სიახლეები

ტრაბზონსფორი და შოთა: დაბრუნება უცხოურ სახლში

გაუზიარე

გადაწყდა: შოთა არველაძე ტრაბზონსფორის მთავარი მწვრთნელი იქნება. დარჩა მხოლოდ ფორმალური მხარე, კონტრაქტი და წარდგენა. 42 წლის ტყუპისცალი, ფაქტობრივად, სახლში ბრუნდება – ქალაქში, სადაც გულშმატკივრებს ძალიან შეაყვარა თავი ბრწყინვალე თამაშით და სადაც დღემდე აღმერთებენ. 

თურქული პრესაც წერდა და ჩვენც სანდო წყაროზე დაყრდნობით უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ შოთა ტრაპიზონელებს უთავკაცებს. არველაძეს აქამდე ორი თურქული კლუბი გაუწვრთნია, თუმცა დაგვეთანხმებით, ტრაბზონსფორი უფრო სახელიანია, ვიდრე ქაისერისფორი და ქასიმფაშა. სხვათა შორის, ტრაბზონსფორის ახლანდელი სპორტული დირექტორი სულეიმან ჰურმა გახლავთ, რომელიც ქაისერისფორშიც მუშაობდა ამ თანამდებობაზე, როცა იქ ქართველი მწვრთნელი გახლდათ. 

შოთა 1993-1997 წლებში თამაშობდა ტრაბზონსფორში და ტყუპისცალ არჩილთან ერთად საფეხბურთო შოუს დგამდა თურქულ სტადიონებზე. “კარადენიზ ფირტინასი” (შავი ზღვის შტორმი, ანუ  ტრაბზონსფორის მეტსახელი) თურქეთის ჩემპიონატში მეხუთე ადგილზე გავიდა და ევროპის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე იოლი მეტოქე ელის: ლუქსემბურგის დიფერდენჟი, ან უელსის ბელა თაუნი. 

ტრაბზონსფორი საკმაოდ გაძლიერდა ამ ზაფხულს. ბოლო ტრანსფერი: სევილიადან კამერუნელი საყრდენი სტეფან მბია გადაიყვანეს.    

ილია ნანობაშვილი