებით განახლდა და ისეთი თამაში გაჩაღდა, თავისუფლად შეიძლებოდა, ანგარიში სწორედ ჩვენებს გაეხსნათ. პირველ ტაიმისგან განსხვავებით, საქართველომ გაცილებით თამამად შეუტია და ლუკაშ ფაბიანსკისაც ბლომად საქმე გაუჩინა. მომენტების, ჩვენების თუ პოლონელებისას, ჩამოთვლას არ მოვყვებით, თუმცა ვიტყვით და ალბათ დაგვეთანხმებით, რომ რეალური საგოლე მომენტები ქართველებსაც ჰქონდათ...

შემდეგ კი მილიკის უბრწყინვალესი გოლის დრო დადგა _ რომელსაც ჩვენებმა იმდენ ხანს ადროვეს, ვიდრე საჯარიმოს წიბოსთან მან ბურთი შორეულ კუთხეს მილიმეტრებში არ დაუმიზნა და გიორგი ლორიასთავის აუღებლი დაარტყა. 

საქართველომ ფარ-ხმალი არც მიღებული გოლის შემდეგ დაყარა და ერთი პერიოდი პოლონელთა ნახევარზეც დასახლდა, მაგრამ... საქმეში ისევ ჩვენების დაცვის მარჯვენა ფლანგი ჩაერია, რომელიც დაცვის ხაზს ჩამორჩა, უკან ჩარჩა, შესაბამისად კი ლევანდოვსკიზე თამაშგარე არ დაფიქსირდა და ანგარიშში სხვაობაც გაიზარდა. ეს ამბავი 89-ე წუთზე მოხდა, ანუ იმ დროს, როცა საქართველოს გოლების მიღების უდიდესი გამოცდილება აქვს... შემდეგ ისეთი გოლიც იყო, როცა ერთმა ლევანდოვსკიმ ერთბაშად სამ მცველს აჯობა და ბურთი  თავით შეაგდო, სულ ბოლოს კი ერთი ელემენტარული შეცდომა და ლევანდოვსკის ჰეთ-თრიქი... სამ წუთში გატანილ ჰეთ-თრიქს თუ არ ჩავთვლით უცნაური არაფერი მომხდარა. თქვენი ნებართვით, უცნაურობასა და უსუსურობას არ მივაწერთ იმ ფაქტს, რომ საქართველომ გოლები ბოლო წუთებზე მიიღო... ნაკრების ისტორიაში ამგვარი ფსიქოლოგიური ჩავარდნა საკმარისზე მეტჯერ ყოფილა. ახალ მწვრთნელთან ერთად კი ვიმედოვნოთ, ეს სამწუხარო ჩვევა ისევე დარჩება წარსულში, როგორც ზოგიერთი ისეთი ფეხბურთელი, გუშინ და მანამდე უკრაინასთანაც რომ გუნდის სუსტი წერტილები აშკარად გამოაჩინა... 
 
კობა ინასარიძე