სიახლეები

ილიჩი გვიფრთხის, სხვები ზემოდან იყურებიან

გაუზიარე

ევროპის ლიგა ჩვენთვის დასრულებულია, დღეს კი ჩემპიონთა ლიგაზე გადავერთვებით. დღეს ბელგრადის 32 000-იან „ინა სტადიონზე“ (ინა - იუგოსლავიის სახალხო არმია) გორის დილა პარტიზანს შეხვდება. საქართველოს ჩემპიონის მოსამზადებელ პროცესზე გუშინდელ ნომერში ვწერდით და გუნდის განაცხადსაც ნახავდით. გუშინ დილამ `ინა სტადიონზე~ ივარჯიშა.

გუშინვე, ცხადია, პრესკონფერენციაც იყო. სოსიაშვილის ნაუბარი გუშინაც შემოგთავაზეთ და დილას მწვრთნელს მნიშვნელოვანი სიახლე არ უთქვამს. სოსიაშვილმა შეაქო პარტიზანი, მათ დიდ ისტორიას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დილას ფეხბუღთელები მზად არიან თამაშისთვის და იმ ატმოსფეროსთვისაც, რაც ელით ბელგრადის სტადიონზე.

სოსიაშვილმა, რომელსაც სერბები დიდ ყურადღებას უთმობენ ასაკის გამო (25 წლის), განაცხადა, რომ გუნდი კარგ პირობებში მოემზადა. 

„დასაწუნი არაფერი გვაქვს. რაც შეეხება მატჩს, იმედი მაქვს, არ წავაგებთ. არწაგება კი მშვენიერი იქნება ჩვენთვის. პარტიზანს ხარისხიანი ფეხბურთელები ჰყავს, გამოცდილი და დაბალანსებული გუნდია. განსაკუთრებით ვერც ერთ ფეხბურთელს ვერ გამოვარჩევ, რადგან, რაც ვნახე, პარტიზანი გუნდურადაა ძლიერი. დილაზე კი, გასაგები მიზეზების გამო, ბევრს არ ვილაპარაკებ. ხვალ თამაშია და იქ გამოჩნდება“.

პარტიზანი: იუგოსლავიის 11-გზის, სერბეთ-ჩერნოგორიის 8-გზისა და სერბეთის 7-გზის ჩემპიონი. პარტიზანმა 2008 წლიდან მოყოლებული, აბსოლუტურად ყოველ წელს მოიგო ჩემპიონობა ერთის გარდა. 2014 წელს ცრვენა ზვეზდამ გაუსწრო. 

შეგახსენებთ, ბელგრადელებმა შარშან ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე ფარერების ტორსჰავნი გამოთიშეს (3:0, 3:1), მერე ბულგარულ ლუდოგორეცთან გავარდნენ (0:0, 2:2) და გადაერთვნენ ევროპის ლიგაზე, სადაც ბაქოს ნეფთჩის აჯობეს (3:2, 2:1) და ჯგუფში შევიდნენ, იქ კი ექვს მატჩში მხოლოდ ორი ქულა აიღეს, მათ შორის ერთი ტოტენჰემთან. `მამლების~ გარდა, ჯგუფში მეტოქეებად ბერძნული ასტერასი და თურქული ბეშიქთაში ჰყავდათ. ექვს შეხვედრაში პარტიზანებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს. 

სხვათა შორის, შარშანდლისა არ იყოს, პარტიზანი შარშანწინაც ლუდოგორეცმა გამოთიშა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციოდან, ხოლო სამი წლის წინ კვიპროსულ აელ ლიმასოლთან გავარდნენ. 

პარტიზანი მხოლოდ ერთხელ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე, ეს მოხდა 2003-2004 წლების სეზონში. მაშინ ნიუკასლიც კი გამოთიშეს ტურნირს, ხოლო ჯგუფში რეალთან, პორტუსთან და მარსელთან მოხვდნენ - შინ სამივეს ფრედ ეთამაშნენ, გასვლაზე კი სამივეჯერ წააგეს. ეს მაინც ისტორიაა და დღევანდელობასთან შეხება ნაკლებად აქვს, მაგრამ ფაქტად მოვიყვანეთ. 

სტეფან ბაბოვიჩი (პარტიზანის ნახევარმცველი): „ვიცით, რა კლუბს წარმოვაგდენთ. ჩვენი გერბი გვეამაყება. მინიმუმ ორი ბურთის სხვაობით უნდა მოვიგოთ და ასეც იქნება! ქართველებმა არ იციან, თუ რა ატმოსფერო იქნება ტრიბუნებზე, საიდანაც „გრობარისგან“ დიდი მხარდაჭერა გვექნება“. 

