სიახლეები

ნაკრები სტიქიით დაზარალებულებს დაეხმარება

გაუზიარე
გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, კახა ცხადაძის პრესკონფერენცია გაიმართა. აღსანიშნავია, რომ უკრაინასთან და პოლონეთთან შეხვედრების შემდეგ მედიასთან შეხვედრის სურვილი თავად ცხადაძემ გამოთქვა. 

პირველ რიგში, ეროვნული ნაკრების სახელით მინდა მივუსამძიმრო მათ, ვინც ამ ტრაგედიის დროს ოჯახის წევრები და უახლოესი ადამიანები დაკარგა. ვესაუბრე ფეხბურთელებს და ჩვენც ვუერთდებით სოლიდარობის აქციას _ ამ ხალხის დასახმარებლად საკმაოდ სოლიდურ თანხას ჩავრიცხავთ ნაკრების სახელით. 

ახლა რაც შეეხება ბოლო ორ შეხვედრას. თავდაპირველად, ბოდიშს ვიხდი იმ საშინელი ოთხი წუთისთვის, რომელიც პოლონეთთან შეხვედრის მიწურულს იყო, ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. პირველ რიგში ჩემს თავს ვადანაშაულებ, რადგან მაშინ, როდესაც ანგარიში 0:2 გახდა, სკამზე დავჯექი, ასე კი, ალბათ, არ უნდა მოვქცეულიყავი და ფეხბურთელებიც ბოლომდე შეინარჩუნებდნენ მოტივაციას. 

პოლონეთთან შეხვედრაში, მას შემდეგ, რაც მასპინძლები დაწინაურდნენ, საკმაოდ სერიოზული ფეხბურთი ვითამაშეთ. საგოლე მომენტებიც შევქმენით, რიგ სიტუაციებში, უბრალოდ, არ გაგვიმართლა, მეორე გოლის შემდეგ კი რაც მოხდა, ეს წარმოუდგენელი იყო. 

უკრაინასთან საკმაოდ კარგი პირველი ტაიმი ჩავატარეთ, მეორე ნახევარში კი დაგეგმილი ცვლილებები გავაკეთეთ, რამაც თავიდან ცოტა აგვრია, მაგრამ შემდეგ კვლავ დავალაგეთ თამაში და ცხრაჯერ დავარტყით კარში, ექვსი დარტყმა მარტო ჭანტურიას ანგარიშზეა. უკრაინასთან მატჩი, თუ არ ჩავთვლით ანგარიშს, იყო პოზიტიური თამაში, რომელშიც ბევრი ისეთი რამ გავაკეთეთ, რაც ჩაფიქრებული გვქონდა.

ვარშავაში პირველი 25 წუთი ჩავაგდეთ და რომა არა ლორიას ორი სეივი და ამისულაშვილის მიერ ცარიელი კარიდან გამოტანილი ბურთი, მასპინძლები ანგარიშს პირველივე ტაიმში გახსნიდნენ. გვიჭირდა ბურთის შენარჩუნებაც. პოზიტიური ის იყო, რომ ფლანგის მცველები საკმაოდ აქტიურები იყვნენ. 

მინდა, ყველამ გავითვალისწინოთ ის, რომ ჩვენ ამჟამად ახალ თამაშს ვაყენებთ, ამ კუთხით მართლაც ბევრი პოზიტივი და წინგადადგმული ნაბიჯი იყო. კარგად მესმის, რომ გულშემატკივრებს ციფრები არ აინტერესებთ, მათთვის მთავარი შედეგია და შედეგი რომ გვქონდეს, სწორედ ამიტომაა საჭირო ახლა ამ სამუშაოების ჩატარება. გამოძახებულ მოთამაშეებში იყვნენ ისეთებიც, რომელთა მიმართაც კითხვები გაგიჩინათ, მაგრამ მე საქმეში უნდა მენახა ძველი ფორმაციის ნაკრების ფეხბურთელები _ ახლა შემიძლია უფრო ზუსტად ვიცოდე, ვინ გამოგვადგება შემდეგი ციკლისთვის და ვინ არა, მაგრამ, ბუნებრივია, გვარების დასახელებისგან ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ნაკრებში ახალი სისხლის გადასხმა ეტაპობრივად და უმტკივნეულოდ უნდა მოხდეს.

ნაკრებთან ერთად იყვნენ მათე ცინცაძე და გიორგი პაპუნაშვილი, რომლებმაც ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს და უკვე შეგიძლიათ, ისინი ნაკრების ფეხბურთელებად ჩათვალოთ. ცინცაძეს შეყვანას პოლონეთთან შეხვედრაშიც ვაპირებდი, მაგრამ პირველივე ჯერზე ასეთ ,,სასაკლაოზე” შეშვებას მოვერიდეთ, თუმცა, ვიმეორებ, მათ ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.

ამ შეხვედრებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მარჯვენა მცველის პრობლემა აქტუალურია.

