სიახლეები

ორი წელი ტრამპლინზე - გიორგი მერებაშვილი ბერძნულ ვერიაში გადავიდა

გაუზიარე

გიორგი მერებაშვილი, ვინც ბოლოს ბერძნულ ოფიში თამაშობდა და ექვსი თვე ხელფასი არ აეღო, კარიერას ისევ საბერძნეთში, ოღონდ ვერიაში გააგრძელებს. 28 წლის ქართველმა ფორვარდმა ვერიასთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ოჯახთან ერთად უკვე საბერძნეთში გადაბარგდა და ახალ გუნდთან ერთად სრული დატვირთვით მზადებასაც შეუდგა. 

გიორგის გუშინ მორიგ ვარჯიშზე ეჩქარებოდა, თუმცა ორიოდ წუთი მაინც დაგვითმო... 

ვერიაში ძალიან თბილად შემხვდნენ. აღმოჩნდა, რომ კლუბში ჩემ შესახებ ბევრი იცოდნენ. კარგი, შეკრული და მეგობრული გუნდი ჩანს. ვერიას მწვრთნელი ხოსე გრანერო წინა სეზონში პაოკის მწვრთნელის თანაშემწე გახლდათ და მას ოფიდან ვახსოვდი. მითხრა, რომ ჩემი და გიორგი ლორიას გადაბირება პაოკს წინა სეზონის დასრულებისთანავე სურდა, მაგრამ, გარკვეული პრობლემების გამო ეს არ გამოვიდაო. ახლა ვერიას დირექტორი საბერძნეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ზისის ვრიზასია. წინა სეზონში ისიც პაოკში მუშაობდა და ვერიაში გრანეროსთან ერთად მოვიდა. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ახლა ვერიას ფეხბურთელი ვარ. 

რა გუნდია ვერია? დიდი ამბიციებისა არ ჩანს...

მართალი ხართ, მოკრძალებული მიზნები გვაქვს, უფრო სწორად, რაიმე გამოკვეთილი მიზანი არ გვაქვს, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არავის უთქვამს, წლეულს გუნდმა კონკრეტულად რისთვის უნდა ითამაშოს. ვფიქრობ, ვერიას ლიდერთა შორის ვერც მომავალ სეზონში ვნახავთ, ალბათ, უფრო ცხრილის შუაში ვიტრიალებთ. როგორც ოფი, ასე ვთქვათ, ვერიაც სატრმპლინო გუნდია. აქ დიდ მიზნებზე პრეტენზია არ აქვთ. ვერიას ფეხბურთელი თავს თუ კარგად წარმოაჩენს, ხელმძღვანელობა მას არც ისე დიდ ფასად გაყიდის. საბერძნეთის კვალობაზე ვერია საშუალო დონის გუნდად ითვლება. 

საბერძნეთში არსებული ფინანსური კრიზისი შენს კონტრაქტზე ხომ არ იმოქმედებს?

არა, საბერძნეთში ლეგიონერებზე ფინანსური პრობლემები თითქმის არ მოქმედებს, ადგილობრივ მოსახლეობას კი ძალიან უჭირს. ბანკები დაკეტილია და ხალხი ნერვიულობს. დღეს რაღაც საიმედო ცნობები გაჩნდა და მოსახლეობაც უფრო იმედიანად გამოიყურება. 

ვერიას მწვრთნელი და დირექტორი წინა სეზონში პაოკში საქმიანობდნენო...

როგორც შევატყვე, ვერიასა და პაოკს ახლო ურთიერთობა აქვთ და კლუბის მუშაკებითა თუ ფეხბურთელებით ერთმანეთს ხშირად ეხმარებიან. ვერიაში ახლები მხოლოდ მწვრთნელი და დირექტორი არ არიან, ვერია თითქმის მთლიანად ახალი გუნდია, წინა სეზონიდან გუნდს სულ რამდენიმე კაცი შემორჩა. 

ახალი სეზონისთის მზადება უკვე დაიწყე?

დიახ, რამდენიმე დღის წინ განვაახლეთ მზადება. მთელი დატვირთვით ვვარჯიშობთ, 20 ივლისიდან კი შეკრებაზე მივემგზავრებით ჰოლანდიაში. 
                             
კობა ინასარიძე