სიახლეები

გიორგი კახელიშვილი: სულ მცირე, სამეული და ევროტურნირი ტორპედოსთვის

გაუზიარე
გიორგი კახელიშვილს თბილისის ლოკომოტივში, რუსთავის ოლიმპში, თბილისის ვიტ ჯორჯიაში, თბილისის დინამოში და გორის დილაში უთამაშია, იყო საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრი. ბოლოს რუსეთში სახალინის ღირსებას იცავდა. საქართველოში ჩემპიონობაც მოუგია, თასიც და სუპერთასიც. ბუნებრივია, ასეთი გამოცდილი მოთამაშის დამატება ქუთაისის ტორპედოსთვის სასურველი ამბავია. 

_ ტორპედოსთან ერთწლიანი კონტრაქტი გავაფორმე. საკმაოდ საინტერესო გუნდი შეიკრიბა და როდესაც შეთავაზება მივიღე, ბევრი არც მიფიქრია. თანაც, ფეხბურთელების უმრავლესობას კარგად ვიცნობ და არც ადაპტაციის მხრივ მქონია პრობლემა. ვიტყვი იმასაც, რომ ტორპედოს წინააღმდეგ არაერთხელ მითამაშია და კარგად ვიცი, ადგილობრივი გულშემატკივრები როგორ ქომაგობენ საკუთარ კლუბს, ამის განცდა კი ფეხბურთელისთვის ძალიან ძვირფასია, _ გვითხრა კახელიშვილმა, რომელსაც გუშინ ვესაუბრეთ. 

ტორპედოს მთავარ მწვრთნელთან, გიორგი დარასელიასთან ადრეც გიმუშავია.

დიახ, როცა დილაში ვთამაშობდი, მაშინ გუნდს სწორედ დარასელია წვრთნიდა და არ დავმალავ, არჩევანი ტორპედოზე რომ შევაჩერე, ამაში დიდი როლი დარასელიას ფაქტორმა ითამაშა. მასთან მუშაობა ძალიან საინტერესოა.

როგორ ფიქრობ, ამ ფორმაციის ტორპედოს რისთვის შეუძლია ბრძოლა?

სულ მცირე, სამეულში უნდა მოვხვდეთ და ტორპედო ევროტურნირებს დავუბრუნოთ. დანარჩენი ჩემპიონატის მსვლელობისას გაირკვევა. ტორპედოს ტრადიციების მქონე გუნდი საქართველოში ყოველთვის მაღალი ადგილებისთვის უნდა იბრძოდეს.

ევროტურნირზე თამაშის უფლებისთვის ბრძოლა კარგია, მაგრამ არც კონკურენცია იქნება სუსტი...

სავარაუდოდ, ევროზონაში მოსახვედრად ბევრი გუნდი იბრძოლებს: თბილისის და ბათუმის დინამოელები, დილა და კიდევ რამდენიმე კლუბიც ჩაერთვება ამ ბრძოლაში. მაგრამ ტორპედოს არავისზე ნაკლები შანსი არ ექნება და ჩემპიონატში ამას ყველას დავუმტკიცებთ.

ბოლოხანს ტრავმების გამო დიდი დრო გაგიცდა. მაინც რა დრო დაგჭირდება ოპტიმალური ფორმის აღსადგენად?

თავს კარგად ვგრძნობ და სრული დატვირთვით ვვარჯიშობ. ტორპედოს ფიზმომზადების მწვრთნელი, ბონდო გოცირიძე თავისი საქმის პროფესიონალია და მისი ვარჯიშები კონდიციების მალე აღდგენაში ძალიან მიწყობს ხელს.

მოსამზადებელი ეტაპის გავლას სად აპირებთ?

ჯერჯერობით ქუთაისში ვართ და აქ სრულყოფილი მომზადებისთვის ყველა პირობაა. ახლა ძირითადი აქცენტი ფიზიკურ მომზადებაზეა, მალე პირველ ამხანაგურ შეხვედრას გავმართავთ თერჯოლის საპოვნელასთან. ამ პერიოდში გაირკვევა, სად ჩავატარებთ მოსამზადებელი ეტაპის მეორე ნაწილს.

შენი სისწრაფის წყალობით, ეფექტურად თამაშობ როგორც თავდასხმაში, ისე ფლანგზე. რომელ პოზიციაზე გრძნობ თავს უფრო კომფორტულად?

თანამედროვე პროფესიონალი ფეხბურთელი ვალდებულია, იქ ითამაშოს, სადაც გუნდს სჭირდება, მაგრამ, თუ არჩევანზე მიდგა საქმე, ფლანგზე უფრო კარგად ვგრძნობ თავს.

ბოლოს სახალინში ირიცხებოდი, სადაც ბევრი შეხვედრა ვერ ჩაატარე, სეზონის ბოლოს კი გუნდიდან საერთოდ წამოხვედი.

თავიდან სავიზო პრობლემა შეიქმნა და ამის გამო შვიდი თვე ვერ ვახერხებდი თამაშს, ჩემპიონატის მეორე ნახევარში კი უკვე სტაბილურად ვიყავი გუნდში და კლუბის ხელმძღვანელობისგან სრულ ნდობას ვგრძნობდი, მაგრამ სახალინმა რუსეთის პირველ დივიზიონში ადგილი ვერ შეინარჩუნა და მეც წამოსვლა ვამჯობინე.

პაატა ძნელაძე