სიახლეები

გაშვებული გოლისა და ბოლო წუთების ფაქტორი...

გაუზიარე

ვინ მოთვლის, უკვე მერამდენედ გვიწევს მენტალობაზე საუბარი. უფრო ზუსტად, ზოგადად ქართული გუნდების არამყარ მენტალობაზე. შაბათ საღამოს კიდევ ერთხელ და კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა პრობლემა, რასაც ძნელია სხვა რამ უწოდო, გარდა არამდგრადი მენტალობისა. უკვე ლამის ჩვეულებად გვექცა, რომ ბოლო წუთებზე გვიტანენ, თან ამჯერად უკვე ერთის მაგივრად – სამ გოლს. გაშვებული გოლის შემდეგ ყურების ჩამოყრის ჩვევას უკვე აშკარად რეციდივის სახე აქვს. ეს იმდენად ხშირად ხდება, ხანდახან გიჩნდება აზრი, რომ ლამის ჩვენს ეროვნულ თვისებას მივაწეროთ.

მას შემდეგ, რაც ფეხბურთის აქტიურად ყურება დავიწყე, ორმოც წელიწადზე მეტი გავიდა.Dმთელი ეს წლები გამუდმებით მესმის საუბრები იმის თაობაზე, რომ, თურმე ნუ იტყვით და რა მაგრები არიან ეს გერმანელები თუ ინგლისელები, ყველა შეხვედრაში, ყველა მატჩში ბოლო წამამდე, მსაჯის საფინალო სასტვენამდე რომ იბრძვიან. აღფრთოვანებას არ ვმალავთ იმ შემთხვევებში, როცა ესა თუ ის გუნდი ბოლო წამებზე შემოატრიალებს თამაშის ბედს. სადაო არაა, ეს უაღრესად დასაფასებელი თვისებაა... მაგრამ, საკითხავია, რა განსაკუთრებული ამბავია, რა ამისთანა გმირობაა ბოლო წუთამდე სრული მობილიზებით თამაში? თუკი მატჩი გრძელდება 90 წუთი, ხომ სრულიად ცხადი და ბუნებრივია, რომ მთელი კონცენტრაციით უნდა ითამაშო სწორედ 90 და არა 88 თუ 86 წუთი? ბრიტანელი, გერმანელი თუ სკანდინავიელი ფეხბურთელისთვის ეს სრულიად ბუნებრივი ამბავია. ფეხბურთელს, მწვრთნელს, მაყურებელს თუ ჟურნალისტს შვედეთში, ირლანდიაში თუ ნორვეგიაში, რასაკვირველია, ამის ახსნა არ სჭირდება. და ან რატომ უნდა სჭირდებოდეთ, გაუგებარია. საკვირველი ისაა, ჩვენ რომ ვსაუბრობთ ამაზე წლების მანძილზე დაუსრულებლად და ამის მიუხედავად... მაინც ვერ ვისწავლეთ მსაჯის საფინალო სასტვენამდე თამაში. 

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი, რაც დღემდე ჩვენი გუნდების აქილევსის ქუსლად რჩება: გაშვებული გოლის შემდეგ, განსაკუთრებით, როცა ეს ბოლო წუთებზე ხდება, მოთამაშეთა კონცენტრაცია მყისიერად ეცემა და გუნდის გონზე მოსვლას გარკვეული დრო სჭირდება. გაშვებული გოლი, ბუნებრივია, ყველაზე გუნდის განწყობაზე დამთრგუნველად მოქმედებს, მაგრამ, უარყოფითი ემოციის ტყვეობაში ყოფნას რაც მოჰყვება, ეს შაბათს ვიწვნიეთ.

მჯერა, რომ უმთავრესად სწორედ ზოგადად არამდგრადი მენტალობის შედეგი იყო ის ანგარიში, რაც შაბათს ვარშავის „ნაროდოვის“ ტაბლოზე დაფიქსირდა. არადა, თითქოს ყველაფერი ცუდად არ მიდიოდა: კი, პირველ ნახევარში მასპინძლების იერიშებს საპასუხო ვერაფერი შევთავაზეთ, მაგრამ ლორიას სამი არაჩვეულებრივი სეივის წყალობით კარი მაინც მშრალად შევინახეთ. მეორე ტაიმში კი თითქოს ბურთიც დავიჭირეთ, მომენტებიც შევქმენით: ჯერ კაშიამ ვერ დაჰკრა ბურთი კარგად ანანიძის კუთხურის შემდეგ, შემდეგ ყაზაიშვილის ჰაერიდან დარტყმულს ადგილზე დახვდა ფაბიანსკი, შემდეგ ნავალოვსკის საუცხოო დარტყმა მოხვდა ხარიხას...

დასანანია, რომ ბოლო სამმა წუთმა წყალში ჩაყარა, ხაზი გადაუსვა თავად ფეხბურთელებისა და მთავარი მწვრთნელის შრომას. 87-ე წუთამდე, ეკრანებს მიჯაჭვულები ვამბობდით ერთხმად: გუნდი საკუთარ სახეს, საკუთარ ხელწერას პოულობს, ქულა რეალურია და ცხადაძის რჩეული ნავალოვსკი დღეს საუკეთესოაო...სხვა თუ არაფერი, ბოლო წლებში, ასეთ მეტოქესთან, თანაც გასვლით მატჩში ბურთის ფლობის ამგვარი მაღალი პროცენტული მაჩვენებელი, ბოლოს როდის გვქონდა, ალბათ, გახსენებაც კი გაჭირდება.

ამრიგად, რეზიუმეს სახით, კიდევ ერთხელ, მარტივი საფეხბურთო აქსიომა. პირველი: მატჩი 90 წუთი გრძელდება. მეორე: გაშვებული გოლის შემდეგ უარყოფითი ემოციის ტყვეობაში ყოფნა - დამღუპველია. როცა ვისწავლით პირველიდან ბოლო წამამდე სრული კონცენტრაციით თამაშს და გაშვებული გოლით გამოწვეული უარყოფითი ემოცია არ დაგვრთგუნავს, მაშინ შედეგიც მოვა. მოვა, რადგან მჯერა, ნაკრებს მწვრთნელიც კვალიფიციური ჰყავს და გზასაც, რომელიც მან აირჩია, აქვს მომავალი.

არმაზ მეტრეველი