სიახლეები

სკოლბურთი - „კოკა კოლას თასი“ დასრულდა

მასობრივი ფეხბურთი
გაუზიარე

წლევანდელი სკოლბურთი - „კოკა კოლას თასის“ გათამაშება დასრულდა. ამ საფეხბურთო ფესტივალმა მთელი საქართველო მოიცვა და დიდი ინტერესი გამოიწვია.

გათამაშების ფინალურ ეტაპს აჭარამ უმასპინძლა. ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ ტურნირის პრიზიორები და ჩემპიონები გამოვლინდნენ.

პირველად, გოგონათა შორის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ჩემპიონის ტიტული ზემო ალვანის #1 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდმა მოიპოვა. ვერცხლის პრიზიორი რუსთავის #15 საჯარო სკოლა გახდა; ხოლო მესამე ადგილი  აფხაზეთის (ჩხოროწყუს) #10 საჯარო სკოლის გოგონებმა დაიკავეს.

29 ივნისს, უკვე ბიჭების გუნდების ფინალური მატჩები გაიმართა. „კოკა კოლას თასის“ მფლობელი თბილისის 130-ე სკოლის გუნდი გახდა, რომელმაც ფინალში ფოთის #4 საჯარო სკოლა ანგარიშით 3:0 დაამარცხა.

აღსანიშნავი ფაქტია, რომ სკოლბურთის არსებობის ისტორიაში, წელს ტურნირი პირველად მოიგო თბილისის სკოლის გუნდმა.

მესამე ადგილისთვის მატჩში კი, საჩხერის #1-მა სკოლამ ოზურგეთის მე-2 სკოლას მინიმალური ანგარიშით - 1:0 სძლია.

ფინალური მატჩების შემდეგ, დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართა. ჩემპიონსა და პრიზიორებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და კოკა-კოლას მიერ დაწესებული პრიზები და საჩუქრები გადაეცათ. ამასთან, გამოვლინდნენ ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელები:

საუკეთესო მეკარე - ავთო კაპანაძე (საჩხერე)

საუკეთესო მცველი - მათე წულაია (აფხაზეთი)

საუკეთესო თავდამსხმელი - ლუკა გაგნიძე (თბილისის 130-ე საჯარო სკოლა)

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი - ბაკურ ჯინჯოლავა (თბილისის 130-ე საჯარო სკოლა)

კოკა-კოლას რჩეული - ლუკა ქადარია (ფოთი)

წლევანდელი სკოლბურთის მასშტაბურობაზე ციფრები მეტყველებს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, ტურნირში მონაწილეობა გოგონებისა და ბიჭების 950-მა გუნდმა, ჯამში - 12 ათასმა ბავშვმა მიიღო.

სასიამოვნოა, რომ განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია გოგონათა ასპარეზობამ. რაც საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ სამომავლოდ, დაინტერესება უფრო გაიზრდება.

სკოლბურთი და „კოკა კოლას თასი“ კი, მოზარდებს ერთი წლით ემშვიდობება.  

 

სფფ-ის პრესსამსახური