სიახლეები

გენმდივანმა პრეზიდენტობის სურვილი ერთხელაც დაადასტურა

გაუზიარე

ფიფას ჩინოსნების ამასწინდელი სკანდალური დაკავებები და კონგრესი, სადაც ზეპ ბლატერი პრეზიდენტად ჯერ მეხუთე ვადით აირჩიეს, ორიოდ დღეში კი პოსტიდან ნებით გადადგა; საქართველოს ნაკრების მატჩები და ჩემპიონთა ლიგის ფინალი; ცხადია, მოახლოებული სუპერთასი და უეფას წარმომადგენლების ერთკვირიანი თბილისური ვიზიტი; საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მომავალი ყრილობა და მზადება საპრეზიდენტო არჩევნებისთვის; არველაძეების ფონდის საქველმოქმედო და მიმდინარე პროექტები... ამ და სადღეისოდ სხვა აქტუალურ საკითხებზე საპასუხოდ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენმდივან რევაზ არველაძეს მივმართეთ, რომელსაც უეფას დელეგაციასთან შეხვედრებს შორის სასტუმრო რედისონში შევხვდით... 

უეფა საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაციით გვესტუმრა. ახლა თბილისში არის უეფას ყველა ის თანამშრომელი, რომელსაც რაიმე ფორმით შეხება აქვს სუპერთასის მატჩის ორგანიზებასთან _ გვითხრა რევაზ არველაძემ და განაგრძო, _ აეროპორტიდან დაწყებული სტადიონით დამთავრებული სტუმრები სუპერთასთან დაკავშირებულ ყველა ობიექტს წვრილ-წვრილად შეამოწმებენ და იტყვიან, რა არის გაკეთებული და რისი გაკეთებაც მატჩამდე გვმართებს. უეფას დელეგაციას კი თან ახლავს ბარსელონასა და სევილიას წარმომადგენლები, მათ, ცხადია, ყველაფერი აინტერესებთ, სად მოუწევთ თამაში, რა პირობებში, როგორ ქალაქში, ყველაფერი აინტერესებთ.  

სუპერთასისთვის მოსამზადებელი სამუშაოები გრაფიკით მიმდინარეობს?

დიახ, ყველაფერი გრაფიკით მიმდინარეობს, არც ერთი მიმართულებით ჩამორჩენა არ გვაქვს. 

უკვე საბოლოოდ გადაწყდა ბილეთის ღირებულება?

სუპერთასზე დასასწრები ბილეთების ფასზე უეფასთან აქამდეც შეთანხმებულნი ვიყავით, მაგრამ ახლა დაზუსტებით შემიძლია ვთქვა, რომ ბილეთების ფასი 7, 14 და 30 ევრო იქნება და ლარებში ყიდვის მომენტში არსებული კურსის შესაბამისად 22 ივნისიდან გაყიდება.

ფიფას ამასწინანდელ კონგრესზე გვითხარით. საპრეზიდენტო არჩევნებში უეფას კანდიდატი იორდანიის პრინცი ალი იყო, მაგრამ მოქმედმა პრეზიდენტმა ზეპ ბლატერმა არჩევნები დიდი უპირატესობით მოიგო...

კონგრესამდე მოვლენები ისეთი სისწრაფით განვითარდა, დარბაზში რა მოხდებოდა, წინასწარ ვერავინ იტყოდა, თუმცა ყველას სჯეროდა, რომ იმ დღეს კონგრესზე რაღაც უნდა მომხდარიყო. საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ მოიქცა სწორად, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი პრინც ალის დაუჭირა. ფაქტი სახეზეა _ გამარჯვების მიუხედავად, ზეპ ბლატერი პოსტიდან გადადგა. რა თქმა უნდა, მას ამ ნაბიჯის გადადგმა კონგრესის დროსაც შეეძლო, მაგრამ ასე არ გააკეთა და საფეხბურთო სამყაროს თავის ძალა ერთხელაც დაანახა. 

