სიახლეები

კახა კაჭარავა: ვინც დაიმსახურა ევროპაშიც ის ითამაშებს დაიმსახურეს

გაუზიარე

გორის დილას ჩემპიონთა ლიგაში, ცხინვალს კი წლეულს ზოგადად ევროტურნირზე ექნება დებიუტი. კახა კაჭარავას გუნდი, რომლის პრეზიდენტიც საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი მურთაზ შელია, ხოლო სპორტული დირექტორი გიორგი ქინქლაძე გახლავთ, მოულოდნელად ჩემპიონატში მეოთხე ადგილზე გავიდა, თუმცა დინამო თბილისის მოპოვებულმა ქვეყნის თასმა, ცხინვალს გზა ევროპისკენ გაუხსნა. გუნდის შედეგზე მოულოდნელიო, ვთქვით, მაგრამ სეზონის დასაწყისში ცხინვალელთა მესვეურები სხვანაირად ფიქრობდნენ. წინა ზაფხულს მათ გუნდის სახელწოდება შეცვალეს - სპარტაკი ცხინვალი გახდა, კლუბის ხელმძღვანელებმა კი თქვეს გუნდის სახელწოდების შეცვლა პოლიტიკურადაც მოგებიანი იქნება, ევროპაში ერთხელაც გაიგებენ, რომ ცხინვალი საქართველოს განუყოფელი ნაწილიაო...
გუშინდელი წილისყრაც ცხივნალისთვის ისტორიული იქნება _ ნიონში ხომ ევროსარბიელზე ცხინვალის პირველი მეტოქის ვინაობა გამოცხადდა. ჩვენც გუნდის მწვრთნელ კახა კაჭარავას სწორედ წილისყრის შემდეგ დავუკავშირდით და ევროპულის გარდა სხვა ამბებიც გამოვკითხეთ:

ბოტოშანზე ბევრი ცნობა მაქვს, მეთქი, როგორ ვთქვა?! ამ გუნდის შესახებ არაფერი ვიცი და ინფორმაციის შეგროვებას ახლა ვიწყებ. ამ წუთისთვის მხოლოდ ის გავიგეთ, რომ ქალაქი ბოტოშანი მოლდოვის საზღვარზე მდებარეობს, გუნდი კი ახალი სეზონისთვის ავსტრიაში ემზადება და 24 ივნისს შახტართან ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს _ გვითხრა ცხინვალის თავკაცმა კახა კაჭარავამ და განაგრძო, _ მომავალ მეტოქესთან თუ მოლაპარაკება მოესწრო, ვნახოთ, მოწინააღმდეგე ნახვა იქნებ საქმეშიც მოვასწროთ თუ არა და, ვიმედოვნებ ვიდეოფირებს მაინც გავცვლით. ბოტოშანზე ისევ და ისევ ზოგადად რუმინული და სტიაუას ფეხბურთით თუ შევიქმნი წარმოდგენას. ამ ქვეყნის მერვეადგილოსანი გუნდი ხელწამოსაკრავი არ იქნება, როგორც მთელი რუმინეთი, ალბათ, ესენიც ხისტ ფეხბურთს ითამაშებენ. სავარაუდოდ, საშუალო ევროპული დონის გუნდთან მატჩები გველის. ყველაფრის მიუხედავად, ვფიქრობ, ბოტოშანისთან გამარჯვების შანსი გვექნება და მომდევნო ეტაპზე გასასვლელად მაქსიმუმს გავაკეთებთ. 

პირველი მატჩი 2 ივლისს ბოტოშანიში გელით. იქამდე როგორ მოემზადებით?

სამწუხაროდ, არ გვაქვს იმის ფინანსური საშუალება, რომ პირველ შეხვედრამდე ევროპაში შევკრებილიყავით და იქ მოვმზადებულიყავით. ბოტოშანიმდე კი ერთი მატჩი დღეს გორის დილასთან ვითამაშეთ, ხოლო მეორეს 24-ში, სომხეთის ჩემპიონ პიუნიკთან ჩავატარებთ. შემდეგ თბილისში დავბრუნდებით და რუმინეთში გამზავრებამდე აქვე მოვემზადებით. 

გამოდის პიუნიკთან მატჩი ბოტოშანიმდე ცხინვალისთვის ბოლო იქნება...

დიახ, ასე იქნება, თუმცა იქნებ რამე შეიცვალოს და ერთი მსუბუქი მატჩის ჩატარებაც მოვასწროთ.

რუმინელებთან მატჩისთვის გუნდი უკვე დაკომპლექტებულია?

დიახ, ჩათვალეთ, რომ ცხინვალში სელექცია დამთავრებულია. მეკარე ომარ მიგინეიშვილი, მცველები აკაკი შულაია და ლევან კაკუბავა, ასევე გამოცდილი ნახევამცველი დავით ბოლქვაძე და ლაშა ჯაფარიძე დავიმატეთ. წასვლით კი ქობულეთის შუქურაში ნახევამცველი თორნიკე თარხნიშვილი და ტორპედოში ლაშა შინდაგორიძე წავიდნენ. მსურს, რომ ევროპის ლიგაში იმ ფეხბურთელებმა ითამაშონ, ვის ზურგზეც წინა სეზონის სიმძიმემ გადაიარა. ამ ბიჭებმა დაიმსახურეს საერთაშორისო სარბიელზე თამაში 
და ვიმედოვნებ იქაც თავს გამოიჩენენ.

მომავალ სეზონში ცხინვალისგან რას ველოდოთ?

მნიშვნელოვანს და განსაკუთრებულს, ვფიქრობ, არაფერს. ეგაა, გუნდი გაახალგაზრდავდება და ფონს გასვლას მეტწილად სწორედ ჭაბუკების ხარჯზე ვეცდებით. 

კობა ინასარიძე