სიახლეები

დილამ ვოლინი დაამარცხა

გაუზიარე

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა საქართველოს ჩემპიონმა, გორის დილამ პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა. გორელები უკრაინულ ვოლინს დაუპირისპირდნენ და 3:2 გაიმარჯვეს. მატჩის დებიუტში დილა უფრო აქტიურობდა, ჯერ იყო და, ირაკლი ძარიამ დაარტყა შორიდან ძლიერად, მაგრამ ოდნავ არაზუსტად. შემდეგ მარცვალაძე იყო კარგ პოზიციაში, მაგრამ უკრაინელთა მეკარემ ითამაშა დასწრებაზე და სიტუაცია განმუხტა. ამის შემდეგ კი უკრაინელებმა ორჯერ გაიტანეს და ორივეჯერ ზუსტი თავურით იხეირეს. ამაზე გორელთა მწვრთნელს, უჩა სოსიაშვილს დაფიქრება მართებს, რადგან ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დილას მეტოქის, სერბული პარტიზანის მოთამაშეები მეორე სართულზე უკრაინელებზე ცუდად ნამდვილად არ გამოიყურებიან.

დილამ ანგარიშში სხვაობის შემცირება მეორე ტაიმში შეძლო. მარცვალაძე-ხურცილავა-კვირკვიას კომბინაცია ამ უკანასკნელის გოლით დასრულდა _ მათე კვირკვიამ ერთი შეხებით ეფექტურად გადაუგდო ბურთი თავზე ვოლინის მეკარეს. თამაშის დამთავრებამდე ლუკა რაზმაძემ ანგარიში გაათანბრა, რამდენიმე წუთში კი კვირკვიამ უკვე დუბლი შეასრულა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

დილამ ვოლინის წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: შევჩენკო. ხურცილავა, კვახაძე, პაპავა, კვირკველია, ნავალოვსკი, რაზმაძე, გვალია, ძარია, მაშუკოვი, მარცვალაძე. შეცვლაზე შევიდნენ: ქარქუზაშვილი, ერისთავი, კვირკვია.

შეგახსენებთ, დილა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ბელგრადის პარტიზანთან პირველ მატჩს ბელგრადში 14 ივლისს გამართავს, საპასუხო შეხვედრა  კი 21-ში ჩატარდება.

პაატა ძნელაძე