სიახლეები

სუპერ თასის ბილეთების გაყიდვა - შეჯამება

გაუზიარე

სუპერ თასის ბილეთების გაყიდვის პროცესი საჯარო წესით დღეს დასრულდა და გვსურს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ყველა იმ გულშემატკივარს, რომელთაც არა ერთი საათი გაატარეს დამღლელ რიგში ბილეთის შეძენის მოლოდინში.

ათასობით ქართველმა აჩვენა მთელს ქვეყანას, რომ ფეხბურთი და კონკრეტულად უეფას სუპერ თასის მატჩი არ არის რიგითი სპორტული ღონისძიება, რომლის მიმართაც ინტერესი მხოლოდ ამ სფეროს წარმომადგენლებს შეიძლება ჰქონდეთ. სხვადასხვა პროფესიის, ასაკის, სქესისა და ეროვნების ადამიანებმა გასაოცარი მოთმინებითა და წესრიგის დაცვით გაიარეს ყველა საჭირო პროცედურა და მატჩის ბილეთების მფლობელები გახდნენ.

ჩვენი დიდი სურვილის მიუხედავად, მატჩზე დასასწრები ბილეთი ყველა მსურველს შეხვედროდა რთულ მისიად იქცა, რადგან შეუძლებელია იმხელა სტადიონის მოძიება, სადაც ყველა გულშემატკივარი შეძლებს მოხვედრას. მიუხედავად 22 ათასი იღბლიანისა სამწუხაროდ არიან ისეთი გულშემატკივრებიც, რომლემიც უბილეთოდ დარჩნენ.

სალაროებში ბილეთების გაყიდვის პროცესს აკვირდებოდა დამოუკიდებელი კომისია, რომლის შემადგენლობაში მერიის, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები შედიოდნენ. ისინი მთელი ღამის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდნენ გაყიდვების პროცესის ნორმალურად წარმართვისთვის.

ბილეთების გაყიდვის პროცესში, სრულ პერიმეტრზე რიგის მოწესრიგების, ადგილზე უსაფრთხოების ნორმების დაცვისა და სხვადასხვა ექსცესების აღმოსაფხვრელად მუშაობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, რომელთა თავდაუზოგავი შრომის შედეგად  შესაძლებელი გადა მრავალათასიანი რიგის მართვა.

ამ დღეს ჩვენთან ერთად იყვნენ მედიის წარმომადგენლებიც, რომლებიც 12 ივლისი დილიდან,  უწყვეტ რეჟიმში აშუქებდა ბილეთების გაყიდვის პროცესს. მთელი დღისა და ღამის განმავლობაში, მათი მეშვეობით, საზოგადოება სრულყოფილად იყო ინფორმირებული გაყიდვების პროცესისა და მიმდინარე მოვლენების შესახებ, რისთვისაც ყველა მედიასაშუალებას დიდ მადლობას ვუხდით.

და ბოლოს, სუპერ თასის მატჩის ბილეთების გაყიდვის პროცესმა და საერთო ეროვნულმა ჩართულობამ კიდევ ერთხელ ცხადი გახადა, რომ ეს დიდი მატჩი სცილდება რომელიმე ერთი ორგანიზაციის პასუხისმგებლობის სფეროს და მისი ღირსეულად ჩატარება მხოლოდ სრულიად კონსოლიდირებული ეროვნული,  სახალხო ჩართულობისა და მონდომების შედეგად არის შესაძლებელი.

სფფ-ის პრესსამსახური