ასე რადიკალურად ლაპარაკს მოვერიდებოდი. ლობჟანიძე პოლონეთთან საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ, ბუნებრივია, ჩვენ სხვა ფეხბურთელებსაც ვაკვირდებით. ახლახან ვესაუბრე აჩი არველაძეს და ვფიქრობთ, შევქმნათ სია, რომელშიც ყველა პოზიციაზე სამი ფეხბურთელი მაინც იქნება და მათ ინტენსიურად დავაკვირდებით. მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვაკვირდებით ოთარ კაკაბაძეს და სხვებსაც. გვჭირდება გია გრიგალავა, ამას უკვე დაახლოებით ოთხი თვეა, ვამბობ და ცოტა უცნაური სიტუაციაა _ მწვრთნელი კონკრეტულ ფეხბურთელზე ამდენი ხანია, ამახვილებს ყურადღებას და მოთამაშე ერთხელაც არ გამოვიდა კონტაქტზე. ასევე რამდენიმე ფეხბურთელს ვაკვირდებით საყრდენის პოზიციაზე და ამ მხრივ გოგუას გამოყენება ნამდვილად შეიძლება, უბრალოდ, ამ შეხვედრებში მან ტრავმის გამო ვერ ითამაშა. სანდრო კობახიძემ უკრაინასთან საკმაოდ კარგად ითამაშა საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე, თუმცა პოლონეთთან თამაშმა ნათლად დაგვანახა, რომ ასეთ რთულ შეხვედრებში კობახიძეს გამოყენება სხვა პოზიციაზე ჯობია.

რამდენად მოერგო ის სათამაშო სქემა ნაკრებს, რომლითაც ახლა ვთამაშობთ?

3-4-3 სქემით თუ თამაშობ, ერთი საკითხი გადაჭრილი უნდა გქონდეს. კონკრეტულად, სამი ცენტრალური მცველის წინ ერთ-ერთი ნახევარმცველი მცველებთან ძალიან მჭიდროდ უნდა იყოს გამწესებული. ანანიძე და კობახიძე უფრო შეტევაზე იყვნენ ორიენტირებულნი და ამან გარკვეული პრობლემები წარმოქმნა, თუმცა მოედანზე დაუშვილის შეყვანით ეს მოგვარდა. ძალიან მნიშვნელოვანია მეორე პრესინგის კარგად განხორციელება, სწორედ ამ დროს შეიქმნა პოლონელთა კართან ის მომენტი, ნავალოვსკიმ ბურთი ხარიხას რომ გაარტყა.

თუ გაქვთ ინტერესი ისეთი ფეხბურთელების მიმართ, როგორებიც არიან ჰუფნაგელი, გოგია და გიგოლაევი.

ჰუფნაგელი ახლახან გადავიდა ფრაიბურგში და მას აუცილებლად დავაკვირდებით, ისევე, როგორც ჩემპიონშიფში გადასულ გოგიას. იმედია, ისინი თავიანთ ახალ კლუბებში თავს გამოიჩენენ. რაც შეეხება გიგოლაევს, იგი უმეტესად მარცხენა შემტევ ნახევარმცველად თამაშობს, ამ პოზიციაზე კი უფრო კვალიფიციური მოთამაშეები გვყავს, მასზე თუ ვიფიქრებ, უფრო როგორც მარცხენა მცველზე.

თავად იყავით ნაკრების კაპიტანი და შიდა სიტუაციებში კარგად ერკვევით, ახლა რა ხდება ამ მხრივ, ნაკრები თუ მოგყვებათ?

წარმოუდგენელია, სკამზე მჯდომი ფეხბურთელი უკმაყოფილო არ იყოს, მაგრამ მწვრთნელი ვალდებულია, ისე მართოს სიტუაცია, რომ ყველაფერი რეგულირებადი იყოს. ახლახან შეკრებაზე ერთ-ერთ ვარჯიშისას სათანადო მიდგომა ვერ დავინახე და ვარჯიში ადრე დავასრულე. ამან ის შედეგი გამოიღო, რომ მეორე დღეს ყველა ბოლომდე დაიხარჯა. რა თქმა უნდა, სამუშაო ყველა კუთხით ძალიან ბევრია, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ფეხბურთელებს ოპტიმიზმი დაუბრუნდათ და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა მომდევნო შესარჩევ ციკლში კარგი შედეგი გვქონდეს. ჩემი მოთხოვნით, კონტრაქტში შევატანინე პუნქტი, რომლის თანახმად, შემდეგ შესარჩევში, სულ მცირე, მესამე ადგილზე უნდა გავიდეთ. ამ ნაკრებს ამის პოტენციალი ნამდვილად აქვს.

სამწუხაროდ, მსოფლიო ჩემპიონატის კენჭისყრისას მეექვსე კალათაში ვიქნებით.

ამიტომ, აუცილებელია, ამ ციკლის დარჩენილ თამაშებში შეძლებისდაგვარად დადებითი შედეგი ვაჩვენოთ, რათა რეიტინგში მდგომარეობა გამოვასწოროთ.

პაატა ძნელაძე