სიახლეები

ქართული დროშის დაწვა, პროვოკაციული პლაკატები და სხვა ამბები

გაუზიარე

გაბალაში თბილისის დინამოს დელეგაციასთან ერთად გავემგზავრე და მიუხედავად იმისა, რომ მთელი გზის განმავლობაში დინამოს ადმინისტრაციის წარმომადგენლები და აკადემიის მწვრთნელები ოპტიმისტურად იყვნენ განწყობილნი, ერთ-ერთმა მწვრთნელმა საგულისხმო რამ თქვა: რას მოესწრო გაბალა, დინამოს ეთამაშება ევროტურნირებზე და შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შანსიც აქვსო. ვერაფერს იზამ, დღეს აზერბაიჯანული გუნდები ქართულ კლუბებზე გაცილებით მდიდრები არიან და ეს უკვე შედეგზეც შესაბამისად ისახება. ბოლო წლებში, სანამ გაბალა დინამოს გამოაგდებდა, მანამდე ორი თამაშის ჯამში ბაქოს ნეფთჩიმ ჯერ ზესტაფონს აჯობა, შემდეგ კი ჩიხურას. 

გაბალას დავუბრუნდები, პატარა ქალაქს, სადაც და პირველი, რაც ულამაზესი ბუნების შემდეგ თვალში მოგხვდება ადამიანს, ცინცხალი ინფრასტრუქტურული პროექტებია. რამდენიმე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, გაბალალენდი (ატრაქციონების თანამედროვე პარკი) და კიდევ ბევრი რამ, უმალ მიგვახვედრებს იმას, რომ ამ ტურისტულ მხარეს, რომელიც მთის ტურიზმითაა განთქმული და სტუმარი ზამთარ-ზაფხულ არ აკლია, ფინანსური პრობლემები არ აწუხებს. ანალოგიური სიტუაციაა ფეხბურთის კუთხითაც. სტადიონის მიმდებარედ იდეალურ მდგომარეობაში მყოფი რამდენიმე ბუნებრივი და ხელოვნურსაფარიანი მოედანი, მიგანიშნებთ, რომ გაბალა საფეხბურთო ქალაქია. ის ოთხიათასიანი სტადიონი კი, რომელზეც თამაში გაიმართა, ცოტა ხანში გაბალას საფეხბურთო აკადემიის კუთვნილებაში გადავა, პირველი გუნდისთვის კი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი რვაათასიანი სტადიონი შენდება. ეს ყველაფერი, ადრე თუ გვიან შედეგს აუცილებლად გამოიღებს, მაგრამ ჩემი მოკრძალებული აზრით, ამხელა ფინანსური რესურსით გაცილებით მეტის გაკეთება და უკეთესი შედეგის მიღება შეიძლებოდა.

ახლა უშუალოდ სტადიონზე არსებულ სიტუაციაზე მოგახსენებთ. თავიდანვე უნდა ვთქვა, რომ რამდენ სტადიონზეც ნამყოფი ვარ, არსად მინახავს, რომ მანდილოსნები ასეთ უმცირესობაში ყოფილიყვნენ ტრიბუნებზე. მიუხედავად იმისა, რომ დინამო სტუმარი იყო, მის საქომაგოდ ჩასული გოგონების რიცხვი ადგილობრივებზე ნაკლები ნამდვილად არ იყო და ეს კიდევ ერთი მეტყველი ფაქტია, ჩვენს შორის არსებული მენტალური თუ კულტურული სხვაობისა. 

თამაშის დაწყებამდე ლეგენდარულმა ტონი ადამსმა, არსენალისა და ინგლისის ნაკრების ექს-კაპიტანმა, ამჟამად კი გაბალას დირექტორმა, ადგილობრივი სტადიონის მომვლელები დააჯილდოვა, რომლებიც სტაჟირებაზე ინგლისში იყვნენ მივლენილნი. ანუ კლუბს შეუძლია არა მხოლოდ დაასაქმოს ინგლისური ფეხბურთის ლეგენდა, არამედ, ბალახის მომვლელ სტაფსაც კი გამოცდილების მისაღებად დროდადრო ბრიტანეთში აგზავნის. შეგახსენებთ, გაბალა 2005 წელს შეიქმნა. ახალგაზრდა, სულ ათიოდე წლის კლუბს აქამდე ევროტურნირების არც ერთი ეტაპი არ ჰქონდა გადალახული.  

