სიახლეები

რევაზ შენგელია – კაცი ფეხბურთით

გაუზიარე

გამოიცა ქართული ფეხბურთის ყოველწლიური წიგნი (2014-2015), რომელიც 1992 წლიდან გამოდის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხარჯით. ახლანდელი წიგნი რიგით 21-ეა. სპორტული ლიტერატურის მოყვარულებმა იციან, რომ ყველა წიგნის ავტორი რევაზ შენგელიაა – საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური სამდივნოს უფროსი. რევაზ შენგელია ის კაცია, რომელიც მთელი ამ წლების განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა თავის საქმეს და მის პროფესიონალიზმში სფფ-ის არც ერთ ხელმძღვანელობას არ შეუტანია ეჭვი. ასეა, როცა კაცმა თავისი საქმე კარგად იცის.

დავაკონკრეტოთ: პირველი წიგნის (1992) თანაავტორი გაზეთ შემდგომში `სარბიელის~ რედაქტორი ზურაბ მეძველია გახლდათ, 1993 წლიდან კი მხოლოდ რევაზ შენგელია მუშაობდა წიგნებზე.  

ახლანდელი წიგნი 208-გვერდიანია, ილუსტრირებულიცაა და სტატისტიკაც ხომ, როგორც ყოველთვის, მრავლისმომცველია. ასახულია განვლილ, 25-ე ეროვნულ ჩემპიონატში გუნდების შედეგები, მათი შემადგენლობები. ასევე, პირველ და მეორე ლიგებში, საქართველოს თასზე მონაწილე კლუბების შედეგები, თითოეული ფეხბურთელის სტატისტიკა. 

აქვეა რეტრო-განყოფილებაც, სადაც მოცემულია წინა წლებში ნაჩვენები შედეგები. წიგნის სამი მეოთხედი უშუალოდ ჩვენს ჩემპიონატს ეხება, შემდეგ კი მოცემულია საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების ოქმები, სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემი. ასევე, ევროტურნირებიც... 

ბოლო 22 გვერდი კი ეთმობა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს. წარმოდგენილია 64-ივე მატჩის ოქმი, თითოეული ნაკრების განაცხადი. 

ილია ნანობაშვილი