როგორ ფიქრობთ, ფიფას მაღალჩინოსნები მაინცდამაინც ფიფას კონგრესის წინა დღით რატომ აიყვანეს?

ზუსტად ვერ გეტყვით, ამ დაჭერებით ალბათ ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენა სურდათ, თორემ კონგრესის შემდეგ მათი დაპატიმრება არავის არაფერს მისცემდა.

მაღალჩინოსნების დაკავება მსოფლიოს ჩემპიონატის ჯერ რუსეთში, ხოლო შემდეგ ყატარში ჩატარების უფლებამ განაპირობა? 

არა მგონია. ფიფას ძველი მუშაკების წინააღმდეგ გამოძიება დიდხანს მიმდინარეობდა, მაგრამ არ ხმაურდებოდა. დააკავების ოპერაცია მაშინ დაიწყო, როცა ეს ამერიკის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ და შვეიცარიელმა სამართალდამცავებმა საჭიროდ ჩათვალეს. არ ვფიქრობ, რომ ფიფას თანამშრომლები მხოლოდ ყატარის და რუსეთის მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის დაეკავებინოთ. მგონი უფრო კომპლექსურ დარღვევებთან გვაქვს საქმე. 

ბლატერი რატომ გადადგა?

მიზეზები თავად არ უთქვამს, მაგრამ ვფიქრობ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ის გადადგომის ზუსტ მიზეზებს მაინც იტყვის. ფიფაში ბოლო დროს ბევრი პრობლემა დაგროვდა. გადადგომის ერთ-ერთი მიზეზი, ალბათ, ადამიანური ფაქტორიც იყო _ ბლატერი ხომ უკვე ხანდაზმულია. 

ბლატერის მიმართ უეფას პოზიცია ცნობილი იყო. კონგრესზე არჩევნების  შედეგების გამოცხადებას ევროპელთა მხრიდან რაიმე გართულება ხომ არ მოჰყოლია?

მიუხედავად იმისა, რომ უეფას ბლატერის მიმართ მართლაც საკმაოდ ხისტი პოზიცია ჰქონდა, კონგრესზე სახე არავის დაუკარგავს და უეფას მაღალჩინოსნებმა ბლატერს გამარჯვება ღირსეულად მიულოცეს. 

ფიფას კონგრესიდან რამდენიმე დღეში კი ბერლინში ჩემპიონთა ლიგის ფინალს დაესწარით...

აი ბერლინში ფიფას კონგრესი საერთოდ არავის ახსოვდა და მხოლოდ ფინალური მატჩის უმაღლეს დონეზე ორგანიზებით იყვნენ დაკავებულნი. მოედანზე კი ორი მაღალი კლასის გუნდი დაპირისპირებაში უძლიერესმა გაიმარჯვა.

ლიგის ფინალის შემდე საქართველოს ნაკრების ავსტრიული შეკრება დაიწყო.

ნაკრები მწევრთნელ კახა ცხადაძესთან ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ, მგონი,  ავსტრიული შეკრებით ისიც კმაყოფილი დარჩებოდა. იდეალურ სავარჯიშო პირობებში გუნდმა ფაქტობრივად ათი დღე დაჰყო. ვფიქრობდი, რომ უკრაინასთან ამხანაგურ მატჩს პოლონეთთან კარგი თამაში უნდა მოჰყოლოდა და ასეც იყო, მაგრამ ბოლო წუთებზე მოედანზე ენით აუწერელი ამბები დატრიალდა _ ზედიზედ სამი მიღებული გოლის შემდეგ გუნდის თამაშის გასამართლებლად ენა არ მომიბრუნდება. არც უფლება მაქვს და არც სურვილი,  პოლონეთთში მიღებული ოთხი გოლის შემდეგ ეროვნულ გუნდზე რაიმე ვთქვა. ჩამოვლენ ნაკრების მწვრთნელები და ფეხბურთელები და თქვენს კითხვებს, ალბათ, ისინი უკეთ უპასუხებენ. მხოლოდ ერთს დავძენ _ პოლონური შედეგისა და მით უმეტეს, ანგარიშის მიუხედავად, ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ ნაკრებს გაცილებით მეტი შეუძლია.