ადგილობრივი გულშემატკივარი საოცრად დამუხტული იყო და მთელი შეხვედრის განმავლობაში თავის ფეხბურთელებს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა, ეს სავსებით ბუნებრივი და მისასალმებელიც კია, მაგრამ მასპინძლებს იმას ნამდვილად ვერ შევუქებთ, რომ სტუმართა მიმართ მთელი ოთხმოცდაათი წუთის განმავლობაში აგრესიულად იქცეოდნენ. პირველი ტაიმის მიმდინარეობისას ჯერ იყო და აზერბაიჯანის რუქა გამოფინეს, სადაც კახი და საინგილო საგანგებოდ იყო გამოყოფილი. შემდეგ კი უკვე ბანერები ააფრიალეს, რომლებიც გვამცნობდა, რომ თურმე ბორჩალოს მხარედ წოდებული მარნეული, დმანისი, ბოლნისი და რუსთავიც კი აზერბაიჯანს ეკუთვნის. შეიძლება ვინმემ ის თქვას, რომ ანალოგიური ხასიათის პროვოკაციული ბანერები თბილისშიც აფრიალდა, დინამოს გულშემატკივრების ხელით, მაგრამ, თუკი მაშინ ქართველმა სამართალდამცავებმა ეს ბანერები მალევე აიღეს,  გაბალაში უსაფრთხოების წარმომადგენლები ძალიან პასირად გაისარჯნენ და კარგა ხნის განმავლობაში აძლევდნენ ადგილობრივ ქომაგებს ამ ბანერებით თავის მოწონების საშუალება.

მეორე ტაიმში კი უკვე საქართველოს დროშა დაწვეს, მართლაც საშინელი სანახავია, როდესაც შენი ქვეყნის დროშა იწვის და ეს ვიღაცას ახარებს. ამის დანახვაზე სტადიონზე მყოფი ქართველებს სიმწრისგან ერთადერთი ის შეგვეძლო რომ კიდევ უფრო ძლიერად გვექომაგა დინამოსთვის. არც ამ ფაქტზე ჰქონიათ ადგილობრივ სამართალდამცავებს შესაბამისი რეაქცია და  ამის გამკეთებელ გულშემატკივრებს სტადიონიც კი არ დაატოვებინეს, არადა ამ ვანდალური აქტის ჩამდენნი სულაც არ მალავდნენ თავიანთ სახეს და ამ პატარა სტადიონზე მათი ამოცნობა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენდა. ყველაზე გასაოცარი კი ადგილობრივი ჟურნალისტების ქმედება იყო. ხაზგასმით უნდა ვთქვა, რომ თბილისური შეხვედრის დროს, ქართველ მასმედიის წარმომადგენლებს, როგორც ყოველთვის, არც ახლა შეშლიათ რაიმე უცხოელ კოლეგებთან ურთიერთობაში და ამიტომ, მათი აგრესია უბრალოდ გაუგებარი და აუხსნელია. მთელი მატჩის განმავლობაში ისინი საკმაოდ გამომწვევად იქცეოდნენ, მაგრამ ჩემი კოლეგები საკუთარი ნერვების ფასად ახერხებდნენ იმას, რომ მასპინძლების პროვოკაციას არ აჰყოლოდნენ, თუმცა, მაშინ, როდესაც გაბალს გოლის შემდეგ მათ უბრალოდ სცადეს ჩვენი წყლით გაწუწვა, ხელჩართულ ჩხუბს წინ უკვე აღარაფერი ედგა და სწორედ ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც აზერბაიჯანელი სამართალდამცავები დროულად ჩაერივნენ და კონფლიქტი თავიდან არიდება შეძლეს. არ შეიძლება არ ვთქვა, რომ ამ ეპიზოდში ძალიან ღირსეულად და ადეკვატურად მოიქცა დინამოს პრესატაშე გიორგი ფირცხელანი და საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ჟურნალისტებში შორის ფიზიკური დაპირისპირება არ მოხდა.

მატჩის შემდეგ კი დინამოს უსაფრთხოების წარმომადგენლების ოპერატიულობის წყალობით, რომლებისგანაც აზრბაჯანელებს მართლაც ბევრი აქვთ სასწავლი, გაბალას სტადიონის ტერიტორია მალევე დავტოვეთ და საკმაოდ დიდი მანძილზე ადგილობრივმა პოლიციამ გაგვაცილა. ბოლო უსიამოვნო ინციდენტი კი დინამოს ფანკლუბის ავტობუსისთვის მინის ჩამტვრევა იყო. აზერბაიჯანიდან დამარცხებულები და იმედგაცრუებულები ვბრუნდებოდით, იქ კი ძალიან დიდ სიხარულს ვტოვებდით. აზერბაიჯანელები დინამოს ბარიერის გადალახვამ, ძალიან გაახარა... როგორი დაფინანსებაც არ უნდა ჰქონდეს, გაბალა ვერასოდეს იყიდის იმას, რაც თბილისის დინამოს გააჩნია: ესაა ისტორია და ტრადიცია. მით უფრო დასანანი იყო ჩვენთვის ქართული კლუბის გამოთიშვა პირველსავე ეტაპზე.

პაატა ძნელაძე