„გრობარი“ (ქართულად მესაფლავეებს ნიშნავს) პარტიზანის ფანებს ჰქვიათ. ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩევიან, სერბეთშიც კი გამორჩეულნი არიან. 

როდესაც პარტიზანის ფანებმა გაიგეს, დილას სტადიონი 5000 კაცს იტევსო, სასაცილოდ არ ეყოთ. ისე, დილას არც სპლიტის ჰაიდუკისთვის უმასპინძლია „მარაკანაზე“ ან „უემბლიზე“, მაგრამ ორივე შეხვედრა მოუგო ხორვატებს.    

ბაბოვიჩისგან სრულიად საპირისპიროს ამბობს საშა ილიჩი (პარტიზანის ნახევარმცველი, კაპიტანი): „სერბეთის ჩემპიონატი ევროპაში საუკეთესო ნამდვილად არაა და არც გვაქვს საქმე ისე დალხინებულად, რომ ვინმეს ზემოდან ვუყუროთ. დილასაც, ჩვენს მსგავსად, ნაკრების ფეხბურთელები ჰყავს. ასე რომ, სიფრთხილე გვმართებს და მეტოქე უნდა დავაფასოთ“. 

სლავკო მარიჩი (სერბი ფეხბურთელი, რომელიც გასულ სეზონში დილაში გახლდათ) ამბობს, რომ, თუ პარტიზანის ქომაგები გორში ჩავლენ, სერბული კლუბი თავს შინ იგრძნობს: 

„დილას პატარა სტადიონი აქვს. მოედანი იდეალური არაა და ძალიან ცხელა. დილას არ ჰყავს ორგანიზებული ფანობა და ამიტომ ტრიბუნებზე უფრო თეატრალური განწყობაა. ასე რომ, თუ „გრობარი“ ჩავა გორში, პარტიზანი თავს ისე იგრძნობს, როგორც საკუთარ სახლში“.   

მარიჩი პარტიზანს უდავო ფავორიტად მიიჩნევს: „მეტოქე უნდა დავაფასოთ, მაგრამ კლასში აშკარა სხვაობაა. პარტიზანი უკეთესი გუნდია. გამორჩეული ფეხბურთელები? ასეთი სამია: ილურიძე, მარცვალაძე და მოდებაძე, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. დილა საშიშია კონტრშეტევებისას და სწრაფად თამაში შეუძლია. საქართველოს ჩემპიონატი აშკარად უფრო სუსტია, ვიდრე სერბეთის. რამდენიმე წლის წინ იქაც დიდი ფული იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში კლუბების ბიუჯეტი მნიშვნელოვნად მცირდება და დონეც ეცემა“. 

პარტიზანის სავარაუდო ძირითადი შემადგენლობა: ჟივკოვიჩი, ვულიჩევიჩი, ბალაჟიჩი, ჩირკოვიჩი, პეტროვიჩი, ბრასანაცი, იევტოვიჩი, ნინკოვიჩი, უმარუ, ბაბოვიჩი, ბოჟინოვი. 

დილას სავარაუდო თერთმეტეული: შევჩენკო, ხურცილავა, პაპავა, კვახაძე, კვირკველია, ნავალოვსკი, რაზმაძე, ფალავანდიშვილი, გვალია, ილურიძე, მოდებაძე.

დილას ყველა ფეხბურთელი მწყობრში ჰყავს. გამოჯანმრთელდა გიორგი ილურიძეც და გუნდთან ერთად ვარჯიშობს. დილა აქამდე ერთხელ შეხვედრია პოსტიუგოსლავიურ კლუბს და უკვე ვახსენეთ კიდეც სპლიტის ჰაიდუკი - ორი წლის წინ გორელებმა ორივე მატჩი მოუგეს (1:0, 1:0) ხორვატებს და იმედი დავიტოვოთ, რომ ამჯერადაც კარგად წავა საქმე. მართალია, პარტიზანი ფავორიტია, მაგრამ დილა უშანსოდააო, ვერავინ იტყვის...

შეგახსენებთ, მატჩი ბელგრადში თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება და მთავარი მსაჯი გერმანელი ბასტიან დანკერტი იქნება.   

ილია ნანობაშვილი