თავად იყავით ნაკრების ფეხბურთელი, ბოლო წუთებზე გოლები კი გუნდს თქვენს დროსაც ბევრჯერ მიუღია... რა არის მიზეზი?

ვფიქრობ ის, რომ ფეხბურთელები ბოლოსკენ მატჩზე ისეთივე კონცენტრირებულები ვეღარ არიან, როგორც იქამდე. პირველი ტაიმის ბოლოს მიღებული გოლები კი რით ავხსნა, არ ვიცი. არც ფიზიკურად და არც გონებრივად ფეხბურთელი პირველი ტაიმის ბოლოს დაღლილი არ უნდა იყოს. 

ეროვნულის ავსტრიულ შეკრებამდე თბილისში 19-წლამდელების ელიტ-რაუნდი ჩატარდა. 

კარგია, რომ ჩვენი ჭაბუკების ელიტ-რაუნდში მონაწილეობა უკვე ჩვეულებრივი ამბავია. ასაკობრივი ნაკრებებს პირველი შესარჩევი ეტაპის დაძლევა აღარ უჭირთ. გიორგი დევდარიანის 19-წლამდელთა ნაკრებზე კი გული იმიტომ მწყდება, რომ წილისყრით მართლაც უძლიერეს ჯგუფში _ ესპანეთთან, პორტუგალიასთან და თურქეთთან ერთად მოხვდნენ. ასეთი მეტოქეებს კი ჩვენებმა არაფერი დაუთმეს და ისე ითამაშეს, ჯგუფში პირველობაც შეეძლოთ. 

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის მომავალ არჩევნებში მონაწილეობა ხომ არ გადაგიფიქრებიათ?

არა, რას ამბობთ. ერთხელაც ვადასტურებ, რომ ფედერაციის მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მივიღებ. ჩემს საპრეზიდენტო პროგრამაზე მუშაობა უკვე დასასრულს უახლოვდება და წინასაარჩევნო კამპანიასაც მალე უფრო აქტიურად დავიწყებ. 

როდის ჩატარდება ფედხბურთის ფედერაციის მომავალი ყრილობის თარიღი?

თარიღი ფედერაციის წესდების შესაბამისად გამოცხადდება. სადღეისოდ კი ყველაზე აქტუალური სუპერთასის უმაღლეს დონეზე მასპინძლობის საკითხია. 

არველაძეები ფონდის ბოლოდროინდელ საქმიანობაზეც გვითხარით. ცნობილია, რომ წყალდიდობის შედეგად დაზარალებულთათვის 5 ათასი გადარიცხეთ... 

სასიამოვნოა, რომ არველაძეების ფონდის დაწყებული სხვებმაც გააგრძელეს  და სტიქიით დაზარალებულებს ისინიც დაეხმარნენ. ფონდი არ არის აუცილებელი, რომ დაზარალებულებს დავეხმაროთ. დიდი უბედურება დაგვატყდა თავს და მთავარი დავკარგეთ _ ადამიანთა სიცოცხლე და ამიტომაც, დაღუპულთა ოჯახებს გულწრფელად ვუსამძიმრებ. რაც შეეხება არველაძეების ფონდის საქმიანობას, ძველებურად ქართული ფეხბურთის განვითარებისთვის ვართ მოწოდებულნი. ამას წინათ ნოდარ ახალკაცის სახელობის თბილისის საფეხბურთო ფესტივალის თანადამფინანსებლები ვიყავით, ვპატრონობთ საფეხბურთო კლუბ აფხაზეთს, საფეხბურთო ატრიბუტიკითა და ფინანსებით ვეხმარებით რეგიონებს... მოდით, ყველაფერს ნუ ჩამომათვლევინებთ... 

კობა ინასარიძე