სიახლეები

მწვრთნელი, რომელიც მეტოქის კაპიტანზე 12 წლით უმცროსია

გაუზიარე

გორის დილა ბელგრადის პარტიზანთან მატჩისთვის მზადებას აგრძელებს. როგორც იცით, საქართველოს ჩემპიონი 14 ივლისს ბელგრადში ეთამაშება `შავ-თეთრებს~, ხოლო 21 ივლისს – გორში. ხვალინდელ საჩემპიონთალიგო მატჩს გერმანელები იმსაჯებენ, მთავარი მსაჯი ბასტიან დანკერტი იქნება. თამაში ჩვენი დროით 22:45-ზე დაიწყება. 

სამი დღეა, რაც დილამ თურქული შეკრება დაასრულა და სერბეთში გაემგზავრა. კლუბმა ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპისთვის უეფაში ფეხბურთელთა ასეთი განაცხადი გააგზავნა: 

მეკარეები: 12. ოლექსეი შევჩენკო, 30. მიხეილ მუჯრიშვილი;

მცველები: 2. დავით ხურცილავა, 13. ალან ბაგაევი, 16. დავით კვირკველია, 21. თემურ ღონღაძე, 27. გივი ქარქუზაშვილი, 49. ალექსანდრე კვახაძე, 88. გიორგი ნავალოვსკი;

ნახევარმცველები: 3. გიორგი პაპავა, 5. გუგა ფალავანდიშვილი, 7. ლუკა რაზმაძე, 8. გიორგი ილურიძე, 10. თენგიზ წიქარიძე, 19. გიორგი ერისთავი, 20. ირაკლი ძარია, 35. რომან ახალკაცი, 77. ლაშა გვალია, 90. მათე კვირკვია; 

თავდამსხმელები: 9. მიხეილ გორელიშვილი, 14. ისლამ მაშუკოვი, 15. ირაკლი მოდებაძე, 99. ოთარ მარცვალაძე.

უჩა სოსიაშვილს სერბი ჟურნალისტები გაესაუბრენ. ქართველი მწვრთნელი ამბობს, რომ პარტიზანი გამოცდილი გუნდია და ევროტურნირებზე მუდმივად გადის, მაგრამ დილას ამბიციები აქვს და იცის, როგორ უნდა ითამაშოს ბელგრადში: 
„სერბეთში ასე ადრე იმიტომ ჩამოვედით, რომ პირობებსა და კლიმატს შევეგუოთ. ბევრი დრო არ გვქონია, მაგრამ რაც ვნახეთ, ბელგრადი ძალიან მოგვეწონა. პირველი შთაბეჭდილებები ფანტასტიკურია. აქ სიამოვნებით გავატარებდი ერთ თავისუფალ დღეს, მაგრამ სამუშაო არ მაძლევს ამის საშუალებას.

... პარტიზანი დიდი კლუბია, ევროპაში ცნობილია და ისტორია არ დაეწუნება. ვიცით, რომ პარტიზანიდან უდიდეს ევროპულ კლუბებში გადასულან ფეხბურთელები. ეს არის კლუბი, რომელსაც თავისი სახე აქვს. რა მიზნები გვაქვს? რა თქმა უნდა, ორივე მატჩის მოგება გვსურს, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ პირველი თამაში ბელგრადშია, მთავარი მიზანი არწაგება იქნება. საპასუხო შეხვედრა ხომ გორში გვექნება. 

... რაც შეეხება გაძლიერებას, რვა კარგი ფეხბურთელი დავიმატეთ. ისინი მნიშვნელოვან ძალას წარმოადგენენ და ნებისმიერ მათგანს შეუძლია, მოედანზე ბევრი რამ სასიკეთოდ შეცვალოს. არ მინდა, რომელიმე გამოვარჩიო, მაგრამ ვაფასებ კლუბის ხელმძღვანელობის მიერ გაწეულ სამუშაოს. მათ მოიყვანეს ფეხბურთელები, რომლებიც მართლაც მსურდა”. 

სერბმა ჟურნალისტმა ასეთი რამ ჰკითხა 25 წლის უჩა სოსიაშვილს: - იცით, რომ პარტიზანის კაპიტან საშა ილიჩზე 12 წლით უმცროსი ხართ? 

„საშა ილიჩზე მსმენია, მაგრამ არა მგონია, ასაკი გადამწყვეტი ფაქტორი იყოს ფეხბურთის ცოდნასა და ხედვაში. მაგალითებს საკმარისად მოვიყვანდი. თუ გაქვთ იმის უნარი, როგორ შეარჩიოთ სწორად ტაქტიკა და როგორ იმუშაოთ ფეხბურთელებთან, რათა მათ საუკეთესო თვისებები გამოავლინონ, თუ იცით საფეხბურთო ელემენტები, მაშინ რა აზრი აქვს იმას, 20 წლის ხარ, 30-ის თუ 40-ის“. 

სხვათა შორის, საშა ილიჩმა პარტიზანის მაისურით ჯერ კიდევ 1998 წელს ითამაშა ქართული გუნდის წინააღმდეგ. მაშინ ბათუმის დინამო გამოთიშეს სერბებმა: ბელგრადში 2:0 მოუგეს, ბათუმში კი 0:1 წააგეს.   

რამდენიმე დღის წინ ვწერდით პარტიზანის შემადგენლობაში მომხდარ ცვლილებებზე და ახლა მოკლედ გავიმეორებთ: წამყვანი მცველი ბრანკო ილიჩი ყაზახურ ასტანაში წავიდა. ასევე, გუნდი დატოვა ჩერნოგორიის ნაკრების მცველმა ვლადიმირ ვოლკოვმა, რომელიც ბელგიურ მეხელენში გადავიდა. ნახევარდაცვაში სერიოზული დანაკლისია: ბრაზილიელი ფაბრიციო, რომელიც დიდი იმედებით გადაიბირეს ბელგრადელებმა, დაშავდა და სამეორეეტაპო განაცხადში საერთოდ არაა შეყვანილი. ნახევარდაცვას დააკლდა ცნობილი ჩერნოგორიელი ნიკოლა დრინჩიჩიც, რომელსაც უთამაშია კრასნოდარსა და მოსკოვის სპარტაკში. დრინჩიჩმა პარტიზანი ჰაიფას მაკაბიზე გაცვალა.

მწვრთნელმა ზორან მილინკოვიჩმა მეტწილად ახალგაზრდები დაიმატა. გუნდშია ბულგარელი ვალერი ბოჟინოვიც, რომელიც 30 წლისაა, თუმცა საუკეთესო წლები აშკარად უკან მოიტოვა და ამხანაგურ მატჩებშიც არ გამოუჩენია თავი. 

ერთი ცხადია, ბელგრადის სტადიონზე საოცარი გულშემატკივრობა იქნება და დილამ ამ წნეხსაც უნდა გაუძლოს.  

ილია ნანობაშვილი