სიახლეები

გიორგი ჭიაბრიშვილი: ნაკრები სწორ გზაზე დგას

გაუზიარე
საბურთალოს თავკაცი გიორგი ჭიაბრიშვილი ერთ-ერთ პერსპექტიულ მწვრთნელად ითვლება და, ბუნებრივია, საინტერესოა მისი მოსაზრება საქართველოს ნაკრების ბოლო შეხვედრებზე. 

ამ შეხვედრაში ერთადერთი უარყოფითი ფაქტორი ანგარიშია, თამაშის ხასიათი კი პოზიტიურად განმაწყობს. ჩვენი ნაკრები აქცენტს შეტევაზე აკეთებს და სწორედ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. გუნდი ცდილობს, რაც შეიძლება მეტად აკონტროლოს ბურთი და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია იმასთან შედარებით, რაც ბოლო პერიოდში იყო, მაგრამ, ბუნებრივია, ეს ჯერ საკმარისი არ არის პოლონეთის დონის ნაკრებთან წარმატებით სათამაშოდ.

სამი ცენტრალური მცველით თამაში რამდენად მისაღებია ამ ფორმაციის ნაკრებისთვის?

პირადად მე არ მიყვარს ამ ტაქტიკით თამაში, ეს ძალიან რთულია, სამივე მცველი საკმაოდ სწრაფი უნდა იყოს. გარდა ამისა, როგორც ვიცი, ნაკრების მცველები თავიანთ კლუბებში ანალოგიური ტაქტიკით არ თამაშობენ, მაგრამ, როგორც ჩანს, კახა ცხადაძემ საჭიროდ მიიჩნია, რომ ეროვნულმა გუნდმა ასეთი სქემით ითამაშოს და ეს მისი გადასაწყვეტია.

ბოლო წუთებამდე პოლონელებს არაფერს ვუთმობდით, მაგრამ დროის უმცირეს მონაკვეთში სათამაშო დისციპლინა სრულად მოირღვა, ეს კი თანამედროვე ფეხბურთში, მით უმეტეს, სანაკრებო დონეზე, დაუშვებელია.

რა თქმა უნდა, დაუშვებელია, მაგრამ ყველაფერს თავისი მიზეზი აქვს. სამწუხაროდ, არაერთი ჩვენი ფეხბურთელი ისეთ დონეზე თამაშობს, რომ მზად არ არიან, სათამაშო დისციპლინა ბოლომდე შეინარჩუნონ, მაგრამ მე ყურადღებას იმაზე გავამახვილებდი, რომ ჩვენი ნაკრების შენება ახლა იწყება და ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურად ვერ იქნება. გარკვეული ხარვეზების მიუხედავად, მე მაინც პოზიტივზე გავაკეთებ აქცენტს და გავიმეორებ, რომ ნაკრები სწორად ვითარდბა. 

ცალკე მინდა გკითხოთ გიორგი ნავალოვსკიზე. ბევრი სპეციალისტი მას ჩვენი გუნდიდან საუკეთესოდ მიიჩნევს.

ნავალოვსკი ჯერ კიდევ დინამოში თამაშისას მომწონდა. პოლონეთთან შეხვედრაში ის  ძალიან ნაყოფიერი იყო მარცხენა ფლანგზე, მაგრამ მისი მთავარი ღირსება ბრძოლისუნარიანობაა, რაც გადამდებია მთელი გუნდისთვის.

ისიც სათქმელია, რომ პოლონელები სისწრაფეში გარკვეულ უპირატესობას ფლობდნენ.

შეადარეთ, სად თამაშობენ პოლონეთის ნაკრების ფეხბურთელები და სად თამაშობენ ჩვენი მოთამაშეები. საქართველოში ძალიან ცოტაა ისეთი საფეხბურთო აკადემიები, რომლებიც გამართულად მუშაობენ ბავშვებთან და ყოველივე ამის შედეგად ძალიან ძნელია პოლონეთთან სისწრაფეში ან თუნდაც აზროვნების სისწრაფეში გაჯიბრება.

ანანიძის საყრდენად გამწესაბამ ნახევარდაცვის ცენტრში ბურთი უფრო დაგვაჭერინა.

ეს, ალბათ, იქიდან გამომდინარეობდა, რომ საყრდენებს უკან სამი მცველი ჰყავდათ და ცხადაძეს მიეცა იმის საშუალება, რომ ერთი საყრდენი არა ჩაშლაზე, არამედ უფრო ბურთის დაჭერაზე ყოფილიყო ორიენტირებული, რაც, რა თქმა უნდა, კარგია.

შესარჩევი ეტაპის დარჩენილ შეხვედრებში რას ელით?

ბუნებრივია, ყველა შეხვედრაში წარმატების იმედი უნდა გვქონდეს, მაგრამ მთავარია, ნაკრების შენება ისევე გაგრძელდეს, როგორც ახლა მიმდინრეობს. შოტლანდიასთანაც მოგვიგია და გაცილებით ძლიერ ნაკრებებთანაც, მაგრამ ეს იყო ეპიზოდური წარმატებები, რომლებსაც შემდეგ კვლავ წარუმატებელი შეხვედრები მოსდევდა. შეიძლება წააგო კონკრეტული თამაში, მაგრამ ამან გუნდის დაყენებაში შეგიწყოს ხელი და შედეგი მომავლში მოითანოს. მოკლედ, ზემოთ ნათქვამს გავიმეორებ, ნაკრები სწორი გზით ვითარდება და ეს ასე უნდა გაგრძელდეს. 

პაატა ძნელაძე